24

 

გუშინ ღამით ვიწექი და გასულ წელზე ვფიქრობდი. ნელ-ნელა მახსენდებოდა რაღაც ფაქტები და მიკვირდა – აუ, ესეც წელს მოხდა? არადა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხანი გავიდა და უკვე მავიწყდებოდა კიდეც.

მოკლედ, სულ რამდენიმე წუთში 24 წლის ვხდები და რადგან ახალი წელიც კარს მოგვადგა, ტრადიციულად ვიწყებ 2015-ის შეჯამებას.

ზუსტად 2 წლის წინ დავწერე ეს ძალიან გრძელი პოსტი , სადაც ვამტკიცებ რომ 2013 ძალიან ნაყოფიერი და მრავალფეროვანი წელი აღმოჩნდა ჩემთვის. ჰოდა, ასე გაგრძელდა 20142015-შიც, მაგრამ წელს, ისევე როგორც შარშან, სიცარიელის და დაღლილობის შეგრძნება არ მტოვებს.

ვიცი, რომ არიან ადამიანები და მათი ყოველი დღე ერთმანეთს გავს. წლები ჭირდებათ რაღაცის შესაცვლელად – თმის ვარცხნილობიდან დაწყებული, სამსახურით დამთავრებული. ჩემთან კი გამუდმებით სიახლეა და, ალბათ, ეს გაცილებით საინტერესოა, მაგრამ ცოტათი დამღლელიც… იმიტომ, რომ ხშირად ეს ცვლილებები არც ისე უმტკივნეულოა.

  • მოგზაურობა

სულ ვიძახი, საქართველო უნდა შემოვიარო მეთქი, მაგრამ ეგ გეგმა ვერც წელს შევასრულე, სამაგიეროდ 4 ქვეყანაში ვიყავი: სომხეთში და საფრანგეთში – პირველად, უნგრეთში და ჩეხეთში – განმეორებით. თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ევროტურის ბილეთები საკუთარი ფულით ვიყიდე და ამით ვამაყობ, რადგან პირველად გავუკეთე ჩემს თავს ასეთი საჩუქარი.

  • კარიერა

წლის დასაწყისიდან ზაფხულამდე ბასტი-ბუბუში ვმუშაობდი. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, პატარებთან ურთიერთობა და გადაღებები. ამავე პერიოდში, პარალელურად ვმართავდი სათამაშოების მაღაზიის facebook-ს… მოკლედ, მთელი თავით საბავშვო ინდუსტრიაში ვიყავი გადავარდნილი :D ერთ დღეს კი ვიფიქრე, სცენარისტობა ხომ არ მეცადა მეთქი. ამ ამბიდან ზუსტად ერთ კვირაში facebook-ზე ძველმა ნაცნობმა დამამატა და მკითხა – “სცენარისტობით ხომ არ ხარ დაინტერესებულიო”? მოკლედ, ასე აღმოვჩნდი TV11-ში, სადაც 3 თვე გავატარე. ოქტომბრის ბოლოს სცენარის წერას მოვრჩით და მეც “დროებით უმუშევარი” ვიყავი, თუმცა ახლა უკვე 1 კვირაა, რაც ახალი სამსახური დავიწყე.

  • წლის highlight

გადახედეთ ამ პოსტს <3

  • ურთიერთობები: მეგობრები და soulmate

ჰო, წელს ახალი მეგობრებიც შევიძინე. რა საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი? ხომ ამბობენ, რაც უფრო იზრდები ადამიანი, უფრო და უფრო ვიწროვდება შენი სამეგობრო წრეო… იმასაც ვხვდები, რომ ამ სიტყვამ ცოტა სხვა დატვირთვა შეიძინა და დიდი ხანია, რაც soulmate-ობას გაცდა.

აი, რაც შეეხება soulmate-ს… ის ჯერ ნამდვილად არ მიპოვია. სამაგიეროდ, ერთ კარგ ფილმს ვუყურე და ეს დიალოგიც სამუდამოდ ჩამებეჭდა თავში:

Do you believe in soulmates? I do. I like the concept that someone… somewhere … is meant to be with you forever.

Advertisements

December story

არ ვიცი, რატომ მიყვარს დეკემბერი ასე ძალიან – მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადების დღე მაქვს? რატომ ველოდები მისგან ყოველთვის “საჩუქრებს” -რადგან ახალი წელი მოდის?

dec

მარტო მე ხომ არა, ძაალიან ბევრ ადამიანს აქვს იგივე განწყობა. ცდილობენ ამ თვეში სიხარული შეიტანონ სახლში, გაიტანონ ქუჩებში, გაუზიარონ საყვარელ ადამიანებს ან, ზოგჯერ, უცნობებსაც.

სახლის ფანჯრებს თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ საშობაო დეკორაციებს, აციმციმებულ ნათურებს. ზოგიერთმა ვეღარ მოითმინა და უკვე ნაძვის ხეებიც კი დადგა. თბილისის ქუჩებიც ნელ-ნელა ლამაზდება. საღამოობით, ვარჯიშიდან რომ მოვდივარ, ვხედავ როგორ კიდებენ ილუმინაციებს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე.

ერთდროულად სევდიანი თვეცაა დეკემბერი და მხიარულიც.

სევდიანი იმიტომ, რომ გონებაში გასულ წელს აჯამებ… შეიძლება კარგი იყო, შეიძლება ცუდი, ან სულაც არაფრით გამორჩეული, მაგრამ უკვე მაინც წარსულია და ახლა ვეღარაფერს შეცვლი.

სამაგიეროდ, მომავალზე ბევრს ფიქრობ – ახალი წლიდან ახალი იმედები გაქვს… მერე რა, რომ რეალურად ეს ყველაფერი მხოლოდ დროის პირობითი დაყოფაა. მერე რა, რომ შენ ზუსტად ის ხარ პირველ იანვარს, ვინც 31 დეკემბერს იყავი (მაქსიმუმ, ნაბახუსევმა შეგიცვალოს ხასიათი :D ) და ირგვლივაც ბევრი არაფერი შეცვლილა.

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ამ წლებს, ჰოროსკოპებს და ყველაფერს ერთად მართლა რომ ჰქონდეთ მნიშვნელობა. აი, მაგალითად, ახლა ხომ მაიმუნის წელი მოდის და პირველ იანვარს ყველანი რომ ჯუნგლებში ვიღვიძებდეთ… ან 1 წლით ყველანი ვუბრუნდებოდეთ ჩვენს “დარვინისეულ” სახეს.

უფრო კარგად არ გავერთობოდით, რეალობა რომ რომელიმე კომპიუტერულ თამაშს გავდეს, სადაც ყველა ტურში სხვადასხვა სამყარო გხვდება?

დეკემბერზე წერით დავიწყე და სად წავედი… მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი იდეა ძალიანაც მომეწონა :)