Childhood memories

ეს პოსტი ძალიან მიყვარს და, მგონი, იმსახურებს აქ ყოფნას ♡

ვილა ყიყლიყო

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ვილა ყიყლიყო” wordpress-ზე დავარეგისტრირე, თუმცა მხოლოდ დღეს გადავწყვიტე პირველი პოსტის დაწერა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო… ალბათ, ჩემი ბავშვობიდან.

სურ0 90-იანების ფოტოატელიე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ. მე ზუსტად იმ წლის 20 დეკემბერს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე, თუმცა მეორე დღეს სამოქალაქო ომი და, როგორც ამბობენ “ბნელი” 90-იანების ერაც დაიწყო. ახლა ვხვდები, რად უჯდებოდათ ჩვენს მშობლებს იმ პერიოდში ცხოვრება, თუმცა მათივე წყალობით ბავშვებმა ეს ნაკლებად ვიგრძენით.

ჩემს საყვარელ მაგალითს მოგიყვანთ – მაშინ, როცა შუქი ქრებოდა (ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა) მამა დამალობანას გვათამაშებდა ხოლმე. ჯერ სამალავის პოვნაში გვეხმარებოდა (მახსოვს, ჩემი ძმა ერთხელ კარადის თავზეც კი შემოსვა), მერე კი მინიშნებებს გვაძლევდა – “ცივა/ცხელას” სახით. ალბათ, ეს უფრო ზამთრის გასართობი იყო, რადგან თბილ ამინდებში მთელ დროს ეზოში ვატარებდით. ჩვენს ქუჩაზე ძალიან ბევრნი ვიყავით და ხშირად გაიგებდით შემდეგ ფრაზას: “დე, 5 წუთიც ვიქნები და ამოვალ” :)

ხანდახან კონცერტებსაც ვატარებდით – მახსოვს, როგორ გულმოდგინედ ვრეპეტიციობდით…

View original post 488 more words

ბოლო ბლოგი ცოტა ხნით მიწაზე დაეშვა

ამდენი წლის შემდეგ პირველად შევცვალე ბლოგის დიზაინი. იასამნისფერი გალაქტიკა ცოტა ხნით ცაში გამოვკიდე და მიწაზე დავეშვი. (თუმცა Tagline და soundtrack უცვლელი რჩება, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ, მაინც სივრცეში ვილივლივებთ)

livliv

ჰოდა, მარტო ბლოგი კი არა, მგონი მეც გავიზარდე. ყოველშემთხვევაში, ამაზე დიდი ჯერ არასოდეს ვყოფილვარ :) მგონი, ზამთარიც თავისას შვება და ყველაზე მეტ დროს აი, ასე ვატარებ – ან საკუთარ თავს ველაპარაკები, ან იმას ვინც მისმენს.  ამიტომ ახლა სულ სხვა ადამიანები გახდნენ უფრო ახლობლები, რადგან მე და ჩემი მეგობრები ყოველ საღამოს ყავას ვსვამთ და მეათასედ ვყვებით ერთსა და იმავე ამბავს. უკვე ვეღარც ვხვდები, ამ დროს ვისვენებ თუ ვიღლები.

გუშინ გადავწყვიტე სახლს და მარტო ყოფნას უფრო მეტი დრო დავუთმო… მოვიმარაგე წიგნები, ფილმები, მუსიკა, საწერი და საჭმელი :)

12400803_933209590062301_2411279316261308750_n

იანვრის წიგნია “ბილი მილიგანის მრავალი გონება”, რომელიც დენიელ კიზმა მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანზე დაწერა. ჯერ ბოლოში არ გავსულვარ, თუმცა იმდენად საინტერესო ამბავია, რომ ინტერნეტში ყველანაირი დოკუმენტური მასალა მოვქექე და, როგორც ბავშვობიდან მახასიათებს, როლში იმდენად შევიჭერი, რომ კინაღამ საკუთარ თავსაც ეს დიაგნოზი დავუსვი – სულ რაღაც 5 წუთით, მაგრამ მაინც.

