5 რჩევა მათ, ვისაც ბინის ქირაობა სურს

უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში დავსახლდი, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლად სხვა პოსტში მოგიყვებით. აქ კი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რაც ბინის ძებნის, შერჩევისა და ქირაობის პროცესს უკავშირდება.

ჰომმ

  1. სანამ ძებნას დაიწყებთ, პირველ რიგში, თქვენთვის წარმოიდგინეთ იდეალური ვარიანტი, სადაც აუცილებლად გაითვალისწინებთ ადგილმდებარეობას, ფასს, ფართს, მდგომარეობას და სხვა დეტალებს. მაგალითად, მე, ვეძებდი:
  • ერთ ან ოთახნახევრიან ბინას
  • საბურთალო-ვერა-ვაკეს მიდამოებში
  • მაქსიმალური ბიუჯეტი – 500 ლარი
  • სუფთა, თუნდაც ძველი რემონტი
  • მაღალი სართული/აივანი – სასურველი იყო
  • ტრანსპორტი – ქირა საგრძნობლად დაეტყობა თქვენს ჯიბეს, ამიტომ თუ აქამდე სულ ტაქსით სარგებლობდით, დროა გაარკვიოთ რა ნომერი ავტობუსი მიდის თქვენი ახალი ბინიდან სამსახურისკენ :)

ეს მონაცემები ძალიან დამეხმარა განცხადებების გაფილტვრაში და საბოლოოდ არც ისე ბევრი ბინიდან მომიწია ამორჩევა, რადგან ამ ფასად ამ უბნებში ძალიან ცოტა თუ აქირავებდა.

2. ნუ გადადებთ ბინის ნახვას – ძებნის პროცესში აღმოჩნდა, რომ განცხადებების უმეტესობა სააგენტოების განთავსებულია და მათთან ურთიერთობა არც ისე კომფორტულია. მაგალითად, ერთი და იგივე ბინის განცხადება, 2-3 საიტზე სხვადასხვა სააგენტოს ედო და რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ სანამ მე ერთს დროზე ვუთანხმდებოდი, მეორემ უკვე გააქირავა. ასე რომ, შეეცადეთ მაშინვე წახვიდეთ ბინის სანახავად და, თუ ძალიან მოგეწონებათ, ბევრიც არ იყოყმანოთ – როგორც ჩანს, გასაქირავებელ და, თანაც, შედარებით იაფიან ბინებზე დიდი მოთხოვნაა.

3. გაიკითხეთ ნაცნობებში – პირადად მე, ბინა საბოლოოდ მაინც განცხადების და მაკლერის საშუალებით ვიპოვე, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირდაპირ მეპატრონესთან კონტაქტზე გასვლა გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს. ორკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, facebook-ზე სტატუსი გამოვაქვეყნე და რამდენიმე ვარიანტი მაშინვე გამოჩნდა, თუმცა ზოგის ფასი არ მაწყობდა და ზოგის ადგილმდებარეობა – ვინ იცის, იქნებ თქვენ უფრო გაგიმართლოთ?

4. ბინის სანახავად მარტო ნუ წახვალთ – მართალია, მარტო ცხოვრებას აპირებთ, თუმცა სასურველია, თუ სანახავად თან მეგობარს ან ოჯახის წევრს გაიყოლებთ. მით უმეტეს, თუ პირველად ქირაობთ ბინას. შეარჩიეთ ისეთი ადამიანი, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. იმავეს გირჩევთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეპატრონეს ბეს ან მთლიან თანხას ხელზე გადასცემთ.

5. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს – ბინა, რომელიც ვიქირავე 100%-ით ემთხვეოდა ჩემს თავდაპირველ, სასურველ ვარიანტს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არის დეტალები, რომლებსაც ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მაგალითად, აზრადაც კი არ მომსვლია შემემოწმებინა მუშაობდა თუ არა სარეცხი მანქანა, იკეტებოდა თუ არა აივნის კარი და ა.შ. ეს ხარვეზები მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც საცხოვრებლად გადმოვედი.

თუმცა ძალიან კარგი მფლობელი შემხვდა – მაგალითად, როცა ბინის ქირაობიდან 2 კვირის შემდეგ ვუთხარი, რომ სარეცხ მანქანას ვერ ვრთავდი, ეჭვიც კი არ შეპარვია ჩემს სიტყვებში, ისე გამომიგზავნა ხელოსანი. ასევე, თავიდანვე თვითონ გამაფრთხილა უცნაური “შტეფსელების” შესახებ, რომელთაც გადამყვანი სჭირდება, თორემ მე ტელეფონის დაჯდომამდე არც კი გამახსენდებოდა ამის შემოწმება :)

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი რჩევები.

თუ უკვე გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით, აუცილებლად გამიზიარეთ. დარწმუნებული ვარ, რაღაც გამომრჩა :)

რატომ მინდა მარტო ცხოვრება ?!

