ჩემი 4 წელი

 

სულ რამდენიმე წუთია, რაც ჩემი ბაკალავრიატში სწავლის ბოლო ლექციიდან დავბრუნდი, მერე ცოტა ხანს მეექვსე კორპუსთან ვიჯექი, მანამდე კი … მანამდე პირველის ეზოში ვიყავი, აქციაზე  (ისე, უნივერსტეტში ჩაბარება გარკვეულწილად ამ კორპუსის სიყვარულის გამოც გადავწყვიტე, თუმცა იქ მხოლოდ აქციებზე მომიწია სიარული, არც ერთი ლექცია არ ჩამტარებია :  ) საერთოდ, ჩემს ოთხწლიან სტუდენტობას ფონად სულ აქციები და პროტესტი გასდევდა, ასე რომ, სიმბოლურიც კი იყო ასეთი დასასრული.

მგონია, რომ 2009 წელს სოც.პოლზე ჩარიცხულებმა ცოოტათი მაინც გამოვაფხიზლეთ უნივერსიტეტი – იმის მაგივრად რომ თვითმმართველობის მოწყობილ ექსკურსიებზე გვევლო, მათგან იმას ვითხოვდით რაც პირველ რიგში ევალებოდათ. ექსკურსიებზე კი დამოუკიდებლად დავდიოდით.

პირველი და მეორე კურსი ზუსტად ამით გამოირჩეოდა ჩემთვის. მაშინ ვიყავი იმ ადამიანებთან ყველაზე ახლოს, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები ან უკვე ძველი მეგობრები არიან. “ძველი” იმიტომ, რომ მესამე კურსიდან ყველაფერი შეიცვალა – გაჩნდა “ლაბორატორია 1918”.

შეიძლება, ძალიან ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ როცა რამდენიმე კვირის წინ გავიგე, რომ “ლაბორატორია” დაიშალა, ცოტათი გამიხარდა კიდეც. რატომღაც ვიფიქრე, რომ ახლა ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით, თუმცა მალევე მივხვდი, რომ აღარასდროს აღარაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ეს მაშინ იყო…

მესამე კურსიდან უკვე გამიჩნდა იმის აღქმა, რომ “სოც.პოლი” კი არა “ჟურნალისტი” ვიყავი. მართალია, მაშინ ჩემს პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით გაუგებრობები მქონდა და სხვაგან გადასვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ რატომღაც ვერ შეველიე. საერთოდ, უცნაური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა თსუ-ს მიმართ, ალბათ, დაახლოებით ისეთი, როგორიც, ზოგადად, საქართველოს მიმართ მაქვს – მიყვარს, თან ძალიან მიყვარს, ვარ მისი დიდი გულშემატკივარი და მინდა რაიმე კარგი გავუკეთო, თუმცა ბევრი რამ არ მომწონს, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს!

ყველაზე უცნაური კიდევ ის გრძნობაა, ირმასთან ერთად რომ არ ვამთავრებ უნივერსიტეტს. სწავლის პირველივე კვირაში გავიცანი, ზუსტად მახსოვს, ქართულის ლექციაზე დააგვიანდა – ყვითელი თმა ჰქონდა და ყვითელი მაისური ეცვა. რამდენიმე საათის გაცნობილი მყავდა, როცა ვუთხარი – შენ, ალბათ, მშვილდოსანი იქნები მეთქი. არ შევმცდარვარ :)

სამაგიეროდ, კიდევ ერთი დამთხვევა მოხდა დღეს – პირველი ლექცია, რომელიც თსუ-ში ჩამიტარდა ინგლისური იყო. მაშინ გვერდზე ერთი ხუჭუჭა ბიჭი მეჯდა, რომელსაც აუდიტორია აერია და იმდენად გადამდებად ნერვიულობდა, რომ რატომღაც მეც ავნერვიულდი და ჩავთვალე, რომ სხვაგან ვიჯექი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის მართლა დაიკარგა, მე კი არა. ჰოდა, დღეს ჩვენი ბოლო ლექცია მე და გიოს ისევ იმავე აუდიტორიაში, იმავე მერხთან მიმსხდარებს გვქონდა:

