უკანასკნელი ფოთოლი

ო’ჰენრის აქვს ერთი პატარა, ძალიან კარგი მოთხრობა “The last leaf”… თუ წაკითხული გაქვთ, მიხვდებით ახლა რასაც ვიტყვი – თითქოს ზუსტად ეს უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა ჩემთვის…

fb_img_1477222473974

გქონიათ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც არაფერი გამოგდით? ყველაფერი თქვენგან დამოუკიდებლად ფუჭდება და უკან მიდის… ზუსტად ასე ვარ ბოლო დროს.

ოჯახი, სამსახური, პირადი ცხოვრება – სრული კრახი.

და მაინც იმედს არ ვკარგავდი, ვცდილობდი კარგი განწყობა შემენარჩუნებინა და “პატრონუსის” თეორიას მივყოლოდი, რომელიც დემენტორების დამარცხებაში გეხმარება.

ზუსტად ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში იდეა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და რომლის განხორციელების შემდეგაც, მჯეროდა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

თითქმის მთელ ჩემს დროს ამაზე ფიქრს ვუთმობდი, უახლოეს მეგობრებსაც გავუზიარე და ერთ-ერთ მათგანთან ერთად დაგეგმვაც დავიწყე, თუ როგორ მოგვეყვანა სისრულეში. ეს უნდა ყოფილიყო ერთი პატარა, საყვარელი Start up, რომელიც ადამიანებს სახეზე ღიმილს მოგვრიდა და მათ ყოველდღიურობას გააფერადებდა.

დავიწყეთ მზადება და ვფიქრობდით, რომ დეკემბერში დაგვეწყო, თუმცა გუშინ აღმოვაჩინე, რომ ზუსტად 3 დღის წინ აბსოლიტურად იდენტური იდეა სხვამ უკვე რეალობად აქცია.

ალბათ, ვერავინ მიხვდა რატომ განვიცადე ასე ძალიან ეს ამბავი – ხდება ხოლმე რომ ერთნაირი იდეა სხვადასხვა ადამიანებს ერთდროულად ებადებათ და შემდეგ ყველაფერი დასწრებაზეა, მაგრამ მე ამისთვის მზად არ ვიყავი.

მართლა ვერ ვუშვებ, რომ დამთხვევაა. მგონია, რომ ცხოვრება უბრალოდ დამცინის. ვიცი, გიჟის სიტყვებს გავს, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.

I’ll be awake when September ends

ცხოვრებაში, რომელიც სურპრიზებითაა სავსე, გარკვეულ კანონზომიერებებს მაინც ვხედავ… და ის ფაქტი, რომ ცუდი სექტემბერი მქონდა, ნიშნავს იმას რომ სექტემბერი მართლაც ცუდი იყო. არც კი ვიცი, სამწუხაროა თუ არა, ადამიანებს დათვებივით დიდხანს ძილი და ახლობლებისთვის ამ ფრაზის დაბარება რომ არ შეგვიძლია.

ხანდახან მართლა მინდა მხოლოდ ჩემი სიზმრების სამყაროში გადავსახლდე და ყველა პრობლემა თუ სადარდელი აქ დავტოვო, მაგრამ ხანდახან იმასაც ვხვდები, რომ ეს არასწორია… ისედაც იმდენ დროს ვატარებთ ძილში ან ძილთან გათანაბრებულ “არსებობაში”, ყოველ სექტემბერს ძილის გამოცხობა დიდი ვერაფერი შველაა.

მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი თავის, იმიტომ რომ მაინც ვიღიმები და იმედს არ ვკარგავ… არ ვიძინებ : )

ჩემს მეგობრებს!

ბოლო რამდენიმე წელია განუწყვეტლივ ვკარგავ და ვიძენ მეგობრებს, მაგრამ ხანდახან ვხვდები, რომ მეგობრობა უფრო მეტია, ვიდრე ეს რაღაც დროებითი პროცესები.

ბევრისთვის დამიძახია მეგობარი, თუნდაც სიტყვის მასალად და ბოლოს იქამდე მივედი, რომ ძალიან გამიჭირდა ამ სიტყვის მასალის ნამდვილი მეგობრებისაგან გამიჯვნა.

არ ვარ ისეთი ადამიანი, ვიღაცას უცბად რომ დაუახლოვდებიან და მის მეტი აღარავინ უნდათ, არასოდეს მჩვეოდა ადამიანების გაიდეალება და, ვფიქრობ, ყველა მეგობრის მიმართ თანაბარ სიყვარულს და ყურადღებას ვიჩენდი.

მერე კი გავაცნობიერე, რომ ყველა მათგანისგან იმავეს ვერ ვიღებდი და ეს სერიოზულ დისკომფორტს მიქმნიდა. ასე, ნელნელა დაიწყო ”წმენდა”, რომელიც ახლაც გრძელდება და მართლა დიდი სურვილი  მაქვს, რომ მალე დასრულდეს. მინდა, ყველა ის ადამიანი, ვისაც მეგობარს ვეძახი, ცხოვრების ბოლომდე ჩემს მეგობრებად დარჩნენ და არასოდეს… აღარასოდეს ვიგრძნო მათ გამო იმედგაცრუება!

Friendship never ends..?

აუ, ეხლა ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ, რომ რა გითხრათ.

დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ძალიან გავბრაზდი ბავშვობის მეგობარზე, მისი ბევრი საქციელი და მოქმედება გავაანალიზე და მივხვდი, რომ ამ ადამიანთან საერთო აღარაფერი მაქვს… ახლა რომ გამეცნო, დარწმუნებული ვარ, არ დავუახლოვდებოდი. ცუდის სათქმელად ენა (კლავიატურა) არც კი მომიბრუნდება. ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს და მთელი 13-14 წელი მაკავშირებს მასთან (ბაღი, სკოლა…), მაგრამ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ საერთოდ არ მესმის მისი: დამირეკა, 2საათი მეჭორავებოდა, მე კი ხანდახან არც ვუსმენდი.

არვიცი, იქნებ პრობლემა ჩემშია??? უბრალოდ, ბოლო დროს ახლობელ ადამიანებს რენტგენში ვატარებ და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. როდემდე შევძლებ თვალის დახუჭვას იმ უსიამოვნო აღმოჩენებზე, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებ?

მიყვარს, მაგრამ არ მომწონს… აი, ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ. დღეს იმასაც ვფიქრობდი, ნეტა ერთი სულელი გოგო ვიყო, ტანსაცმლის, ფულის და ბიჭების მეტი რომ არაფერი აინტერესებსმეთქი… იმას კი არ ვამბობ, რომ მე არ მაინტერესებს ეს ყოველივე, არც ძალიან ჭკვიანი მგონია ჩემი თავი, მაგრამ ეს ყალბი ურთიერთობები მანგრევს.

ვიცი, აჯაფსანდალი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.

ნეტავ, მე მაინც არ გავუცრუებდე ჩემს მეგობრებს იმედებს.

P.S: არადა, იცით, ჯერ კიდევ 2 თვის წინ, ჩემს დაბადების დღეზე მეგობრობის სადღეგრძელო დავლიეთ და ასეთი სიტყვები ვთქვი (მე არ მეკუთვნის, ავტორი დამავიწყდა, სასაჩუქრე წიგნში ამოვიკითხე):

ვიცი, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე…

მინდა, მინდა ისევ ასე ვფიქრობდე :(