დღეს, შარშან (25.06.2014)

შეიძლება, უნაკლო მეხსიერებით არ გამოვირჩევი, მაგრამ დღემდე მახსოვს ყველა ის თარიღი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ბუქარესტში მატარებლით წამოვედი. ჩემოდნების ჩალაგებას გამთენიისას მოვრჩი, გოგოებს დავემშვიდობე და სადგურზე წავედი. ჩემს ბილეთზე ეწერა, რომ სიგიშოარაში გადასაჯდომად ზუსტად 1 წუთი მქონდა. იქ მისულს კი მატარებელი ბაქანზე არ დამხვდა – ვიფიქრე, გამასწრო-მეთქი, მაგრამ რეალურად 1 საათი ლოდინი მომიწია.

ბუქარესტში წვიმდა და გიოსთან რაღაც ძვირიანი ტაქსით წავედი. ის პოლონელი გოგო, რომლის ოთახშიც გვეძინა ხოლმე, ჩამოსული დამხვდა. ოთახში რომ შევედი “ოლაო” მითხრა. მეგონა, მომესალმა – თურმე ასე რქმევია :) გავისეირნე ბუქარესტში და გადავიღე ზუსტად ისეთი ფოტო, როგორიც მამაჩემს აქვს გადაღებული ჩემს ასაკში – ანუ 40 წლის წინ.

Bucharest

მერე ღია ცის ქვეშ რაღაც მატჩსაც ვუყურე გიოსთან, შეილასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად. საღამოს სუზანი და არპინეც ჩამოვიდნენ ავტოსტოპით. 50 ლეი მქონდა დარჩენილი, ტაქსმა 25 დაწერა. ვიფიქრე, რომ ხურდას გოგოებს დავუტოვებდი, მაგრამ მძღოლმა საბარგულიდან ჩემოდნები ამომილაგა, მანქანაში ჩახტა და გაიქცა. 8 თვის განმავლობაში პირველად “გამქურდეს” :)

აეროპორტში აღმოჩნდა, რომ ჩემი ბარგი-ბარხანა დაშვებულ წონას აჭარბებდა. იქვე ამოვყარე რაღაცეები და გოგოებმა გადაინაწილეს თავიანთ ჩანთებში. მერე ორივეს ჩავეხუტე და წავედი. უკან რომ მოვიხედე, იქ იდგნენ და ხელს მიქნევდნენ.

goodbye

მაშინ ცოტათი მეშინოდა, რომ ეს შეიძლებოდა ჩვენი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ ავიაკატასტროფაში ვაპირებდი მოყოლას, უბრალოდ მეშინოდა, რომ უკან დაბრუნებულები ერთმანეთისთვის ვეღარ მოვიცლიდით. ამ 1 წელში ეს შიში გამიქრა, რადგან 3 თვეში მე თვითონვე წავედი ბუდაპეშტში ჰარიეტის და ბრნოში მიხალის სანახავად. სულ რაღაც 10 დღის წინ კი არპინე და ჰარიეტი იყვნენ ჩემთან. ახლა უკვე ვიცი, რომ მალე მილდასაც ვნახავ, თამარასაც და დარკოსაც… შევხვდები სხვა ბავშვებსაც, როგორც უკვე შევხვდი იზის, რუტას და ეველინას.

და ერთ დღეს რუმინეთშიც დავბრუნდები. კიდევ ერთხელ გავივლი ყველა იმ გზას, რომელიც ჩემი ხელის გულივით მახსოვს და იმ გზებსაც, რომელთა გავლაც ვერ მოვასწარი.

და თუ საქართველოში ჩამოსულმა ეს სიმღერა გავიზიარე, იქაც თამამად მოვუსმენ, რადგან რუმინეთი ჩემი სახლია და  someday I’m coming home again!

დღეს, შარშან (03.05)

“I will always remember you as the girl i chat with next to the black sea and

i have felt something that i will always keep in my special store for memories”

Darko

დღეს კვირაა… ზოგადად, არასამუშაო დღე. თუმცა მე დილით ადრე გავიღვიძე, სცენარები დავწერე და სამსახურში გავიქეცი.

არ ვწუწუნებ – დღითი დღე მიყვარდება ჩემი საქმე… მაგრამ ასევე ყოველდღიურად, უფრო და უფრო მენატრება ის, რაც შარშან ამ დროს ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა.