ბოლო ლექცია

ბოლო ლექცია

პირველი სემესტრი ისეთი სასაცილო იყო, დავდიოდით მე და ირმა ლექციებზე და ჩვენს პოტენციურ მეგობრებს ვეძებდით დაახლოებით შემდეგი ტექსტებით “აი, ეს კარგი ტიპი ჩანს, მოდი, გავიცნოთ” )))) ბევრი, ვისთანაც მაშინ ვმეგობრობდით, ახლა ისეთი შორეულია ჩემთვის, ბევრი კი პირიქით – მაგალითად, ჩვენი თამთა. თავიდან გვეგონა, რომ ძალიან არ მოვწონდით, ქართულის ლექციაზე ჩვენ წინ იჯდა, ერთ დღეს კი უბრალოდ გადაჯდა და ჩავთვალეთ, რომ ჩვენმა გაუთავებელმა ლაპარაკმა შეაწუხა. მერე მახსოვს, ირმა როგორ გამომიტყდა, იმ დღეს თამთასთან ერთად თონის პური ვჭამე, ვილაპარაკეთ და კარგი გოგო აღმოჩნდაო :D

სამაგიეროდ, სულ სხვა მეგობარზე მხოლოდ 3-4 ჭიქა არყის მერე გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ მხოლოდ ერთმანეთის ხათრით ვემეგობრებოდით. აუ, ჩვენი სმა კიდევ ცალკე ისტორია იყო – პირველად, მარტო ჩვენ ორმა დავლიეთ, ჩემთან სახლში. ეს, ალბათ, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა ჭაჭა ვისხი პირში და შემდეგ, ვითომც არაფერი ლექციაზე წავედით.

ამის შემდეგ, ორივე ჩვენგანმა გამოსცადა ისეთი სიმთვრალე, ხან მე რომ წავიყვანე არც მეტი, არც ნაკლები რესპუბლიკურში და ხან მან რომ მომიტანა და მიმაყუდა სადარბაზოს კართან. ისე, ყველა მოგონების წერა რომ დავიწყო, რაც უნივერსტეტთან მაკავშირებს, ძალიან დიდი პოსტი გამომივა, თუმცა გამომივიდეს – ჩემი ბლოგი არ არის ? :D

მერე იყო “ჯეობლოგნოტი” – ჩემი, ირმას, ლაშას და ულისეს პირველი ნაბიჯი “დიდ ჟურნალისტიკაში”, მაშინ მართლა გვჯეროდა, რომ რაღაცას შევცვლიდით… მერე იყო პერიოდი, როცა აღარ გვჯეროდა, მაგრამ ახლა ისევ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. (ახლა აქ ლაშა ქავთარაძე შემოვა და მოკუკავს : ))))

მნიშვნელოვანი იყო ის დღეები, რომლებიც დასში გავატარე – მართალია იქიდან ძალიან მალე წამოვედი, თუმცა ის ფაქტი, რომ ბევრ სტუდენტში ამომარჩიეს (თანაც, მხოლოდ ერთი კასტინგით) და თეატრთან შეხება მქონდა, სასიამოვნო გასახსენებლია ჩემთვის (ისე, ეტყობა, მაშინ სცენაზე მტვერი კარგად იყო გადაწმენდილი. აბა, ჰო ამბობენ თუ გადაყლაპე, თავს ვეღარ დაანებებო ?! : ))))

2010 წლის 5 თებერვალი იყო დღე, როცა პირველად შევიკრიბეთ. მაშინ ერთმანეთს კარგად არც კი ვიცნობდით და ზუსტად მაგ მიზნით გადავწყვიტეთ, ერთად გვექეიფა. ზუსტად მაგ დღიდან დაიწყო ის მეგობრობა, რომელზეც პოსტის დასაწყისში ვსაუბრობდი და რომელსაც ძალიან ბევრი კარგი დღე მოჰყვა – ტაბახმელაში, აბასთუმანში, ბორჯომში, ბათუმში და ა.შ.

უშუალოდ აკადემიურ პროცესებს რაც შეეხება, ბევრჯერ და ხმამაღლა დამიფიქსირებია ჩემი აზრი იმის შესახებ, რომ ამ მხრივ უნივერსტეტში ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი, თუმცა მაინც მახსენდება ისეთი ლექციები, რომელთაც სიამოვნებით ვესწრებოდი, მახსენდება ისეთი ლექტორები, რომლებთანაც ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ მომცა და, დარწმუნებული ვარ, მათ რომ ხელშეწყობა ჰქონოდათ კიდევ უფრო ბევრს მომცემდა.