ჩემ გარშემო, მგონი, ყველამ იცის, რომ ძალიან მინდა მარტო ცხოვრება. პრინციპში, მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მსგავსი სურვილი აქვს. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და თანატოლი “ოცნებობს” ამაზე. ბრჭყალებში იმიტომ, რომ მარტო ცხოვრება არანაირად არ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს და ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია, თუ ამას მართლა მოინდომებს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მოსაწყენია. როგორც ჩანს, ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული… და კიდევ იმაზე, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში ნამდვილად არ მაწყენდა საკუთარი ბინის ქონა.

არ მინდა ჩემი სიზარმაცე მხოლოდ გარემო ფაქტორებს დავაბრალო, თუმცა, ფაქტია, რომ სახლში, სადაც 5 ადამიანი ცხოვრობს, სადაც საღამოს 5-დან 12 საათამდე ტელევიზორი მუდმივ რეჟიმშია ჩართული, სადაც ყველა ხმამაღლა საუბრობს და სადაც ჩემს პატარა საძინებელ-კაბინეტს საერთო ოთახისაგან კედლის მაგივრად შემინული კარები ყოფს, თითქმის შეუძლებელია თუნდაც, შენს გემოზე იმეცადინო, დაიძინო, გაიღვიძო და ა.შ.

ვიცი, ჩემი მშობლებისთვის ცოტათი გაუგებარი და მიუღებელია ჩემი ასეთი სურვილი, მაგრამ თუ ოდესმე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ თავს ამ “ფუფუნების” უფლება მივცე, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები…

მეორე მხრივ, ვიცი, რომ ოთხნიშნა ხელფასის მქონე ადამიანებიც კი გაჭირვებით ქირაობენ ნორმალურ ბინებს. ამ შემთხვევაში ერთ ალტერნატივას განვიხილავ:

 ბინის ქირაობა 1 ან მაქსიმუმ 2 მეგობართან ერთად.

კარგი იქნება, თუ ამ მეგობრებს დაახლოებით ჩემნაირი გრაფიკი ექნებათ. მაგალითად, თუ ჯგუფელები ვიქნებით, გვეყოლება საერთო წრე. გამოცდების პერიოდში ერთად ვიმეცადინებთ, თავისუფალ დროს ერთად გავერთობით და ერთმანეთს ხელს არ შევუშლით და ნერვებს არ მოვუშლით ))

დარწმუნებული ვარ, მარტო ცხოვრება ძალიან კარგი და სასარგებლო გამოცდილება იქნება ჩემთვის. გავხდები უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლი საჭმლის კეთებას, წყლის მოტანას, საწოლის დალაგებას… )))

არ მინდა საკუთარი ოჯახი ისე შევქმნა, რომ ეს ყველაფერი არ გამოვცადო. იმედია, მე ამას შევძლებ ^_^

appartments

ბავშვობიდან ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც საკუთარი სახლი მექნებოდა – ჩემი გემოვნებით მოწყობილი არა მხოლოდ საძინებელი, სამზარეულოც, აბაზანაც და მისაღები ოთახიც.

ახლა ისე გამიმძაფრდა მარტო ცხოვრების სურვილი, რომ ეს ოცნება უფრო შორეული მომავლისთვის გადავდე, რადგან ბინის ყიდვა და გარემონტება/მოწყობა სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. დარწმუნებული ვარ, ოდესმე ნამდვილად მექნება საკუთარი სახლი, სადაც ან მარტო ვიცხოვრებ ან ჩემს ოჯახთან ერთად, მაგრამ მანამდე სხვა გეგმები მაქვს.

ორ და სამ თვეში არ მოხერხდება, მაგრამ ძალიან მინდა, სანამ სტუდენტი ვარ, მოვახერხო და ცალკე გადავიდე საცხოვრებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გამოთვლებით, ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 600-700 ლარი მაინც უნდა იყოს, გადავწყვიტე მეგობრები ”შევიამხანაგო”. ერთი მსურველი უკვე არის – ირმა : ))))

დაახლოებით დავთვალეთ ჩვენი ხარჯები და დავასკვენით, რომ თუ გავიჭირვებთ, 300-300 ლარიანი ხელფასიდან უკვე შევძლებთ ბინის ქირაობას. ვისაც ვუთხარით, სასაცილოდაც არავის ეყო, მაგრამ რა არის ამაში დაუჯერებელი?

ჩვენ უკვე აქტიურად ვეძებთ სამსახურს და აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს. მერე გვექნება ჩვენი პატარა, მყუდრო ბინა – მეგობრების თავშესაფარი, სადაც ვიცხოვრებთ მანამ, სანამ უფრო მეტს არ მივაღწევთ და უფრო არ გავფართოვდებით : )))

არც თქვენ გჯერათ? – აი, ნახეთ, ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს იმ სახლიდან, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ვიქირავებ ^_^