ეს ყველაფერი მოყოლილი მაქვს ამ პოსტში და არამგონია ახლა უკეთესად გამომივიდეს, მაგრამ მაშინ იყო რაღაცეები, რაც ჩემთვის შემოვინახე. ერთ-ერთი ამბავი დარკოზეა.

vamaveche

ის ამ ფოტოზე ჩემს პირდაპირ ზის და კარტს არიგებს. მე კი მას ვუყურებ და ვფიქრობ, რომ “კარგი ბიჭია, ხოიცი შენ”. :D

მზის სათვალე ჩემს მზერას ფარავს და მას აზრების კითხვა რომც შეეძლოს, ვერაფერს გაიგებს, რადგან მაკედონელია.

ცოტა ხანში თამაში გვბეზრდება – ზოგი კარავში შედის, ზოგიც ბარებისკენ მიბოდიალობს. მე და დარკო ზღვის ნაპირზე ჩავდივართ და ვლაპარაკობთ. მეუბნება, რომ ზოგადად მოხალისეების დიალოგი ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენია ხოლმე, თუმცა ჩემთან საუბარი მოწონს.

მეც მომწონს – მერე რა, რომ მეუბნება სატანისტი ვარო. ვფიქრობ ერთადერთი წერტილი, სადაც ის და სატანა იკვეთებიან, მის თვალებში ათამაშებული ეშმაკუნებია.

სურათს ვუღებ:

darko

2 კვირის შემდეგ არადში მივდივარ.

Arad

კიდევ 2 კვირის შემდეგ ის ჩამოდის ჩემთან, კრისტურუში.

DarkoTamt
2 კვირის შემდეგ ისევ მე – საქართველოში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

last pic

არადიდან კრისტურუში, რა თქმა უნდა, ავტოსტოპით ვბრუნდები, არპინესთან ერთად. დარკო გვაცილებს. ძალიან ცხელა და მზის გულზე დიდხანს გვიწევს მანქანის ლოდინი. როგორც იქნა, ერთი მანქანა გაჩერდა, ოღონდ ჩვენგან ცოტათი შორს. დამშვიდობების დრო არ არის. მე და არპინე მივრბივართ, დარკო კი მეძახის, რომ შემდეგ ვიქენდზე (რომელიც, ჩემთვის ბოლო ვიქენდია რუმინეთში) აუცილებლად ჩამომაკითხავს.

არ ჩამოსულა, თუმცა აღმოჩნდა რომ ასე ჯობდა. (თუ რატომ, ეს კიდევ სხვა ამბავია და ოდესმე აუცილებლად მოგიყვებით)

ჩვენ ერთმანეთს ვერ დავემშვიდობეთ. რაც აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ კიდევ ვნახავ დარკოს – ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებას რუმინეთიდან <3

დღეს, შარშან (01.02)

თუ ჩავთვლით, რომ ბლოგზე ახალ პროექტს ვიწყებ, ალბათ ამ პროექტს “ნოსტალგია” უნდა დავარქვა.

შარშან ამ დროს ხომ რუმინეთში ვიყავი – უფრო ზუსტად გეტყვით, კრაიოვასკენ მიმავალ რომელიმე მანქანაში ვიჯექი სუზანთან ერთად. თარიღი ასე კარგად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ თამარას დაბადების დღე იყო და მასთან მივიჩქაროდით. კრაიოვაში მოსაღამოებულზე ჩავედით. მძღოლს ვთხოვეთ რომელიმე მაკდონალდსთან ჩამოვესვით, რადგან იქ სითბო და wifi გვეგულებოდა. ანგარიშზე არც ერთს არ გვქონდა, თამარას კი facebook გაუუქმებია. ამიტომ ინსტაგრამზე ასეთი მესიჯი დავუტოვე

for Tamara

მართლაც ცოტა ხანში ხოსემ დაგვირეკა და გვითხრა რომ უნივერსიტეტთან შეგვხვდებოდა. უნივერსიტეტის შენობას როგორღაც მივაგენით, თუმცა შემდეგ დაახლოებით 1 საათიანი ლოდინი მოგვიწია – საშინლად ციოდა და რომ არ გავყინულიყავით კიბეებზე დავრბოდით. ბოლოს როგორც იქნა ხოსე გამოჩნდა და წაგვიყვანა თამარას სახლისკენ. ახლა გამახსენდა, რომ დიდი თოვლი იდო – ერთ ქუჩაზე გაგვატარა, სადაც სულ საქორწინო კაბები იყიდებოდა.