იანვრის ფილმს რაც შეეხება, ჯერ არ მინახავს, მაგრამ review-ების მიხედვით ამ ნომინაციაში გამარჯვებულად “ლობსტერს” ვასახელებ – იმიტომ რომ ფილმის თემატიკა და ჩემი ბოლოდროინდელი ფიქრები ერთმანეთს კვეთენ. ნანახი რომც მქონდეს, ამაზე უკეთესად ვერ დავწერდი, ამიტომ ბაჩო ოდიშარიას რეცენზია წაიკითხეთ.

იანვრის მუსიკოსი მხოლოდ ჩემთვის კი არა, მგონი მთელი მსოფლიოსთვის დევიდ ბოუია. ამიტომ დროა დედამიწიდან ავიბარგო და ისევ გალაქტიკისკენ გავფრინდე. დანიშნულების ადგილი – პლანეტა მარსი…

 

24

 

გუშინ ღამით ვიწექი და გასულ წელზე ვფიქრობდი. ნელ-ნელა მახსენდებოდა რაღაც ფაქტები და მიკვირდა – აუ, ესეც წელს მოხდა? არადა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხანი გავიდა და უკვე მავიწყდებოდა კიდეც.

მოკლედ, სულ რამდენიმე წუთში 24 წლის ვხდები და რადგან ახალი წელიც კარს მოგვადგა, ტრადიციულად ვიწყებ 2015-ის შეჯამებას.

ზუსტად 2 წლის წინ დავწერე ეს ძალიან გრძელი პოსტი , სადაც ვამტკიცებ რომ 2013 ძალიან ნაყოფიერი და მრავალფეროვანი წელი აღმოჩნდა ჩემთვის. ჰოდა, ასე გაგრძელდა 20142015-შიც, მაგრამ წელს, ისევე როგორც შარშან, სიცარიელის და დაღლილობის შეგრძნება არ მტოვებს.

ვიცი, რომ არიან ადამიანები და მათი ყოველი დღე ერთმანეთს გავს. წლები ჭირდებათ რაღაცის შესაცვლელად – თმის ვარცხნილობიდან დაწყებული, სამსახურით დამთავრებული. ჩემთან კი გამუდმებით სიახლეა და, ალბათ, ეს გაცილებით საინტერესოა, მაგრამ ცოტათი დამღლელიც… იმიტომ, რომ ხშირად ეს ცვლილებები არც ისე უმტკივნეულოა.

  • მოგზაურობა

სულ ვიძახი, საქართველო უნდა შემოვიარო მეთქი, მაგრამ ეგ გეგმა ვერც წელს შევასრულე, სამაგიეროდ 4 ქვეყანაში ვიყავი: სომხეთში და საფრანგეთში – პირველად, უნგრეთში და ჩეხეთში – განმეორებით. თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ევროტურის ბილეთები საკუთარი ფულით ვიყიდე და ამით ვამაყობ, რადგან პირველად გავუკეთე ჩემს თავს ასეთი საჩუქარი.

  • კარიერა

წლის დასაწყისიდან ზაფხულამდე ბასტი-ბუბუში ვმუშაობდი. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, პატარებთან ურთიერთობა და გადაღებები. ამავე პერიოდში, პარალელურად ვმართავდი სათამაშოების მაღაზიის facebook-ს… მოკლედ, მთელი თავით საბავშვო ინდუსტრიაში ვიყავი გადავარდნილი :D ერთ დღეს კი ვიფიქრე, სცენარისტობა ხომ არ მეცადა მეთქი. ამ ამბიდან ზუსტად ერთ კვირაში facebook-ზე ძველმა ნაცნობმა დამამატა და მკითხა – “სცენარისტობით ხომ არ ხარ დაინტერესებულიო”? მოკლედ, ასე აღმოვჩნდი TV11-ში, სადაც 3 თვე გავატარე. ოქტომბრის ბოლოს სცენარის წერას მოვრჩით და მეც “დროებით უმუშევარი” ვიყავი, თუმცა ახლა უკვე 1 კვირაა, რაც ახალი სამსახური დავიწყე.

  • წლის highlight

გადახედეთ ამ პოსტს <3

  • ურთიერთობები: მეგობრები და soulmate

ჰო, წელს ახალი მეგობრებიც შევიძინე. რა საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი? ხომ ამბობენ, რაც უფრო იზრდები ადამიანი, უფრო და უფრო ვიწროვდება შენი სამეგობრო წრეო… იმასაც ვხვდები, რომ ამ სიტყვამ ცოტა სხვა დატვირთვა შეიძინა და დიდი ხანია, რაც soulmate-ობას გაცდა.