არასოდეს დამავიწყდება ბატონი ვახტანგ იმნაიშვილი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. არასოდეს დამავიწყდება თამაზ ჯოლოგუას ლექციები და მისი კეთილი ღიმილი. არასოდეს დამავიწყდება ის შემთხვევა, როცა სოციალური მუშაობის ლექტორს, თეონა მატარაძეს სიზარმაცის გამო სხვისი დავალება გადავუგზავნე, ის კი ამას მიხვდა და მაინც მომცა შანსი ეს შეცდომა გამომესწორებინა – მაშინ უკვე პასუხისმგებლობით მოვეკიდე პრეზენტაციას და მთელი აუდიტორიის წინაშე გამოვედი.  არ დამავიწყდება მარინა ვაშაყმაძე და მისი ენერგიულობა და გაბედულობა თუნდაც მაშინ როცა “თარგმნეს” ამბებზე გიორგის და ლაშას სწორედ მისი ლექციის დაწყებამდე გაურჩიეს საქმეები “თვითებმა” . არ დამავიწყდება ნიკო ნერგაძე, რომელსაც ლექციებამდე ბევრი წლით ადრე “ოზონში” Coldplay-ზე გამოქვეყნებული რეცენზიის გამო გაბრაზებული მეილი მივწერე და მაშინ არც კი წარმომედგინა თუ ჩემი ერთერთი საყვარელი ლექტორი გახდებოდა, რომელიც ერთხელ, უბრალოდ facebook-ზე მომწერდა და მომიკითხავდა, როგორც თვითონ თქვა “დამხედავდა” რას ვშვებოდი. არ დამავიწყდება გია ბუღაძის ლექციები, ჯერ სამხატვრო აკადემიის ულამაზეს დარბაზში და შემდეგ ჩვენთან, მეექვსეში. არ დამავიწყდება ნანა საჯაია, რომელიც ჩვენზე სულ რამდენიმე წლითაა უფროსი, ლექციებზე საკმაოდ მკაცრია, თუმცა შესვენებაზე ჩვენთან ერთად გამოდიოდა ხოლმე ყავის დასალევად. არ დამავიწყდება თათია მჟავანაძე, რომელმაც რადიო და მონტაჟიც კი შემაყვარა. არ დამავიწყდება ნათია კუპრაშვილი, რომლის დავალებამაც მე და ირმას აი ეს ჩაგვაწერინაა, არ დამავიწყდება ჩემი საბაკალავროს ხელმძღვანელი, თამარ ბელქანია.

P.S.: რაღაც სამადლობელო სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა ეს ბოლო ნაწილი, მაგრამ ვაი თუ ოდესმე სკლეროზი დამემართოს და ეს ყოველივე მაინც დამავიწყდეს :)

P.P.S.: ახლა ჯობს წავიდე, ბოლო ლექცია კი მქონდა, მაგრამ ხვალ პირველი გამოცდა მაქვს ნანასთან და არა მგონია მარტო აქ მოხსენიების გამო დამიწეროს ქულა :D :D

Advertisements

Fake

დიდი ხანია არ დამიწერია, თუმცა დღეს ისეთი ფაქტი მოხდა, რამაც გადამაწყვეტინა, რომ ამ ბლოგს დავბრუნებოდი. ერთერთ წინა პოსტში ვწერდი, რომ შარშან მოხდა ასეთი შემთხვევა, თვითმმართველობის წევრებმა ცემეს ჩემი მეგობრები.

აღმოჩნდა, რომ დღეს მსგავსი ფაქტი კვლავ განმეორდა და ისევ 2 სტუდენტი არის ნაცემი, ისევ და ისევ უნივერსიტეტის თვითმმართველობის გაკრიტიკების გამო. კარგია, ის რომ ამ ფაქტს მეტი გამოხმაურება მოჰყვა, თუნდაც თვითონ დაზარალებულთა მხრიდან, ისინი არ გაჩუმებულან და რამდენადაც ვიცი, აპირებენ პოლიციასთან თანამშრომლობას.