მივედით თამარასთან, ყველანი შეკრებილები იყვნენ და სამზარეულოში სვამდნენ. მაგიდაზე შოკოლადები ეყარა, რომელიც თამარას აჩუქეს ლიენემ და გურკანმა. მგონი, ძალიან ბევრი სახელი ვახსენე – Let me introduce them to you :)

სუზანი აუცილებლად გეცოდინებათ, თუ ჩემს ბლოგს აქამდეც კითხულობდით – ის ჩემი ფრანგი რუმმეითი იყო. ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. ერთადერთი “წყვილი” ვიყავით ჩვენს სახლში, რომელიც ბოლომდე ერთად დარჩა- ანუ თავიდან 2-2 ვცხოვრობდით ოთახებში, მაგრამ გაზაფხულზე ჩვენმა “ბოსებმა” მოგვცეს უფლება ცალცალკე გადავსულიყავით ოთახებში, რადგან გათბობა საჭირო აღარ იყო და ეკონომიის გაკეთება არ უწევდათ. მხოლოდ ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ ერთად დავრჩენილიყავით, დანარჩენები დაიშალნენ – არადა თავიდან ამას როგორ ვიფიქრებდი. არა იმიტომ, რომ დასაწყისში ცუდი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ სუზანი ხვრინავდა, ეს კი ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია. მერე შევეჩვიე და აღარ მაწუხებდა ხოლმე. ხანდახან მასზე ადრე დაძინებასაც ვასწრებდი და, მოკლედ, კარგად ავეწყვეთ :)

თამარა პრედეალში, მოხალისეების arrival meeting-ზე გავიცანი – სიაში წავიკითხე რომ ქართული სახელი და გვარი ეწერა, თუმცა ბელარუსიის გასწვრივ. იქვე ვიკითხე ხომ არ იცით ვინაა-მეთქი, ერთ-ერთმა გოგომ მიპასუხა – მე ვარო :) აღმოჩნდა რომ მამა ქართველი ჰყავდა, თუმცა ბელარუსიაში გაიზარდა და აქ სულ რამდენჯერმეა ნამყოფი. თვითონ ამბობს რომ ის არის “Bellarusian Girl with Georgian Heart”. სწორედ მისი დაბადების დღე იყო იმ 1 თებერვალს, მე რომ ვიხსენებ და, შესაბამისად – დღესაც. ახლა უკვე მოსკოვში ცხოვრობს და სტიუარდესობისთვის ემზადება.

ხოსე ესპანელია. ისიც პრედეალში გავიცანი – მხიარული ბიჭია, თუმცა მასთან ბევრი საერთო არასოდეს მქონია. ამ პერიოდში სუზანის secret boyfriend იყო ან გნებავთ, friend with benefits :D

ლიენე და გურკანი ერთმანეთს ასევე პრედეალში შეხვდნენ და მას შემდეგ, ე.ი. დღემდე ერთად არიან. ზუსტად რამდენიმე დღის წინ სუზანი რიგაში გაემგზავრა მათ მოსანახულებლად. გურკანი თურქია, მაგრამ EVS-ის შემდეგ ლიენესთან გადაცხოვრდა ლატვიაში.

ამ ფოტოზე კი ჩემთან, სუზანთან და თამარასთან ერთად ლიტველი იუსტინაა. მას პირველად ბუქარესტში შევხვდი, ჩვენს საახალწლო trip-ზე ახლდა ხოსეს. აღმოჩნდა რომ საქართველო შორიდან უყვარდა, რომელიღაც ქართულ-ლიტვური სერიალიდან :)

feb1

თამარას წვეულება ბოულინგ კლუბში გაგრძელდა და შემდეგ უკვე მოსაყოლიც აღარაფერია :) აი, ჩემს პროექტს რაც შეეხება მინდა რომ თარიღეების შესაბამისად შარშანდელი დღეებზე ვწერო და ფოტომოგონებებიც დავურთო. ამით ცოტათი მაინც მოვიკლავ მონატრების გრძნობას და იმედია, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ^^

and then we kiss

 

თავს ისევ ფილმის გმირად ვგრძნობ.

