5 რჩევა მათ, ვისაც ბინის ქირაობა სურს

უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში დავსახლდი, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლად სხვა პოსტში მოგიყვებით. აქ კი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რაც ბინის ძებნის, შერჩევისა და ქირაობის პროცესს უკავშირდება.

ჰომმ

  1. სანამ ძებნას დაიწყებთ, პირველ რიგში, თქვენთვის წარმოიდგინეთ იდეალური ვარიანტი, სადაც აუცილებლად გაითვალისწინებთ ადგილმდებარეობას, ფასს, ფართს, მდგომარეობას და სხვა დეტალებს. მაგალითად, მე, ვეძებდი:
  • ერთ ან ოთახნახევრიან ბინას
  • საბურთალო-ვერა-ვაკეს მიდამოებში
  • მაქსიმალური ბიუჯეტი – 500 ლარი
  • სუფთა, თუნდაც ძველი რემონტი
  • მაღალი სართული/აივანი – სასურველი იყო
  • ტრანსპორტი – ქირა საგრძნობლად დაეტყობა თქვენს ჯიბეს, ამიტომ თუ აქამდე სულ ტაქსით სარგებლობდით, დროა გაარკვიოთ რა ნომერი ავტობუსი მიდის თქვენი ახალი ბინიდან სამსახურისკენ :)

ეს მონაცემები ძალიან დამეხმარა განცხადებების გაფილტვრაში და საბოლოოდ არც ისე ბევრი ბინიდან მომიწია ამორჩევა, რადგან ამ ფასად ამ უბნებში ძალიან ცოტა თუ აქირავებდა.

2. ნუ გადადებთ ბინის ნახვას – ძებნის პროცესში აღმოჩნდა, რომ განცხადებების უმეტესობა სააგენტოების განთავსებულია და მათთან ურთიერთობა არც ისე კომფორტულია. მაგალითად, ერთი და იგივე ბინის განცხადება, 2-3 საიტზე სხვადასხვა სააგენტოს ედო და რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ სანამ მე ერთს დროზე ვუთანხმდებოდი, მეორემ უკვე გააქირავა. ასე რომ, შეეცადეთ მაშინვე წახვიდეთ ბინის სანახავად და, თუ ძალიან მოგეწონებათ, ბევრიც არ იყოყმანოთ – როგორც ჩანს, გასაქირავებელ და, თანაც, შედარებით იაფიან ბინებზე დიდი მოთხოვნაა.

3. გაიკითხეთ ნაცნობებში – პირადად მე, ბინა საბოლოოდ მაინც განცხადების და მაკლერის საშუალებით ვიპოვე, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირდაპირ მეპატრონესთან კონტაქტზე გასვლა გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს. ორკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, facebook-ზე სტატუსი გამოვაქვეყნე და რამდენიმე ვარიანტი მაშინვე გამოჩნდა, თუმცა ზოგის ფასი არ მაწყობდა და ზოგის ადგილმდებარეობა – ვინ იცის, იქნებ თქვენ უფრო გაგიმართლოთ?

4. ბინის სანახავად მარტო ნუ წახვალთ – მართალია, მარტო ცხოვრებას აპირებთ, თუმცა სასურველია, თუ სანახავად თან მეგობარს ან ოჯახის წევრს გაიყოლებთ. მით უმეტეს, თუ პირველად ქირაობთ ბინას. შეარჩიეთ ისეთი ადამიანი, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. იმავეს გირჩევთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეპატრონეს ბეს ან მთლიან თანხას ხელზე გადასცემთ.

5. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს – ბინა, რომელიც ვიქირავე 100%-ით ემთხვეოდა ჩემს თავდაპირველ, სასურველ ვარიანტს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არის დეტალები, რომლებსაც ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მაგალითად, აზრადაც კი არ მომსვლია შემემოწმებინა მუშაობდა თუ არა სარეცხი მანქანა, იკეტებოდა თუ არა აივნის კარი და ა.შ. ეს ხარვეზები მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც საცხოვრებლად გადმოვედი.

თუმცა ძალიან კარგი მფლობელი შემხვდა – მაგალითად, როცა ბინის ქირაობიდან 2 კვირის შემდეგ ვუთხარი, რომ სარეცხ მანქანას ვერ ვრთავდი, ეჭვიც კი არ შეპარვია ჩემს სიტყვებში, ისე გამომიგზავნა ხელოსანი. ასევე, თავიდანვე თვითონ გამაფრთხილა უცნაური “შტეფსელების” შესახებ, რომელთაც გადამყვანი სჭირდება, თორემ მე ტელეფონის დაჯდომამდე არც კი გამახსენდებოდა ამის შემოწმება :)

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი რჩევები.