აი, რაც შეეხება soulmate-ს… ის ჯერ ნამდვილად არ მიპოვია. სამაგიეროდ, ერთ კარგ ფილმს ვუყურე და ეს დიალოგიც სამუდამოდ ჩამებეჭდა თავში:

Do you believe in soulmates? I do. I like the concept that someone… somewhere … is meant to be with you forever.

December story

არ ვიცი, რატომ მიყვარს დეკემბერი ასე ძალიან – მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადების დღე მაქვს? რატომ ველოდები მისგან ყოველთვის “საჩუქრებს” -რადგან ახალი წელი მოდის?

dec

მარტო მე ხომ არა, ძაალიან ბევრ ადამიანს აქვს იგივე განწყობა. ცდილობენ ამ თვეში სიხარული შეიტანონ სახლში, გაიტანონ ქუჩებში, გაუზიარონ საყვარელ ადამიანებს ან, ზოგჯერ, უცნობებსაც.

სახლის ფანჯრებს თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ საშობაო დეკორაციებს, აციმციმებულ ნათურებს. ზოგიერთმა ვეღარ მოითმინა და უკვე ნაძვის ხეებიც კი დადგა. თბილისის ქუჩებიც ნელ-ნელა ლამაზდება. საღამოობით, ვარჯიშიდან რომ მოვდივარ, ვხედავ როგორ კიდებენ ილუმინაციებს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე.

ერთდროულად სევდიანი თვეცაა დეკემბერი და მხიარულიც.

სევდიანი იმიტომ, რომ გონებაში გასულ წელს აჯამებ… შეიძლება კარგი იყო, შეიძლება ცუდი, ან სულაც არაფრით გამორჩეული, მაგრამ უკვე მაინც წარსულია და ახლა ვეღარაფერს შეცვლი.

სამაგიეროდ, მომავალზე ბევრს ფიქრობ – ახალი წლიდან ახალი იმედები გაქვს… მერე რა, რომ რეალურად ეს ყველაფერი მხოლოდ დროის პირობითი დაყოფაა. მერე რა, რომ შენ ზუსტად ის ხარ პირველ იანვარს, ვინც 31 დეკემბერს იყავი (მაქსიმუმ, ნაბახუსევმა შეგიცვალოს ხასიათი :D ) და ირგვლივაც ბევრი არაფერი შეცვლილა.

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ამ წლებს, ჰოროსკოპებს და ყველაფერს ერთად მართლა რომ ჰქონდეთ მნიშვნელობა. აი, მაგალითად, ახლა ხომ მაიმუნის წელი მოდის და პირველ იანვარს ყველანი რომ ჯუნგლებში ვიღვიძებდეთ… ან 1 წლით ყველანი ვუბრუნდებოდეთ ჩვენს “დარვინისეულ” სახეს.

უფრო კარგად არ გავერთობოდით, რეალობა რომ რომელიმე კომპიუტერულ თამაშს გავდეს, სადაც ყველა ტურში სხვადასხვა სამყარო გხვდება?

დეკემბერზე წერით დავიწყე და სად წავედი… მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი იდეა ძალიანაც მომეწონა :)

 

 

Why does my heart feel so bad ?

ჩემი მოგზაურობის ბოლო დღე დაიწყო – უკვე 2 კვირაა, რაც ევროპაში ვარ. კიდევ ერთხელ მოვინახულე ბუდაპეშტი და პრაღა, მაგრამ მთავარი მაინც პარიზში ირმასთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე იყო.

თუმცა ამ პოსტში არ ვაპირებ ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარებას, რადგან ჩემი გონება სულ სხვა ფიქრებით არის მოცული.

გული მტკივა და ვგრძნობ, რომ ძალიან დავიღალე… თურმე შეიძლება დილით უბედნიერესმა გაიღვიძო, რადგან სასიამოვნო, სუნთქვისშემკვრელი მესიჯი დაგხვდა, მაგრამ იმავე საღამოს ცრემლებით დაასველო ბალიში და ვერც კი დაიძინო, რომ იქნებ როგორმე თავი დააღწიო საშინელ ფიქრებს.