რომლის სახელიც, ალბათ “ერთი გაღიმებით შეყვარება” ან რაიმე მსგავსი იქნებოდა : )

თუმცა, შეყვარებული არ ვარ, მაგრამ პირველად მგონია,

რომ ჩემი ამბავი, შესაძლოა, სადღაც ზევით წყდებოდეს.

მართლა მინდა, რომ მოუსმინოთ ამ სიმღერას და ყურადღება მიაქციოთ ტექსტს,

იმიტომ რომ ეს არ არის სიმღერა, რომელიც მე ავირჩიე,

ეს არის სიმღერა, რომელმაც მე ამირჩია.

და ეს მოხდა OLIVER KOLETZKI-სგან სულ 2-3 მეტრში,

სანამ ის სცენაზე იდგა და უკრავდა.

 

ვამა ვეკე, ანუ შავი ზღვა, საიდანაც მზე ამოდის

 

ყველას, ვისაც კი ვამა ვეკეს ვუხსენებდით, თვალებში ეშმაკურად უციმციმებდათ ერთი ფრაზა:

sdrnr

ყოველი წლის პირველ მაისს, რუმინეთის ერთ პატარა, ზღვისპირა სოფელში, რომელიც ბულგარეთის საზღვართან მდებარეობს, სეზონი იხსნება ხოლმე… ამას, რა თქმა უნდა, არ დავაკლდებოდით – მოვიკიდეთ ჩვენი ზურგჩანთები (სხვათა შორის, ახალი, სალაშქრო, იასამნისფერი ზურგჩანთა მაქვს Decathlon-დან) და გავუდექით გზას ტრადიციულად ჰიჩჰაიკით.

SuzzArpi

1 ღამე ბუქარესტში გავათენეთ, მეორე დღეს კი უკვე ზალიკოც შემოგვიერთდა და სულ რაღაც 3 საათში ვამა ვეკეზე ვიყავით.

ჩვენთვის ჰო ემოციური იყო, მაგრამ არპინემ სულ, სულ პირველად ნახა ზღვა. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მის გულში… თუმცა ჩემთვისაც არანაკლები იყო. პოსტი ისე დავიწყე, რომ ახლა შეიძლება ზედმეტ რომანტიკადაც კი მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ რუმინეთში ყოფნის მანძილზე არსად და არასდროს ისე კარგად არ მიგრძნია თავი, როგორც იქ და მაშინ…

ჩვენი კარავი სხვა მოხალისეებთან ერთად გავშალეთ. შუაგულში პატარა წრესავით დავტოვეთ, სადაც ვისხედით, ვთამაშობდით, ვლაპარაკობდით, ვსვამდით და ა.შ. აი, ასე გამოიყურებოდა ჩვენი კემპინგი:

camping

პირველ ღამეს საერთოდ არ მძინებია. დილამდე სანაპიროზე, ცეცხლთან ვიჯექი და ველოდებოდი მზის ამოსვლას შავი ზღვიდან… ჩვენთვის ჰო ყოველთვის პირიქითაა – მზე ზღვაში ჩადის… ერთ ზაფხულს, მე და ირმა ერთად ვიყავით ქობულეთში. დილით მითხრა, მთელი ღამე მზის ამოსვლას ველოდებოდი ზღვაზე… მაშინ მაგრად დავცინე და აი, რამდენიმე წლის მერე მე თვითონ რეალურად მოვხვდი შავი ზღვის დასავლეთით. ამ სანახაობის ძალიან უხარისხო ფოტო მაქვს, რომელსაც აქ არ დავდებ, თუმცა მე ყოველთვის გამახსენებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღამეს ჩემს ცხოვრებაში, რომელიც, ალბათ, ისედაც არასოდეს დამავიწყდება (და რომელიც მხოლოდ მზეს და ზღვას, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება :D )

ბლოგზე ისიც დამიწერია, რომ საქართველო მენატრებოდა… ისიც, რომ რუმინეთში ყოფნა მომწონდა და კმაყოფილი ვიყავი ჩემი არჩევანით აქ 8 თვე გამეტარებინა, მაგრამ ახლა, როცა ამ 8 თვის ამოწურვას აღარაფერი უკლია, ვხვდები, როგორ ძალიან გამიჭირდება წამოსვლა, მით უმეტეს, ზაფხულში – ყველაზე კარგ სამოგზაურო სეზონზე, როცა ჩემი აქაური მეგობრების რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ რუმინეთში იქნება და მე მხოლოდ facebook-დან უნდა ვუყურო მათ ფოტოებს… ამის წარმოდგენაზეც კი ცუდად ვხდები.