თუ უკვე გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით, აუცილებლად გამიზიარეთ. დარწმუნებული ვარ, რაღაც გამომრჩა :)

Advertisements

ჩემთვითონ

პატარა რომ ვიყავი ამ სიტყვას თურმე ხშირად ვიყენებდი ხოლმე. ფაქტია, ძალიან მომწონდა ყველაფრის “ჩემთვითონ” კეთება. არის რაღაც თვისებები, რაც ბავშვებს კოჭებშივე ეტყობათ და ჩემს შემთხვევაში ეს თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო.

pippi

ზუსტად ამიტომ გახდა პეპი ჩემი საყვარელი პერსონაჟი – პატარა, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონა, რომელიც მარტო ცხოვრობდა და ნებისმიერ გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, კიდევ უფრო ბევრი წიგნიც წავიკითხე, მაგრამ პეპი გრძელიწინდა დღემდე რჩება იმ პერსონაჟად, რომელთანაც თავს ვაიგივებ (ოღონდ ბესო ჩუბინიძეს არ უთხრათ).

ახლა კი მთავარი ამბავი: უკვე თითქმის 1 თვეა, რაც ბინა ვიქირავე და საცხოვრებლად გადავედი. ამაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ბლოგზეც არაერთხელ დამიწერია და, როგორც იქნა, 25 წლის ასაკში I did it !

სწორედ ამიტომ, ვამატებ ახალ კატეგორიას ამავე სათაურით “ჩემთვითონ”, სადაც შევეცდები აქტიურად გაგიზიაროთ გამოცდილება მარტო ცხოვრების შესახებ.

 

იოცნებე ხმამაღლა

დღეს, როცა თავში ეს სიტყვები მომივიდა, ვიფიქრე, იქნებ სადმე წამიკითხავს-მეთქი და დავგუგლე. ასე გადავაწყდი პოსტს, სადაც წერია, რომ თურმე ხმამაღლა კი არა, ჩუმად უნდა ვიოცნებოთ. ცოტათი მეწყინა და წამის მეასედში ისიც კი ვიფიქრე, ხელი ხომ არ ჩავიქნიო-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი გამოცდილება გამახსენდა. ბევრჯერ მითქვამს რაღაც, ოცნებასაც ვერ დაარქმევ… მითქვამს და მერე თავისით ამსრულებია.  ოღონდ ამის შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ოცნების დროს ცოტათი ფრთხილად უნდა იყო. (აუ, რა ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვა “მეოცნებე” უკვე პოლიტიკურ ტერმინად იქცა :( ) …

მოკლედ, ასე, ვიჯექი ჩემს ოთახში, ფანჯარა გაღებული მქონდა და ძალიან მინდოდა ცის დანახვა, მაგრამ პირველ სართულზე ვცხოვრობ და თუ თავი ბოლომდე არ გაყავი, მეზობლის ფანჯრების მეტს ვერაფერსაც ვერ დაინახავ. მე კი მინდა ჩემი ოთახის ფანჯრიდან ცა ჩანდეს. აი, ისეთი ცა, როგორიც თბილისში აღარ არსებობს.

ერთი ოცნების სახლი არ მაქვს, ეტაპებადაა დაყოფილი. პირველ რიგში მოდის ჩემი ბინა, რომელიც აუცილებლად მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზეა. ძალიან პატარაა, შეიძლება ერთოთახიანიც კი. იმდენად მაღლაა, რომ ქალაქის ხმაური ძნელად აღწევს და ღამით მსიამოვნებს კიდეც სადღაც შორს ჩავლილი მანქანების ხმა. შუქი ძირითადად ჩამქვარალი მაქვს ხოლმე. ასე ელექტროენერგიასაც დავზოგავ და აციმციმებული ქალაქის ხედითაც უკეთესად დავტკბები. საერთოდ, ღამით თბილისიც კი მელამაზება.

ნეტავ მარტო თუ ვიგრძნობ ხოლმე თავს? ალბათ, ხანდახან… მაგრამ ხანდახან ახლაც მარტო ვარ, მაშინ როცა ოჯახში კიდევ 4 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა უამრავი მეგობარი მყავს… მაშინაც კი ვიყავი ხოლმე მარტო, როცა გვერდზე საყვარელი ადამიანი მყავდა.

მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება. მე და ერთი ბიჭი, რომელსაც ვეყვარები ისეთი, როგორიც ვარ და რომელიც მეყვარება ისე, როგორც არავინ, ერთად ცხოვრებას გადავწყვეტთ. მერე ერთი საერთო ოცნებაც გაგვიჩნდება და ავისრულებთ კიდეც – დავიწყებთ ჩვენი სახლის შენებას. ეს სახლი, ალბათ, სადმე ქალაქგარეთ იქნება, ოღონდ არც ისე შორს თბილისიდან.