ასევე, რამდენიმე დღეა, რაც FB-ზე გამუდმებით შეარდება ვიღაცების პირადი საუბრების სქრინშოტები. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვაქცევდი ამას ყურადღებას და არ ვიყავი საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა, თუმცა დღეს ჩემმა ერთერთმა friend-მა, რომელიც თავად თვითებში იყო დააშეარა ასეთივე სურათი და 2 წუთში წაშალა. ცოტა ხანში ეს სურათი ისედაც გავრცელდა და მოედო მთელ ინტერნეტსივრცეს. ამის შესახებ ბევრ ბლოგზე დაიწერა და დამტკიცდა, რომ არის უნიჭოდ გაკეთებული და ყალბი ფოტო.

დაწვრილებითი ინფოსთვის იხილეთ ეს პოსტი

 

გადავსებული აუდიტორიები

მართალია, იშვიათად ვწერ, მაგრამ ვცდილობ ჩემს პოსტებში იმ პრობლემებს შევეხო, რომელთა მოგვარებაც ძნელი სულაც არ არის… უბრალოდ, რატომღაც არავის უნდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. დღეს მინდა ვისაუბრო გადაჭედილი აუდიტორიების შესახებ. არ ვიცი, ამ მხრივ რა სიტუაციაა სხვა ფაკულტეტებზე, ამიტომ მე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტების გასაჭირზე გიამბობთ (და შევეცდებო, რამდენიმე დღეში ფოტომასალაც ავტვირთო)…

როგორც იცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი ყოველწლიურად ათასობით სტუდენტს იღებს. ჩვენს ფაკულტეტზე 700მდე აბიტურიენტი აბარებს ხოლმე. წესით, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან 11 კორპუსი ნამდვილად იძლევა ჯამში 20 000 სტუდენტის თავისუფლად დატევის საშუალებას. ამის მიუხედავად, ხშირად გვიტარდება ისეთი ლექციები, სადაც საუკეთესო შემთხვევაში ერთ მერხზე 3-4 კაცს ერთად გვიწევს ჯდომა, უფრო უარესსში კი პირდაპირ იატაკზე ვთავსდებით.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს სწავლის ხარისხზეც. როცა არაკომფორტულად ზიხარ, დაძაბული ხარ, რომ გვერდზე მჯდომი ზედმეტი მოძრაობებით არ შეაწუხო. დიდ აუდიტორიებში არის სმენადობის პრობლემაც. რადგან ბოლო რიგებში მიჭუჭყნულ სტუდენტებს ხშირად არ ესმით რას ლაპარაკობს ლექტორი (ეს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორიაში მიკროფონი არ დგას).

არ ვიცი, რატომ არის ასეთი ძნელი, დასხდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და შეადგინონ ნორმალური ცხრილები, განსაზღვრონ სტუდენტების ის მაქსიმალური რაოდენობა, რაც უნდა იყოს ლექციაზე. გაყონ ეს 100კაციანი ჯგუფები, 2-3 ნაწილად…

ამ შემთხვევაში ალბათ ლექტორებისათვის ხელფასის გაზრდა მოუწევთ (თუ მათი ჰონორარი სალექციო საათებზეა დამოკიდებული), მაგრამ, მგონი, დროა მოეშვან ჩვენი განათლების ხარჯზე ეკონომიის კეთებას.

თსუ-ს Flashmob

სულ რამდენიმე კვირაა, რაც ტელეკომპანია ”იმედმა” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ახალ პროექტში ჩართო. გადაცემას ”ფლეშმობ შოუ” ჰქვია და, შესაბამისად, უნივერსტეტები ერთმანეთს ფლეშმობებით ეჯიბრებიან. საუკეთესოს მაყურებელი ავლენს sms-ების მეშვეობით. თუმცა, რატომღაც, ყოველთვის მგონია, რომ ასეთ კონკურსებში მაყურებლები კი არა, ისევ და ისევ მონაწილეები და მათი ნაცნობ-მეგობრები ამესიჯებენ ხოლმე. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა…

სხვა უნივერსტეტებთან ერთად ”ფლეშმობ შოუში” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთო. პირველ რიგში, ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი, რომ მათ მიერ დადგმულ ფლეშმობში სულ რამდენიმე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა (მე დაახლოებით 15-20 კაცი დავთვალე) და ეს მაშინ, როდესაც თსუ-ში ათასობით სტუდენტი სწავლობს. ჩემი აზრით, ასეთი რესურსის გამოუყენებლობა სისულელეა, რადგან მასშტაბურობა ფლეშმობს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

თსუ-ს ფლეშმობმა კი არანაირი ოვაცია არ გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ არჩეული ლიდერის, სამური ბალდეს მიმართ მე სიმპათიით ვარ განწყობილი, მისი გამოსვლაც ძალიან უფერული მომეჩვენა.