ვიცი, ჩემს ოჯახს და მეგობრებს ცოტათი ეწყინებათ, მაგრამ ასეა – არ მინდა წამოსვლა… არასოდეს, არასოდეს განმეორდება ის, რაც იყო. მეშინია იმისაც, რომ ამ ადამიანებს ვეღარ შევხვდები და ეს ყველაფერი დღითი-დღე წარსულში გადაინაცვლებს, ყოველდღიურობის რუტინაში ჩაიკარგება.

მერე ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე – ჯერ კიდევ 7 კვირა გაქვს-მეთქი წინ.

ეჰ, მხოლოდ 7 კვირა… :(

ბედის ირონია, ანუ ორჰან ფამუქი თბილისს მიემგზავრება

 

ეს მოხდა 2010 წლის ზაფხულში, თურქეთში, კუშადასში.

ჩანთები რომ ამოვალაგეთ, მამიდაჩემმა წიგნი ამოიღო, საიდანაც სათვალიანი კაცი მიმზერდა.

ორჰან ფამუქი

ვინ არის-მეთქი, ვკითხე.

თანამედროვე თურქი მწერალიაო.

მაშინ “ჯევდეთ ბეის და მისი ვაჟიშვილების” მხოლოდ რამდენიმე გვერდს გადავავლე თვალი და წაკითხვა სამომავლოდ გადავდე… აბა, ამისთვის მეცალა? მთელ დღეებს ან სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისების ათვისებაში ვატარებდი (სხვათა შორის, Carpe diem ერქვა და მეც ვცდილობდი, ყოველი წამი დამეჭირა) ან სკაიპში (სადაც ჩემს მორიგ სასიყვარულო ურთიერთობას ეყრებოდა არც თუ ისე მყარი საფუძველი)…

ნამდვილი სიყვარული კი თურმე “უმანკოების მუზეუმში” იყო და ჩვენც იქ შევხვდით – ჯერ წიგნის ფურცლებზე (გერმანიისკენ მიმავალს, მინსკის აეროპორტში წინა და უკანა გზაზეც 6-6 საათი მიწევდა მარტოს ლოდინი. ჰოდა, სწორედ ეს მარტოობა გადამატანინა)… შემდეგ სტამბულში ჩავაკითხე.

და წიგნების ფესტივალზეც მთელი ფული მას დავახარჯე.

ბედნიერი ვიყავი იმის აღმოჩენით, რომ საქართველოში პირველად ორჰან ფამუქი სწორედ იმ გამომცემლობამ თარგმნა და დაბეჭდა, რომელშიც მე ვმუშაობდი (ოღონდ, ჩემს მისვლამდე დიდი ხნით ადრე). რაღაც არსებობს-მეთქი, მჯეროდა…

მან კი მაინცდამაინც მაშინ მოინდომა თბილისში, ჩემს ქალაქში ჩამოსვლა, როდესაც მე იქ არ ვარ.

დედას გეფიცებით, ზუსტად ისე ვეჭვიანობ, როგორც შეყვარებული ქალი. მშურს ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გაესაუბრება ან უბრალოდ მოუსმენს…

მაგრამ იქნებ ასეც უნდა იყოს? იქნებ ჩვენი პირველი, ნამდვილი შეხვედრა არ უნდა ჩაიკარგოს მის სხვა თაყვანისმცემლებს შორის? იქნებ ის ყველაფერი, რაც უკვე მოგიყევით იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ოდესმე აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს.

მაგალითად, სტამბულში…

ორჰანს თამთასგან

P.S.: მაგრამ თუ ჩემთვის ერთ ზედმეტ ავტოგრაფს გამოართმევთ, მაინც გამიხარდება : ))

The half

 

ზუსტად 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთის მიწაზე დავდგი ფეხი.

