ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი

ნანახი გაქვთ ეს ფილმი? მე არა.

სათაური გამახსენდა უბრალოდ, იმიტომ რომ მოლოდინზე მომინდა დაწერა. მოკლედ, აი ისეთ მოლოდინზე, რაღაც დიიიდი ცვლილება რომ კარს მოგდგომია, მაგრამ ჯერ ბოლომდე გაცხადებულიც არ არის, ერთი სული გაქვს როდის ამოთქვამ და მოსდებ ქვეყანას, მაგრამ ცოტაც უნდა მოითმინო და ხარ ასე გარინდული, როგორც ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი :)

 

December story

არ ვიცი, რატომ მიყვარს დეკემბერი ასე ძალიან – მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადების დღე მაქვს? რატომ ველოდები მისგან ყოველთვის “საჩუქრებს” -რადგან ახალი წელი მოდის?

dec

მარტო მე ხომ არა, ძაალიან ბევრ ადამიანს აქვს იგივე განწყობა. ცდილობენ ამ თვეში სიხარული შეიტანონ სახლში, გაიტანონ ქუჩებში, გაუზიარონ საყვარელ ადამიანებს ან, ზოგჯერ, უცნობებსაც.

სახლის ფანჯრებს თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ საშობაო დეკორაციებს, აციმციმებულ ნათურებს. ზოგიერთმა ვეღარ მოითმინა და უკვე ნაძვის ხეებიც კი დადგა. თბილისის ქუჩებიც ნელ-ნელა ლამაზდება. საღამოობით, ვარჯიშიდან რომ მოვდივარ, ვხედავ როგორ კიდებენ ილუმინაციებს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე.

ერთდროულად სევდიანი თვეცაა დეკემბერი და მხიარულიც.

სევდიანი იმიტომ, რომ გონებაში გასულ წელს აჯამებ… შეიძლება კარგი იყო, შეიძლება ცუდი, ან სულაც არაფრით გამორჩეული, მაგრამ უკვე მაინც წარსულია და ახლა ვეღარაფერს შეცვლი.

სამაგიეროდ, მომავალზე ბევრს ფიქრობ – ახალი წლიდან ახალი იმედები გაქვს… მერე რა, რომ რეალურად ეს ყველაფერი მხოლოდ დროის პირობითი დაყოფაა. მერე რა, რომ შენ ზუსტად ის ხარ პირველ იანვარს, ვინც 31 დეკემბერს იყავი (მაქსიმუმ, ნაბახუსევმა შეგიცვალოს ხასიათი :D ) და ირგვლივაც ბევრი არაფერი შეცვლილა.

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ამ წლებს, ჰოროსკოპებს და ყველაფერს ერთად მართლა რომ ჰქონდეთ მნიშვნელობა. აი, მაგალითად, ახლა ხომ მაიმუნის წელი მოდის და პირველ იანვარს ყველანი რომ ჯუნგლებში ვიღვიძებდეთ… ან 1 წლით ყველანი ვუბრუნდებოდეთ ჩვენს “დარვინისეულ” სახეს.

უფრო კარგად არ გავერთობოდით, რეალობა რომ რომელიმე კომპიუტერულ თამაშს გავდეს, სადაც ყველა ტურში სხვადასხვა სამყარო გხვდება?

დეკემბერზე წერით დავიწყე და სად წავედი… მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი იდეა ძალიანაც მომეწონა :)