საერთოდ, ვერ მივხვდი, რის საფუძველზე შეირჩა ეს ჯგუფი ფლეშმობის ჩასატარებლად? ჩვენს უნივერსტეტს 11 კორპუსი აქვს, ის არ არის პატარა, 300 და 400 კაციანი სასწავლებელი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. მაინტერესებს რატომ არ გამოცხადდა ინფორმაცია ამ შოუს შესახებ მთელს უნივერსტეტში? რატომ არ ჩატარდა კასტინგი?

დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი ფლეშმობი დაიდგმებოდა, ვიდრე სავაჭრო ცენტრში ტამტამების ფონზე ქოთნის ყვავილების შეტანაა… და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი, სადაც 20 000-მდე სტუდენტი სწავლობს, ჯამში შემოსული 8 000 ხმის 13%-ზე გაცილებით მეტს მიიღებდა…

როგორ ვიყოთ ერთდროულად ორ ადგილას?

რადგან 7 და 8 ოქტომბერი თბილისელებისათვი დასვენების დღეებად გამოცხადდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თსუ-ს 2011/12 სასწავლო წლის პირველი კვირა მიიწურა. სტუდენტებმა ადმინისტრაციის კაბინეტებთან მრავალსაათიანი ყურყუტის და sms.tsu.ge-ს განწუყვეტელი refresh-ის შედეგად, როგორც იქნა მოვიპოვეთ კრედიტების გარკვეული რაოდენობა და ახლა ახალი სადარდებელი გამოგვიჩნდა – როგორ დავესწროთ ერთდროულად 2 ლექციას?

მართალია, გვპირდებოდნენ, რომ წელს ცხრილები გამოსწორდებოდა და საფაკულტეტო თუ არა, სპეციალობის (ამ შემთხვევაში, ჟურნალისტიკის) საგნები მაინც არ დაემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. და ამის გამო, დღეს ზუსტად 2 საათის განმავლობაში ვცდილობდით ორ თანაბარ ჯგუფად ისე გადავნაწილებულიყავით, რომ ერთი ლექციის ხარჯზე მეორე არ გაგვეცდინა.

ერთი შეხედვით, რა მომხიბლავად ჟღერს ცხრილების ჩვენს გემოზე შედგენა, მაგრამ ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ მიმართ მონიჭებული ამ ბედნიერების უკან მე უპასუხისმგებლობას უფრო ვხედავ. აბა, ვის ექნება იმის დრო, რომ საგნების არჩევისას დღეებს და საათებს დაუწყოს შემოწმება? საგანი გახსნილია – მაშინვე უნდა დააფიქსირო, თორემ 2 წუთის შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს…

ზოგჯერ გვიმართლებს და ლექტორს ჩვენთვის მისაღებ დროსაც აღმოაჩნდება ხოლმე მეორე ჯგუფი, მაგრამ უფრო ხშირად იმაზეც სხვა საგანი გვემთხვევა და ვართ ასე – ხან ერთს ვესწრებით, ხან მეორეს. ხან 2 საათს ვანაწილებთ 2 საგანზე. მოკლედ, როგორც მოვახერხებთ.

ადმინისტრაციის პასუხი კი ყოველთვის ერთია – ეს მე არ მეხება, მე რა გავაკეთო, ამასთან მიბრძანდით, იმასთან განცხადება დაწერეთ, ეს ქენით, ის ქენით…

მოკლედ, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. თვითონ რას გვიკეთებენ ნეტა?

სტუდენტების პროტესტი

 

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და ამ ბლოგზე მის შესახებაც ვაპირებ წერას.

დღეს სწავლა დაიწყო. ჩემთვის ეს უკვე მეხუთე სემესტრია. ვფიქრობ, ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ – არც ძალიან წარმატებული და არც ბოლო რიგებში მყოფი. ამას თავიდანვე იმიტომ ვუსმევ ხაზს, რომ ვინმემ არ იფიქროს ლექტორებსა და ადმინისტრაციაზე დაბოღმილს აუცილებლად რაიმე ცუდის გამოძებნა მინდა.