არ იყო ბევრი და არც ცოტა… იყო ზუსტად ნახევარი.

the half

გუშინ მეგობარს ველაპარაკებოდი და საუბარმა ალტერნატიული რეალობების თემა მოიტანა – ანუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ ამაზე… შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მას მაინც ვეღარ შევცვლით (ზოგიერთი ფილმისა და წიგნისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები დროში მოგზაურობენ), მაგრამ მაინც საინტერესოა იმის გააზრება, თუ რომელი ნაბიჯები იყო გადამწყვეტი შენს ცხოვრებაში, რამ მოგიყვანა აქამდე და სად შეიძლება ყოფილიყავი, თუ “ასე” კი არა, “ისე” მოიქცეოდი…

აქ წამოსვლამდე ფსიქოლოგთან ვიყავი. ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩემთვის, მაინტერესებდა ეს პროცესი მართლა ჰგავდა თუ არა ფილმებში ნაჩვენებს. ცოტათი, ალბათ, რაღაც პრობლემების გადალახვის იმედიც მქონდა… მაგრამ ყველაზე საინტერესო, რაც იქ აღმოვაჩინე, ცხოვრებისეული ჯაჭვია. ვიჯექი, ვლაპარაკობდი და ვაანალიზებდი, როგორ ებმოდა ყოველი მოვლენა ერთმანეთს… თითქოს რაღაც კანონზომიერება არსებობს, რომელსაც ვექვემდებარებით, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ბევრი რამ ჩვენს ქვეცნობიერში ისე ღრმად ილექება, რომ ადვილად ვივიწყებთ.

მოკლედ, ფსიქოლოგი არ არის ადამიანი, რომელიც დაგამშვიდებთ. პირიქით, მასთან ვიზიტმა თავდაპირველად, შეიძლება, ძალიან აგაფორიაქოთ. მოგკიდებთ ხელს და შეგიყვანთ თქვენი თავის ჩაბნელებულ, გამოკეტილ ოთახებში… შეიძლება, თვითონ კარებთან დაგელოდოთ, მაგრამ თქვენ აუცილებლად შეხვალთ შიგნით და ნელ-ნელა დალაგებას დაიწყებთ. ალბათ, ზუსტად ამ მომენტში არის საჭირო დახმარება, რადგან ზოგიერთი ძალიან მგრძნობიარეა, უჭირს საკუთარი ემოციების მართვა და, შესაძლოა, ამდენ სიახლესთან შეჯახებამ (რაც, სინამდვილეში, კარგად დავიწყებული ძველია) არასასურველ შედეგამდე მიიყვანოს.

ვიცი, რომ თერაპევტთან 2 ვიზიტით, ზერელედ გავლილი ფსიქოლოგიის შესავლითა და აქა-იქ წაკითხული სტატიებით ამ თემას ვერ ამოვწურავ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ მაქვს კარგი ალღო, რაც ადამიანების გაცნობაში მეხმარება. გარკვეული პერიოდის და ზოგჯერ, პირველივე შევხედრის დროსაც კი, ვხვდები, რა იქნება ჩემი ნაცნობის რეაქცია ან შემდეგი ნაბიჯი. მგონია, რომ ვხვდები იმასაც, თუ რატომ ამბობენ ან აკეთებენ რაღაცას, რა აწუხებთ და რის დამალვას ცდილობენ.

მოკლედ, რაღა მე და რაღა ირაკლი ლომაია :D

ლომაია

რაც შეეხება, აქ გატარებულ 4 თვეს – შეიძლება ითქვას, რომ გამოვიზამთრე… ახლა კი, ველოდები გაზაფხულს, რადგან ძალიან ბევრი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი – საფრანგეთი, იტალია, ავსტრია და უნგრეთი.

რა თქმა უნდა, ჯერ რუმინეთიც არ ამომიწურავს… დარჩა რამდენიმე საინტერესო ადგილი, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ და აუცილებლად უნდა წავიდე. მერე კი, საქართველოში რომ დავბრუნდები, მანდ უნდა ვიბოდიალო!

სხვათა შორის, ვხვდები, რომ ველოდები დაბრუნებასაც. იმას ვერ ვიტყვი, რომ მეჩქარება და მზად ვარ ახლავე ფეხი დავკრა და გამოვიქცე, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვითვლი თითქოს თვეებს და ვთქვათ, უცბად, რომ მითხრან კიდევ 2-3 თვე დარჩიო, ზუსტად ვიცი, რომ უარს ვიტყვი. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი დაბრუნება იდეალურად ემთხვევა ზაფხულს – ე.ი. კიდევ ერთ და, შესაძლოა, ბოლო არდადეგებსაც კი ჩემს ცხოვრებაში (რადგან, შემდეგ, უკვე “შვებულებები” გამიჩნდება)…

travel