ბოლო ბლოგი ცოტა ხნით მიწაზე დაეშვა

ამდენი წლის შემდეგ პირველად შევცვალე ბლოგის დიზაინი. იასამნისფერი გალაქტიკა ცოტა ხნით ცაში გამოვკიდე და მიწაზე დავეშვი. (თუმცა Tagline და soundtrack უცვლელი რჩება, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ, მაინც სივრცეში ვილივლივებთ)

livliv

ჰოდა, მარტო ბლოგი კი არა, მგონი მეც გავიზარდე. ყოველშემთხვევაში, ამაზე დიდი ჯერ არასოდეს ვყოფილვარ :) მგონი, ზამთარიც თავისას შვება და ყველაზე მეტ დროს აი, ასე ვატარებ – ან საკუთარ თავს ველაპარაკები, ან იმას ვინც მისმენს.  ამიტომ ახლა სულ სხვა ადამიანები გახდნენ უფრო ახლობლები, რადგან მე და ჩემი მეგობრები ყოველ საღამოს ყავას ვსვამთ და მეათასედ ვყვებით ერთსა და იმავე ამბავს. უკვე ვეღარც ვხვდები, ამ დროს ვისვენებ თუ ვიღლები.

გუშინ გადავწყვიტე სახლს და მარტო ყოფნას უფრო მეტი დრო დავუთმო… მოვიმარაგე წიგნები, ფილმები, მუსიკა, საწერი და საჭმელი :)

12400803_933209590062301_2411279316261308750_n

იანვრის წიგნია “ბილი მილიგანის მრავალი გონება”, რომელიც დენიელ კიზმა მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანზე დაწერა. ჯერ ბოლოში არ გავსულვარ, თუმცა იმდენად საინტერესო ამბავია, რომ ინტერნეტში ყველანაირი დოკუმენტური მასალა მოვქექე და, როგორც ბავშვობიდან მახასიათებს, როლში იმდენად შევიჭერი, რომ კინაღამ საკუთარ თავსაც ეს დიაგნოზი დავუსვი – სულ რაღაც 5 წუთით, მაგრამ მაინც.

იანვრის ფილმს რაც შეეხება, ჯერ არ მინახავს, მაგრამ review-ების მიხედვით ამ ნომინაციაში გამარჯვებულად “ლობსტერს” ვასახელებ – იმიტომ რომ ფილმის თემატიკა და ჩემი ბოლოდროინდელი ფიქრები ერთმანეთს კვეთენ. ნანახი რომც მქონდეს, ამაზე უკეთესად ვერ დავწერდი, ამიტომ ბაჩო ოდიშარიას რეცენზია წაიკითხეთ.

იანვრის მუსიკოსი მხოლოდ ჩემთვის კი არა, მგონი მთელი მსოფლიოსთვის დევიდ ბოუია. ამიტომ დროა დედამიწიდან ავიბარგო და ისევ გალაქტიკისკენ გავფრინდე. დანიშნულების ადგილი – პლანეტა მარსი…

 

new chapter

 

დაიწყო ახალი წელი. ათვლის ახალი წერტილი. ყველაფერი რაც აქამდე მოხდა, ახლა უკვე ისტორიაა და სულ მალე ისე გაიხსენებ, როგორც რაღაც ძალიან შორეულ, უცხო ამბავს.

ახალი ამბების დროა. ჯერ რომ წარმოდგენაც არ გაქვს, ისეთი ამბების. ზამთარი გაივლის და შენც ნელ-ნელა გაიღვიძებ. სიცარიელე შეივსება, სხვანაირად არ გამოვა. ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება.

ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს უნდა მოუსმინო. იმიტომ არა, რომ ყველაზე ჭკვიანი ან მართალი ხარ, უბრალოდ მხოლოდ შენ იცი რა გინდა და რა გჭირდება. ხშირად ამბობ, რომ დაბნეული ხარ და ამას ვერ ხვდები, მაგრამ ეს ტყუილია. ყველაფერი ძალიან კარგად იცი, მთავარია აღიარო.

ყველაზე მეტად ის მიყვარს შენში, რომ არასოდეს ბოროტდები. რა კარგია, რომ მე და შენ ერთად ვართ. სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო?

სხვანაირად არ იქნებოდა.