დაახლოებით მსგავსი ბრალდება წაუყენეს დღეს იმ სტუდენტებს, რომელთაც საუნივერსიტეტო განათლების სისტემასა და თსუ-ში არსებული პრობლემები გააპროტესტეს.

თვალსაჩინოებისათვის, უყურეთ ”ლიბერალის” რეპორტაჟს:

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ყველა სტუდენტს და, განსაკუთრებით, პირველკურსელებს ულოცავს სწავლის დაწყებას და არწმუნებს, რომ ”საქართველოში ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში ჩააბარეს, სადაც მაღალი დონის განათლებას მიიღებენ.”

თუმცა თავადვე ამბობს, რომ ობიექტური არ არის… ამის გამართლება კი, ისაა რომ ეს მისი მშობლიური უნივერსიტეტია. მერე რა, ჩემთვისაც მშობლიურია, მაგრამ მის ობიექტურად შეფასებაში ეს ხელს არ მიშლის.

ამიტომ ძალიან ხმამაღლა ვიტყვი: თსუ-ში მაღალი დონის განათლებას ვერ მიიღებ!!!

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ ამბობენ ”თუ სწავლა გინდა, ისწავლიო”. ნუთუ ეს უნდა იყოს მოუწესრიგებელი ცხრილების, გადავსებული აუდიტორიების, არარსებული ლიტერატურის, ქსეროქსებში გადაყრილი ფულის და კიდევ უამრავი სხვა პრობლემის გამართლება?

არ შეიძლება, რომ სწავლისთვის კარგი პირობები შეიქმნას და ადამიანი, რომელიც 4 წლის შემდეგ ამ უნივერსიტეტიდან გავა, თავს სამამულო ომის გმირად არ გრძნობდეს, რომელმაც მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ რაღაცას მიაღწია?

თუმცა, ჩვენი რექტორი, სანდრო კვიტაშვილი ამ ყველაფრიდან უფრო მარტივ გამოსავალს ხედავს და უკმაყოფილო სტუდენტებს უბრალოდ უნივერსტეტის დატოვებისკენ მოუწოდებს შემდეგი სიტყვებით: ”თუ ვინმე რამეს გატყუებთ, ძალიან გთხოვთ, თქვენს თავებს მიხედეთ და ჩვენ ნუ გვაწუხებთ!”

აი, ასე: როდესაც თავს მოტყუებულად ვგრძნობთ, თურმე უნდა გავჩუმდეთ და ჩვენი მომტყუებლები არ შევაწუხოთ… ჩვენს რექტორს ბავშვობაში ბაღი არ მოსწონებია და ამის შესახებ ხმამაღლა უთქვამს (თუ უტირია?)… ნუ, მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ სხვაგან გადაიყვანეს. ჩვენ უნივერსტეტში რაღაც პრობლემებს ვხედავთ – უნდა გადავიდეთ. მაინტერესებს, როდესაც არა სასწავლებლის, არამედ ზოგადად ქვეყანაში არსებული პრობლემების წინაშე გამოვთქვამთ პროტესტს, ქვეყნის დატოვებასაც ხომ არ მოგვთხოვს?

ვიდეოს ბოლო ნაწილში, ალბათ, შენიშნავდით, რომ უკმაყოფილო სტუდენტები რექტორისაგან ითხოვენ ხელშეუხებლობის გარანტიას. მათთვის, ვინც საქმის კურსში არაა, განვმარტავ, რომ ჩვენი უნივერსიტეტისთვის არც ცემა-ტყეპაა უცხო ხილი. შარშან, ჩემს თვალწინ თვითმმართველობის წევრებმა 2 ბიჭი გალახეს. მაშინ ისინი სახელმძღვანელოების თარგმნას ითხოვდნენ…

დღევანდელი მოვლენების შესახებ ხმა არ ამოუღიათ არც რუსთავი2-ის და არც იმედის ჟურნალისტებს. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგის გახსნა და იმ პრობლემებზე წერა, რისი შეცვლაც გვინდა… და არა მათგან გაცლა და თვალის დახუჭვა (როგორც ამას ჩვენი რექტორი გვირჩევს ) .