ჩვენით შევღებავთ კედლებს, ავაწყობთ ავეჯს, დავრგავთ ყვავილებს… შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდეს, იმაზე უფრო შრომატევადი და ძვირი სიამოვნება აღმოჩნდეს, ვიდრე ველოდით, მაგრამ არ გავჩერდებით და გვექნება ჩვენი სახლი, სადაც ბედნიერები ვიქნებით. სადაც შაბათ-კვირას ჩვენს მეგობრებს ყველაზე მეტად ეყვარებათ ხოლმე ამოსვლა და ჩვენთან ერთად ყოფნა. სადაც წინასწარ იქნება გამოყოფილი ოთახები ბავშვებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი შვილი გვეყოლება. ნუ, ბევრი, რა… 3-4 მაინც.

კიდევ ერთი საოცნებო სახლი მქონდა ადრე, მაგრამ ეს ოცნება 2 წლის წინ ამიხდა – მინდოდა საზღვარგარეთ მეცხოვრა flatmate-ებთან ერთად. ისე ხანდახან კიდევ მინდა ხოლმე წასვლა, სასწავლებლად ან სამუშაოდ, მაგრამ ეს ჩემი ოცნება აღარ არის, რადგან გარკვეულწილად უკვე გამოვლილი ეტაპია.

ჰო, კიდევ რაც მინდა რომ ვაკეთო, წიგნების წერაა… ვიცი, ერთ დღეს აუცილებლად დავიწყებ. არ ვიცი, ეს იქნება თუ არა ჩემი ძირითადი სამსახური… ალბათ, არა. მაგრამ ჯერ წარმოდგენა მიჭირს რა გზას დავადგები. რაც არ უნდა იყოს, ვოცნებობ რომ ძალიან მიყვარდეს ჩემი საქმე და პროფესია. მხოლოდ ფულის გულისთვის მუშაობა არ მინდა. მინდა ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდე.

ვნახოთ… ვნახოთ, რა იქნება წლების შემდეგ… აუცილებლად მოვუბრუნდები ამ პოსტს, ისევე როგორც ახლა ვუბრუნდები ჩემს ძველ ნაწერებს და ხანდახან მე თვითონაც მიკვირს, ისეთ დამთხვევებს აღმოვაჩენ ხოლმე.

რატომ მინდა მარტო ცხოვრება ?!

ჩემ გარშემო, მგონი, ყველამ იცის, რომ ძალიან მინდა მარტო ცხოვრება. პრინციპში, მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მსგავსი სურვილი აქვს. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და თანატოლი “ოცნებობს” ამაზე. ბრჭყალებში იმიტომ, რომ მარტო ცხოვრება არანაირად არ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს და ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია, თუ ამას მართლა მოინდომებს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მოსაწყენია. როგორც ჩანს, ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული… და კიდევ იმაზე, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში ნამდვილად არ მაწყენდა საკუთარი ბინის ქონა.

არ მინდა ჩემი სიზარმაცე მხოლოდ გარემო ფაქტორებს დავაბრალო, თუმცა, ფაქტია, რომ სახლში, სადაც 5 ადამიანი ცხოვრობს, სადაც საღამოს 5-დან 12 საათამდე ტელევიზორი მუდმივ რეჟიმშია ჩართული, სადაც ყველა ხმამაღლა საუბრობს და სადაც ჩემს პატარა საძინებელ-კაბინეტს საერთო ოთახისაგან კედლის მაგივრად შემინული კარები ყოფს, თითქმის შეუძლებელია თუნდაც, შენს გემოზე იმეცადინო, დაიძინო, გაიღვიძო და ა.შ.

ვიცი, ჩემი მშობლებისთვის ცოტათი გაუგებარი და მიუღებელია ჩემი ასეთი სურვილი, მაგრამ თუ ოდესმე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ თავს ამ “ფუფუნების” უფლება მივცე, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები…

მეორე მხრივ, ვიცი, რომ ოთხნიშნა ხელფასის მქონე ადამიანებიც კი გაჭირვებით ქირაობენ ნორმალურ ბინებს. ამ შემთხვევაში ერთ ალტერნატივას განვიხილავ:

 ბინის ქირაობა 1 ან მაქსიმუმ 2 მეგობართან ერთად.

კარგი იქნება, თუ ამ მეგობრებს დაახლოებით ჩემნაირი გრაფიკი ექნებათ. მაგალითად, თუ ჯგუფელები ვიქნებით, გვეყოლება საერთო წრე. გამოცდების პერიოდში ერთად ვიმეცადინებთ, თავისუფალ დროს ერთად გავერთობით და ერთმანეთს ხელს არ შევუშლით და ნერვებს არ მოვუშლით ))

დარწმუნებული ვარ, მარტო ცხოვრება ძალიან კარგი და სასარგებლო გამოცდილება იქნება ჩემთვის. გავხდები უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლი საჭმლის კეთებას, წყლის მოტანას, საწოლის დალაგებას… )))

არ მინდა საკუთარი ოჯახი ისე შევქმნა, რომ ეს ყველაფერი არ გამოვცადო. იმედია, მე ამას შევძლებ ^_^