Updates

უკვე იმდენი თვე გავიდა ჩემი უკანასკნელი პოსტიდან, აღარც ვიცი რა უნდა მოვყვე. ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და, რეალურად რომ გესაუბრებოდეთ, ალბათ, რამდენიმე საათს გაუჩერებლად ვილაპარაკებდი (ეს, როგორც წესი, არ მახასიათებს, მაგრამ მაინც).

liv

ბოლოს სად გავჩერდით? დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე და დღემდე ასეა. ნახევარი წელი გავატარე ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში. უფრო სწორად, საძინებელში :) ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სახლში ძალიან გვიან მოვდივარ ხოლმე, თუმცა ეს დრო მაინც იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ აქაურობა ძალიან შემიყვარდა.

რა იცვლება? ბოლომდე მეც არ ვიცი რატომ, თუმცა გადავწყვიტე ახალ ბინაში გადასვლა და მეგობართან ერთად ცხოვრება. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია, რომლამდეც სულ რაღაც 1 თვე მაშორებს. Flatmate-ები აქამდეც მყოლია და თანაც 5! მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ EVS მხოლოდ რეპეტიცია იყო დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის. მაშინ არ მიწევდა კომუნალურებზე, დოლარის ვალუტაზე და ასეთ რამეებზე ფიქრი. დღეს კი უკვე ვიცი, თუ შემთხვევით დენის ფულის გადახდა დამავიწყდა, სახლში მოსულს თავის მოწესრიგება სანთლის შუქზე მომიწევს. (დიახ, ეს ერთხელ მოხდა და, სხვათა შორის, იმ ღამეს ადრე დავიძინე : )

სხვა რა ხდება? ამ ექვსთვიან მონაკვეთში ახალი და, შეიძლება ითქვას, საოცნებო სამსახური დავიწყე. შარშან ამ დროს გადავწყვიტე, რომ მარკეტინგულ სააგენტოში მინდოდა მუშაობა. ცდა ჯინჯერსიდან დავიწყე, თუმცა მოგვიანებით რედბერიში გადავინაცვლე და უბრალოდ შეყვარებული ვარ მასზე!

რამეს ხომ არ დაამატებდით? კი! სულ რამდენიმე დღეა დავბრუნდი მოგზაურობიდან, რომლის მთავარი მიზანიც ნიქ ქეივის კონცერტზე დასწრება იყო. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ სასწაულს, რაც ვარშავაში 24 ოქტომბერს მოხდა. ჩემი საყვარელი მომღერალი თავის ჯგუფთან ერთად კიდევ უფრო შემიყვარდა.

ასეთი ამბებია ჩემკენ, თქვენ როგორ ხართ?

Advertisements

5 რჩევა მათ, ვისაც ბინის ქირაობა სურს

უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში დავსახლდი, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლად სხვა პოსტში მოგიყვებით. აქ კი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რაც ბინის ძებნის, შერჩევისა და ქირაობის პროცესს უკავშირდება.

ჰომმ

  1. სანამ ძებნას დაიწყებთ, პირველ რიგში, თქვენთვის წარმოიდგინეთ იდეალური ვარიანტი, სადაც აუცილებლად გაითვალისწინებთ ადგილმდებარეობას, ფასს, ფართს, მდგომარეობას და სხვა დეტალებს. მაგალითად, მე, ვეძებდი:
  • ერთ ან ოთახნახევრიან ბინას
  • საბურთალო-ვერა-ვაკეს მიდამოებში
  • მაქსიმალური ბიუჯეტი – 500 ლარი
  • სუფთა, თუნდაც ძველი რემონტი
  • მაღალი სართული/აივანი – სასურველი იყო
  • ტრანსპორტი – ქირა საგრძნობლად დაეტყობა თქვენს ჯიბეს, ამიტომ თუ აქამდე სულ ტაქსით სარგებლობდით, დროა გაარკვიოთ რა ნომერი ავტობუსი მიდის თქვენი ახალი ბინიდან სამსახურისკენ :)

ეს მონაცემები ძალიან დამეხმარა განცხადებების გაფილტვრაში და საბოლოოდ არც ისე ბევრი ბინიდან მომიწია ამორჩევა, რადგან ამ ფასად ამ უბნებში ძალიან ცოტა თუ აქირავებდა.

