Rain Dance Girl

დილის 9-ის ნახევარია. სახლში მარტო მე და დედას გვღვიძავს. ის უკვე სამსახურში წასასვლელად ემზადება, მე ისევ საწოლში ვწევარ და გარედან მეეზოვეების ცოცხის ხმა მესმის. მთელი ღამე არ მძინებია, მაგრამ ყოჩაღად ვარ – ცოტა ხანში უნდა ავდგე და ჯერ შეხვედრაზე წავიდე, მერე საელჩოში და ბოლოს სამსახურში. საღამოს, ალბათ, ძალიან დაღლილი მოვალ სახლში და არსად გასვლის თავი არ მექნება. მთავარია, 10-11 საათამდე მაინც გავძლო და მერე დავიძინო. იქნებ რეჟიმშიც ჩავდგე :)

არ ვიცი, რატომ ვერ ველევი ღამეებს ასე ძალიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანს და საინტერესოსაც არაფერს ვაკეთებ ხოლმე. გუშინ მაგალითად, ალბათ, მეხუთედ მაინც ვუყურე “Point Break”-ს… რომ დამთავრდა უკვე 5 საათი იყო და დაძინება დამეზარა. ასე ხშირად ხდება ხოლმე – თუ ადრე ვარ ასადგომი და თავის დროზე არ დავწექი, მერე ვფიქრობ დილით გაღვიძებას და გამოფხიზლებას გათენება ჯობია მეთქი. არადა, რეალურად, ვიცი რა შედეგები მოყვება უძილობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 3 წლის წინ ზუსტად ასეთი რეჟიმის გამო დამემართა sleep paralysis… ისე, ხანდახან კი მენატრებიან ხოლმე ჩემი მოჩვენებები :D

hsleep-paralysis

უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ვარ და, იმედია, შევინარჩუნებ განწყობას. ამის მიზეზი, ალბათ, მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოა. გუშინ სულ წყვილების გარემოცვაში ვიყავი. ჯერ ელენე და თეკო ვნახე თავიანთ ბიჭებთან ერთად და მერე ლუკა, რომლის გოგოც ასევე მალე შემოგვიერთდა. მსიამოვნებს შეყვარებული და ბედნიერი ადამიანების ყურება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თავს ასე კარგად ვგრძნობ :)

წვიმიანმა გაზაფხულმა ჩემს ცხოვრებაში თავისი “მისია” შეასრულა და ბოლო დღეებს ითვლის. წინ ზაფხულია – საქმეებით დატვირთული ივნისი და ემოციებით დატვირთული ივლისი. აი, აგვისტოს რაც შეეხება, ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს რა მოხდება, სად ვიქნები, რას გავაკეთებ. თუმცა ეს წინასწარ როგორ უნდა ვიცოდე. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ საწოლიდან ადგომის დროა.

Advertisements

All the lonely people

საერთოდ ვეღარ ვწერ… უფრო სწორად, ვეღარ ვაქვეყნებ. რომ ნახოთ, რამდენი შენახული draft მაქვს და კიდევ რამდენი წავშალე… როგორც კი ნიუ პოსტის ფანჯარას ვხსნი, მაშინვე ვიწყებ სიტყვების ძებნას, რომ ჩემი გრძნობები გადმოვცე, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიჭირს ამაზე ლაპარაკი.

tmbl

არადა, გამუდმებით წერის მოთხოვნილება მაქვს… თან “ნორვეგიული ტყე” რომ წავიკითხე, ერთი ფრაზა ჩამებეჭდა თავში:

იმისთვის რომ მოვლენებს ბოლომდე ჩავწვდე, მათზე უნდა ვწერო

ამბობს ვატანაბე და მერე ისე წერს, ისე იხსენებს ყველაფერს თბილისიდან ბათუმამდე მატარებელში რომ თვალისდაუხამხამებლად შემოგეკითხება.

2 თვეზე მეტი გავიდა იმ დღეებიდან, როცა ზამთრის გაცილება და გაზაფხულთან შეხვედრა ზღვაზე გადავწყვიტე. განმარტოება და ყველაფერზე ფიქრი მინდოდა, მაგრამ ისევ თავიდან დაიწყო, ისევ წრეზე წავედი… ხანდახან მგონია, რომ ერთი უიღბლო ვინმე ვარ, ვინც ყოველდღე მიდის ჯიხურთან, ყიდულობს ლატარიის ბილეთს და ვერასოდეს იგებს ჯეკპოტს.

დავწერე, მაგრამ მაინც ვერაფერს ჩავწვდი.