ყოველ ჯერზე გგონია, რომ ასე ცუდად არასოდეს ყოფილხარ… და ეს არ სრულდება. თითქოს ბედნიერება, რომელსაც ეძებ მინდორში გაფრენილი პეპელაა… დასდევ, შეიძლება დაიჭირო კიდეც, მაგრამ 3 დღეში მაინც მოკვდება…

The Bitter End

მომენატრა ჩემს თავზე წერა :)

სამსახურის გამო სცენარებზე ვარ გადართული და თან ბოლო დროს ერთი იდეა ამეკვიატა – მგონია, რომ ძალიან ეგოცენტრული ვარ. სულ “მე, მე, მე”. მოთხრობებსაც კი პირველ პირში ვყვები. მაგრამ ეს ბლოგი, სამყაროს უკანასკნელი ბლოგი, იასამნისფერი და კოსმოსური, რომელიც სივრცეში ლივლივებს, მხოლოდ ჩემზეა და დანარჩენ გალაქტიკაზე ჩემი ორბიტის გარშემო, რომელსაც ჩემი თვალი და გონება წვდება.

თუმცა ჩემმა საქმემ ცოტათი მაინც წაიღო ჩემი ეგოიზმი და ბავშვებისადმი კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ჩაანაცვლა. მე მათთან ურთიერთობა მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მათგანაც იმავეს ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, თავში “ვილა ყიყლიყოს” იდეა მომივიდა. ბლოგი ჯერ მხოლოდ დასაწყისია (პირველი პოსტი 1 ივნისს დაიდება)… უამრავი გეგმა მაქვს, რომლებსაც, იმედია, განვახორციელებ.

აქ კი, აქ ვიქნები თამთა და იყო თამთა ნიშნავს იყო გულწრფელი და თქვა, რომ დაიღალე მუდმივი მისვლა-მოსვლით შენს ცხოვრებაში.

რომ ბოლო 1 წელში ყველაზე მეტმა ადამიანმა გაგიცრუა იმედები, მაგრამ თითქოს შვება იგრძენი, რადგან ნახევრად ყოფნას სულ წასვლა ჯობს.

რომ ჯერ ისევ ეძებ საკუთარ გზას.

რომ ისევ ოცნებობ, ოღონდ რატომღაც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის გეშინია.

რომ ძალიან გჭირდება ემოციები, მაგრამ თავს ვერ უყრი.

რომ ისევ გიტრიალებს თავში სიტყვათა შეთანხმება “cant-live-without-each-other-love”…

P.S.: პოსტის სათაური არის სრულიად random, Placebo-ს იმ სიმღერის სათაური, რომელიც მისი დასრულებისას აღმოჩნდა ჩართული playlist-ში.

დღეს, შარშან (01.02)

თუ ჩავთვლით, რომ ბლოგზე ახალ პროექტს ვიწყებ, ალბათ ამ პროექტს “ნოსტალგია” უნდა დავარქვა.

შარშან ამ დროს ხომ რუმინეთში ვიყავი – უფრო ზუსტად გეტყვით, კრაიოვასკენ მიმავალ რომელიმე მანქანაში ვიჯექი სუზანთან ერთად. თარიღი ასე კარგად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ თამარას დაბადების დღე იყო და მასთან მივიჩქაროდით. კრაიოვაში მოსაღამოებულზე ჩავედით. მძღოლს ვთხოვეთ რომელიმე მაკდონალდსთან ჩამოვესვით, რადგან იქ სითბო და wifi გვეგულებოდა. ანგარიშზე არც ერთს არ გვქონდა, თამარას კი facebook გაუუქმებია. ამიტომ ინსტაგრამზე ასეთი მესიჯი დავუტოვე

for Tamara

მართლაც ცოტა ხანში ხოსემ დაგვირეკა და გვითხრა რომ უნივერსიტეტთან შეგვხვდებოდა. უნივერსიტეტის შენობას როგორღაც მივაგენით, თუმცა შემდეგ დაახლოებით 1 საათიანი ლოდინი მოგვიწია – საშინლად ციოდა და რომ არ გავყინულიყავით კიბეებზე დავრბოდით. ბოლოს როგორც იქნა ხოსე გამოჩნდა და წაგვიყვანა თამარას სახლისკენ. ახლა გამახსენდა, რომ დიდი თოვლი იდო – ერთ ქუჩაზე გაგვატარა, სადაც სულ საქორწინო კაბები იყიდებოდა.

