ფიქრის დრო

ცოტა ხნის წინ წავაწყდი ამ ქარდს… ამაზე მეც ხშირად მიფიქრია.

if-i-didnt-think-sylvia-plath-quote

ბოლო დღეებში ჩემს თავს ფიქრი ავუკრძალე. “რატომ”, “როგორ”… “იქნებ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი?”… ვუბრუნდებოდი კონკრეტულ მომენტებს უახლოესი წარსულიდან და ისტორიას ვცვლიდი… ამ ყველაფერს კი მხოლოდ დეპრესიისკენ მივყავდი. ამიტომ, უბრალოდ ავდექი და ფიქრი შევწყვიტე.

რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ შევწყვიტე ფიქრი იმ თემაზე, რაც უსიამოვნო ემოციებს იწვევს ჩემში. როგორც კი მასთან დაკავშირებული რომელიმე მოგონება ამომიტივტივდება, მაშინვე სხვა რამეს ან ვინმეს ვიხსენებ და ასე ვირთობ თავს.

ბერლინელი არტპარაზიტებისგან ერთი რჩევაც მივიღე და ვცდილობ ზედმიწევნით შევასრულო:

Let go of all the memories, until all that is left is the feeling that you’ve forgotten something but you can’t remember what it is.

ვცდილობ ისევ თავიდან შევიყვარო ჩემი თავი, ამიტომ ახლა დროს ვერ ვუთმობ ახალ ადამიანებს. დავიღალე და დასვენება მინდა, არ მაქვს იმის ენერგია, რომ ვინმე გავიცნო, ვინმეს გავუღიმო, ველაპარაკო, მოვუსმინო… ახალ სერიალებსაც კი ვერ ვუყურებ და ამიტომ “სასოწარკვეთილ დიასახლისებს” დავუბრუნდი.

ბოლოს 2 დღის წინ ვიტირე… ვარჯიშზე მივდიოდი და უცბად, ქუჩაში ფეხი გადამიბრუნდა. უკვე მეოთხედ ვიღრძე ეს კოჭი და ახლა წოლითი რეჟიმი მაქვს. იმ მომენტში თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე მოვთქვამდი, ყველაფერი ცუდი რატომ მემართება-მეთქი…

მართლაც, წარმოიდგინეთ – გარეთ მზიანი, თბილი შემოდგომაა… თანაც ვიქენდს დასვენების +1 დღე მიება… ასპრიას აბონიმენტში 110 ლარი გადავიხადე და მხოლოდ 2-ჯერ მოვასწარი მისვლა. ახლა, ვინ იცის, როდის შევძლებ ვარჯიშს… ამასობაში, იქნებ ვადაც გაუვიდეს.

ხომ არ იცით, მართლა არსებობს ეს “შავი პალასა”? და თუ კი, როდემდე გრძელდება?

 

 

 

იოცნებე ხმამაღლა

დღეს, როცა თავში ეს სიტყვები მომივიდა, ვიფიქრე, იქნებ სადმე წამიკითხავს-მეთქი და დავგუგლე. ასე გადავაწყდი პოსტს, სადაც წერია, რომ თურმე ხმამაღლა კი არა, ჩუმად უნდა ვიოცნებოთ. ცოტათი მეწყინა და წამის მეასედში ისიც კი ვიფიქრე, ხელი ხომ არ ჩავიქნიო-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი გამოცდილება გამახსენდა. ბევრჯერ მითქვამს რაღაც, ოცნებასაც ვერ დაარქმევ… მითქვამს და მერე თავისით ამსრულებია.  ოღონდ ამის შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ოცნების დროს ცოტათი ფრთხილად უნდა იყო. (აუ, რა ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვა “მეოცნებე” უკვე პოლიტიკურ ტერმინად იქცა :( ) …

მოკლედ, ასე, ვიჯექი ჩემს ოთახში, ფანჯარა გაღებული მქონდა და ძალიან მინდოდა ცის დანახვა, მაგრამ პირველ სართულზე ვცხოვრობ და თუ თავი ბოლომდე არ გაყავი, მეზობლის ფანჯრების მეტს ვერაფერსაც ვერ დაინახავ. მე კი მინდა ჩემი ოთახის ფანჯრიდან ცა ჩანდეს. აი, ისეთი ცა, როგორიც თბილისში აღარ არსებობს.

