მორიგი დღე – პარასკევი

სახლში ხუთნი ვცხოვრობთ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ტელევიზორიც ჩვენი ოჯახის წევრია.

tvv

სამსახურიდან წამოვედი და შუადღემდე მძინავს ხოლმე. დღესაც 2 საათზე გავიღვიძე და კიდევ დიდხანს ვიწექი. გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ როგორ მიხაროდა ცნება “პარასკევის” გაჩენა ჩემს ცხოვრებაში და გამეცინა. მოკლედ, ახლა ისევ უმუშევარი ვარ და ყოველი დღე შაბათია. თან ისე დაემთხვა, რომ ჩემი მეგობრების უმრავლესობაც უსამსახუროდ დარჩა, მაგრამ მაინც ჩვენ-ჩვენთვის ვართ შეყუჟულები.

წინა პოსტზე კედიმ დამიწერა რამე მნიშვნელოვანი გააკეთეო და მივხვდი, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაფერი უაზრობად მეჩვენება. შესაბამისად, არაფრის კეთება არ მინდა. შემიძლია მთელი დღე ვიჯდე ან ვიწვე – ესეც სულერთია. ჯერ ვერ ვპოულობ ენერგიას იმისთვის, რომ სიხარული დავიბრუნო. ხანდახან მეშინია ძალიან არ ჩამითრიოს-მეთქი ამ მდგომარეობამ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ თბილმა, მზიანმა ამინდმა დამარწმუნა – უბრალოდ გაზაფხულს უნდა დაველოდო.

გაზაფხულიდან ისევ შეგიყვარებთ ყველას, მანამდე კი მარტო ყოფნა მინდა – ოჯახის, მეგობრების, ახალი ნაცნობების გარეშე. მინდა რომ სრული სიჩუმე იყოს მანამ, სანამ მე თვითონ არ მივვარდები ადამიანებს და ვთხოვ, რომ დამელაპარაკონ.

 

 

დილის ბოდვა

7 საათი ხდება, დილის.

ცოტათი მეძინება, მაგრამ ვიცი, არ არსებობს იმაზე დიდი სატანჯველი, ვიდრე 2 საათში გაღვიძება და თბილი საწოლიდან გამოძრომაა – ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ დავიძინო. სახლში ისედაც გვიან მოვედი, თანამშრომლებთან ერთად ვიყავი. მერე მეგობარს ველაპარაკებოდი დიდხანს. რაღაც საერთო დარდები გვაქვს და ვუზიარებთ და ვუზიარებთ ერთმანეთს. ხან მე ვამშვიდებ, ხან ის და ხან ორივე ვთანხმდებით, რომ აზრი არ აქვს.

მოწყენილი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს ვიცინი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ვიტირე კიდეც. ადრე მაინც უფრო ხშირად ვტიროდი. თავს მატკიებს, მაგრამ საჭიროა დასაცლელად. ისევე როგორც ყვირილი – აი, რომ დადგე და კედლებს უყვირო ან გავარდე ქუჩაში და იღრიალო ბოლო ხმაზე. გამვლელები შემოგხედავენ და იფიქრებენ რომ გიჟი ხარ.

scream

ისე ჩვენ ყველანი გამვლელები ვართ – ქუჩებშიც და ერთმანეთის ცხოვრებებშიც. ამ ფრაზას ვუტრიალებ უკვე 5 წუთია, მაგრამ ვერ ვაგრძელებ. ჩემი ფიქრები სხვაგან ხტებიან. მეძინება და ვბრაზდები ჩემს თავზე, ადრე რომ არ დავწექი. ყოველდღე ვდებ პირობას, რომ რეჟიმში ჩავჯდები, ზოგჯერ ვახერხებ კიდეც, მაგრამ მერე ისევ ღამეების თენებას ვიწყებ.

დღეს ჩემს მოჩვენებაზეც გავბრაზდი და ეგრევე გამახსენდა მისი ნაკვთებიც, ხმაც და ყველაფერი. ასე ვერთობი. დიდი ხანია მივხვდი, რომ სხვანაირად არ შემიძლია. მჭირდება “პერსონაჟები” და არა უბრალოდ “გამვლელები”.

მეძინება და ამ მომენტში საერთოდ არ მგონია, რომ ადამიანები ცხოვრების 1/3-ს ძილში ტყუილად ვატარებთ.

 

 

Sleeping With Ghost

 

დილიდან იმაზე ვფიქრობდი, დღეს თუ არ მოვიდა, საერთოდ აღარ მოვა მეთქი. რამდენჯერმე შევამოწმე ინბოქსი, რამდენჯერმე დავხუჭე თვალები და შევეცადე აღმედგინა შენი ბოლო მონაწერი, რომელიც წავშალე და თითქოს შენც გაქრი. ვერ ვიხსენებ, როგორი ხმა გაქვს და შენი სახეც ბუნდოვანდება – დახატვა რომ მომინდეს, ალბათ, თეთრ ფურცელზე რამდენიმე მკრთალ წერტილს დავსვამ და დავაწერ “ჭორფლები”.

უცნაურია შენზე ფიქრი – უფრო სწორად, შენი ყოველდღიურობაში წარმოდგენა. ვერ ვხვდები, რას უნდა აკეთებდე მაშინ, თუ მარტო არ ხარ. ვერ ვხვდები, როგორები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად ცხოვრობენ. ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ გამომეგონე და მხოლოდ ჩემს თავში გეარსება, მაგრამ რეალური ხარ და ზუსტად ეს მიკვირს.

როგორ მოვახერხე, რომ მოჩვენებად მექციე?

noface