მივედით თამარასთან, ყველანი შეკრებილები იყვნენ და სამზარეულოში სვამდნენ. მაგიდაზე შოკოლადები ეყარა, რომელიც თამარას აჩუქეს ლიენემ და გურკანმა. მგონი, ძალიან ბევრი სახელი ვახსენე – Let me introduce them to you :)

სუზანი აუცილებლად გეცოდინებათ, თუ ჩემს ბლოგს აქამდეც კითხულობდით – ის ჩემი ფრანგი რუმმეითი იყო. ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. ერთადერთი “წყვილი” ვიყავით ჩვენს სახლში, რომელიც ბოლომდე ერთად დარჩა- ანუ თავიდან 2-2 ვცხოვრობდით ოთახებში, მაგრამ გაზაფხულზე ჩვენმა “ბოსებმა” მოგვცეს უფლება ცალცალკე გადავსულიყავით ოთახებში, რადგან გათბობა საჭირო აღარ იყო და ეკონომიის გაკეთება არ უწევდათ. მხოლოდ ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ ერთად დავრჩენილიყავით, დანარჩენები დაიშალნენ – არადა თავიდან ამას როგორ ვიფიქრებდი. არა იმიტომ, რომ დასაწყისში ცუდი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ სუზანი ხვრინავდა, ეს კი ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია. მერე შევეჩვიე და აღარ მაწუხებდა ხოლმე. ხანდახან მასზე ადრე დაძინებასაც ვასწრებდი და, მოკლედ, კარგად ავეწყვეთ :)

თამარა პრედეალში, მოხალისეების arrival meeting-ზე გავიცანი – სიაში წავიკითხე რომ ქართული სახელი და გვარი ეწერა, თუმცა ბელარუსიის გასწვრივ. იქვე ვიკითხე ხომ არ იცით ვინაა-მეთქი, ერთ-ერთმა გოგომ მიპასუხა – მე ვარო :) აღმოჩნდა რომ მამა ქართველი ჰყავდა, თუმცა ბელარუსიაში გაიზარდა და აქ სულ რამდენჯერმეა ნამყოფი. თვითონ ამბობს რომ ის არის “Bellarusian Girl with Georgian Heart”. სწორედ მისი დაბადების დღე იყო იმ 1 თებერვალს, მე რომ ვიხსენებ და, შესაბამისად – დღესაც. ახლა უკვე მოსკოვში ცხოვრობს და სტიუარდესობისთვის ემზადება.

ხოსე ესპანელია. ისიც პრედეალში გავიცანი – მხიარული ბიჭია, თუმცა მასთან ბევრი საერთო არასოდეს მქონია. ამ პერიოდში სუზანის secret boyfriend იყო ან გნებავთ, friend with benefits :D

ლიენე და გურკანი ერთმანეთს ასევე პრედეალში შეხვდნენ და მას შემდეგ, ე.ი. დღემდე ერთად არიან. ზუსტად რამდენიმე დღის წინ სუზანი რიგაში გაემგზავრა მათ მოსანახულებლად. გურკანი თურქია, მაგრამ EVS-ის შემდეგ ლიენესთან გადაცხოვრდა ლატვიაში.

ამ ფოტოზე კი ჩემთან, სუზანთან და თამარასთან ერთად ლიტველი იუსტინაა. მას პირველად ბუქარესტში შევხვდი, ჩვენს საახალწლო trip-ზე ახლდა ხოსეს. აღმოჩნდა რომ საქართველო შორიდან უყვარდა, რომელიღაც ქართულ-ლიტვური სერიალიდან :)

feb1

თამარას წვეულება ბოულინგ კლუბში გაგრძელდა და შემდეგ უკვე მოსაყოლიც აღარაფერია :) აი, ჩემს პროექტს რაც შეეხება მინდა რომ თარიღეების შესაბამისად შარშანდელი დღეებზე ვწერო და ფოტომოგონებებიც დავურთო. ამით ცოტათი მაინც მოვიკლავ მონატრების გრძნობას და იმედია, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ^^