ერთი ოცნების სახლი არ მაქვს, ეტაპებადაა დაყოფილი. პირველ რიგში მოდის ჩემი ბინა, რომელიც აუცილებლად მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზეა. ძალიან პატარაა, შეიძლება ერთოთახიანიც კი. იმდენად მაღლაა, რომ ქალაქის ხმაური ძნელად აღწევს და ღამით მსიამოვნებს კიდეც სადღაც შორს ჩავლილი მანქანების ხმა. შუქი ძირითადად ჩამქვარალი მაქვს ხოლმე. ასე ელექტროენერგიასაც დავზოგავ და აციმციმებული ქალაქის ხედითაც უკეთესად დავტკბები. საერთოდ, ღამით თბილისიც კი მელამაზება.

ნეტავ მარტო თუ ვიგრძნობ ხოლმე თავს? ალბათ, ხანდახან… მაგრამ ხანდახან ახლაც მარტო ვარ, მაშინ როცა ოჯახში კიდევ 4 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა უამრავი მეგობარი მყავს… მაშინაც კი ვიყავი ხოლმე მარტო, როცა გვერდზე საყვარელი ადამიანი მყავდა.

მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება. მე და ერთი ბიჭი, რომელსაც ვეყვარები ისეთი, როგორიც ვარ და რომელიც მეყვარება ისე, როგორც არავინ, ერთად ცხოვრებას გადავწყვეტთ. მერე ერთი საერთო ოცნებაც გაგვიჩნდება და ავისრულებთ კიდეც – დავიწყებთ ჩვენი სახლის შენებას. ეს სახლი, ალბათ, სადმე ქალაქგარეთ იქნება, ოღონდ არც ისე შორს თბილისიდან.

ჩვენით შევღებავთ კედლებს, ავაწყობთ ავეჯს, დავრგავთ ყვავილებს… შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდეს, იმაზე უფრო შრომატევადი და ძვირი სიამოვნება აღმოჩნდეს, ვიდრე ველოდით, მაგრამ არ გავჩერდებით და გვექნება ჩვენი სახლი, სადაც ბედნიერები ვიქნებით. სადაც შაბათ-კვირას ჩვენს მეგობრებს ყველაზე მეტად ეყვარებათ ხოლმე ამოსვლა და ჩვენთან ერთად ყოფნა. სადაც წინასწარ იქნება გამოყოფილი ოთახები ბავშვებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი შვილი გვეყოლება. ნუ, ბევრი, რა… 3-4 მაინც.

კიდევ ერთი საოცნებო სახლი მქონდა ადრე, მაგრამ ეს ოცნება 2 წლის წინ ამიხდა – მინდოდა საზღვარგარეთ მეცხოვრა flatmate-ებთან ერთად. ისე ხანდახან კიდევ მინდა ხოლმე წასვლა, სასწავლებლად ან სამუშაოდ, მაგრამ ეს ჩემი ოცნება აღარ არის, რადგან გარკვეულწილად უკვე გამოვლილი ეტაპია.

ჰო, კიდევ რაც მინდა რომ ვაკეთო, წიგნების წერაა… ვიცი, ერთ დღეს აუცილებლად დავიწყებ. არ ვიცი, ეს იქნება თუ არა ჩემი ძირითადი სამსახური… ალბათ, არა. მაგრამ ჯერ წარმოდგენა მიჭირს რა გზას დავადგები. რაც არ უნდა იყოს, ვოცნებობ რომ ძალიან მიყვარდეს ჩემი საქმე და პროფესია. მხოლოდ ფულის გულისთვის მუშაობა არ მინდა. მინდა ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდე.