2. ნუ გადადებთ ბინის ნახვას – ძებნის პროცესში აღმოჩნდა, რომ განცხადებების უმეტესობა სააგენტოების განთავსებულია და მათთან ურთიერთობა არც ისე კომფორტულია. მაგალითად, ერთი და იგივე ბინის განცხადება, 2-3 საიტზე სხვადასხვა სააგენტოს ედო და რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ სანამ მე ერთს დროზე ვუთანხმდებოდი, მეორემ უკვე გააქირავა. ასე რომ, შეეცადეთ მაშინვე წახვიდეთ ბინის სანახავად და, თუ ძალიან მოგეწონებათ, ბევრიც არ იყოყმანოთ – როგორც ჩანს, გასაქირავებელ და, თანაც, შედარებით იაფიან ბინებზე დიდი მოთხოვნაა.

3. გაიკითხეთ ნაცნობებში – პირადად მე, ბინა საბოლოოდ მაინც განცხადების და მაკლერის საშუალებით ვიპოვე, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირდაპირ მეპატრონესთან კონტაქტზე გასვლა გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს. ორკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, facebook-ზე სტატუსი გამოვაქვეყნე და რამდენიმე ვარიანტი მაშინვე გამოჩნდა, თუმცა ზოგის ფასი არ მაწყობდა და ზოგის ადგილმდებარეობა – ვინ იცის, იქნებ თქვენ უფრო გაგიმართლოთ?

4. ბინის სანახავად მარტო ნუ წახვალთ – მართალია, მარტო ცხოვრებას აპირებთ, თუმცა სასურველია, თუ სანახავად თან მეგობარს ან ოჯახის წევრს გაიყოლებთ. მით უმეტეს, თუ პირველად ქირაობთ ბინას. შეარჩიეთ ისეთი ადამიანი, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. იმავეს გირჩევთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეპატრონეს ბეს ან მთლიან თანხას ხელზე გადასცემთ.

5. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს – ბინა, რომელიც ვიქირავე 100%-ით ემთხვეოდა ჩემს თავდაპირველ, სასურველ ვარიანტს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არის დეტალები, რომლებსაც ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მაგალითად, აზრადაც კი არ მომსვლია შემემოწმებინა მუშაობდა თუ არა სარეცხი მანქანა, იკეტებოდა თუ არა აივნის კარი და ა.შ. ეს ხარვეზები მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც საცხოვრებლად გადმოვედი.

თუმცა ძალიან კარგი მფლობელი შემხვდა – მაგალითად, როცა ბინის ქირაობიდან 2 კვირის შემდეგ ვუთხარი, რომ სარეცხ მანქანას ვერ ვრთავდი, ეჭვიც კი არ შეპარვია ჩემს სიტყვებში, ისე გამომიგზავნა ხელოსანი. ასევე, თავიდანვე თვითონ გამაფრთხილა უცნაური “შტეფსელების” შესახებ, რომელთაც გადამყვანი სჭირდება, თორემ მე ტელეფონის დაჯდომამდე არც კი გამახსენდებოდა ამის შემოწმება :)

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი რჩევები.

თუ უკვე გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით, აუცილებლად გამიზიარეთ. დარწმუნებული ვარ, რაღაც გამომრჩა :)

ჩემთვითონ

პატარა რომ ვიყავი ამ სიტყვას თურმე ხშირად ვიყენებდი ხოლმე. ფაქტია, ძალიან მომწონდა ყველაფრის “ჩემთვითონ” კეთება. არის რაღაც თვისებები, რაც ბავშვებს კოჭებშივე ეტყობათ და ჩემს შემთხვევაში ეს თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო.

pippi

ზუსტად ამიტომ გახდა პეპი ჩემი საყვარელი პერსონაჟი – პატარა, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონა, რომელიც მარტო ცხოვრობდა და ნებისმიერ გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, კიდევ უფრო ბევრი წიგნიც წავიკითხე, მაგრამ პეპი გრძელიწინდა დღემდე რჩება იმ პერსონაჟად, რომელთანაც თავს ვაიგივებ (ოღონდ ბესო ჩუბინიძეს არ უთხრათ).

ახლა კი მთავარი ამბავი: უკვე თითქმის 1 თვეა, რაც ბინა ვიქირავე და საცხოვრებლად გადავედი. ამაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ბლოგზეც არაერთხელ დამიწერია და, როგორც იქნა, 25 წლის ასაკში I did it !

სწორედ ამიტომ, ვამატებ ახალ კატეგორიას ამავე სათაურით “ჩემთვითონ”, სადაც შევეცდები აქტიურად გაგიზიაროთ გამოცდილება მარტო ცხოვრების შესახებ.