ვნახოთ… ვნახოთ, რა იქნება წლების შემდეგ… აუცილებლად მოვუბრუნდები ამ პოსტს, ისევე როგორც ახლა ვუბრუნდები ჩემს ძველ ნაწერებს და ხანდახან მე თვითონაც მიკვირს, ისეთ დამთხვევებს აღმოვაჩენ ხოლმე.

… more than myself

ჩემი ბოლო ჩანაწერიდან თითქმის 2 თვე გავიდა.

ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ახლა მოცემულობა ისევ იგივეა. მოკლედ მოგიყვებით რას ვაკეთებდი უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში.

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან ახლადდაწყებული ურთიერთობა, რომელიც ძალიან მომწონდა და მაბედნიერებდა, ამერ-დამერია. მთელი ჩემი ენერგია შევალიე ამ ყველაფრის დალაგებას. მეგობრები მაფრთხილებდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ვნანობ, რომ ვცადე.

შემდეგი ერთი თვე ყველაფერი კარგად იყო. ბლოგზე საწერად ვერც კი ვიცლიდი იმდენად ვიყავი გადართული ამ ყველაფერზე, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გაგრძელდა. საერთოდ, პირველად მომიწია ეჭვიან ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ამის დაძლევა და გადალახვა.

ვერავინ მცნობდა, გაკვირვებულები იყვნენ, როგორ შევიცვალე, მაგრამ მე ვფიქრობდი რომ მიღირდა ეს უმნიშვნელო ცვლილებები. თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი.

samanta quote

ვიცი, რომ ახლა წინ ცოტა რთული პერიოდი მელის, რადგან ურთიერთობის დასრულებასთან ერთად, უმუშევარიც ვარ. ბასტი-ბუბუდან სექტემბრის დასაწყისში წამოვედი, TV11-ში კი ჩვენი სერიალი დროზე ადრე დასრულდა. იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება – უმუშევრობას ვგულისხმობ, თორემ single სტატუსი დიდად არ მაშინებს. პირიქით, ვხვდები, რომ მაგ კუთხით აუცილებლად მჭირდება დასვენება და დიდი პაუზა.

ჰო, მართლა, კიდევ ერთი ახალი სტატუსი, რაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა – კიდევ ერთხელ გავხდი სტუდენტი, ამჟამად მაგისტრატურის, თუმცა ესეც დიდი გაუგებრობაა, რომელშიც რატომ გავყავი თავი, ჯერ ვერ ვხვდები. 1 თვეა სწავლა დაიწყო და მხოლოდ 1 ლექციას დავესწარი. არავის დაუძალებია, მაგრამ ბოლომდე ჩემი სურვილიც არ ყოფილა.

სხვათა შორის, დღეს ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. იმ უხილავ და თავსმოხვეულ გავლენებზე, რომლებიც ხშირად ძალიან მნიშვნელოვან და ხანდახან საბედისწერო არჩევანსაც გვაკეთებინებენ. ბევრჯერ დამიხუჭავს რაღაცაზე თვალი, ბევრჯერ მომისმენია ჩემში ჩაბუდებული “დედაჩემისთვის”, “ნათესავისთვის”, “მეგობრისთვის”… რაღაც მომენტში ისე მიხარია, რომ ამ ყველაფერს ვაცნობიერებ – ე.ი. ვიზრდები. ხომ ასეა?

თან ახლა რაღაც უცნაურ ასაკში ვარ. თითქმის 24 წლის – ხანდახან ძალიან პატარა მგონია ჩემი თავი, ხან კი პანიკა მიპყრობს და შიგნით ათასი თამთა დამირბის, თავში ხელს ირტყამენ, თვალებს გიჟებივით აცეცებენ და მინიონების ხმაზე რაღაცეებს ყვირიან. შეიძლება ეს ათასი თამთაც სინამდვილეში თამთები კი არა “დედაჩემი”, “ნათესავები”, “მეგობრები”, “მეზობლები”, “მედია” და ათასი სხვა ვიღაც არიან.

მოკლედ, ისევ და ისევ თვითგამორკვევის პროცესში ვარ. ალბათ, ეს არც არასოდეს დასრულდება. არც ვიცი, მინდა კი რომ დასრულდეს?