ჩემთვითონ

პატარა რომ ვიყავი ამ სიტყვას თურმე ხშირად ვიყენებდი ხოლმე. ფაქტია, ძალიან მომწონდა ყველაფრის “ჩემთვითონ” კეთება. არის რაღაც თვისებები, რაც ბავშვებს კოჭებშივე ეტყობათ და ჩემს შემთხვევაში ეს თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო.

pippi

ზუსტად ამიტომ გახდა პეპი ჩემი საყვარელი პერსონაჟი – პატარა, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონა, რომელიც მარტო ცხოვრობდა და ნებისმიერ გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, კიდევ უფრო ბევრი წიგნიც წავიკითხე, მაგრამ პეპი გრძელიწინდა დღემდე რჩება იმ პერსონაჟად, რომელთანაც თავს ვაიგივებ (ოღონდ ბესო ჩუბინიძეს არ უთხრათ).

ახლა კი მთავარი ამბავი: უკვე თითქმის 1 თვეა, რაც ბინა ვიქირავე და საცხოვრებლად გადავედი. ამაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ბლოგზეც არაერთხელ დამიწერია და, როგორც იქნა, 25 წლის ასაკში I did it !

სწორედ ამიტომ, ვამატებ ახალ კატეგორიას ამავე სათაურით “ჩემთვითონ”, სადაც შევეცდები აქტიურად გაგიზიაროთ გამოცდილება მარტო ცხოვრების შესახებ.

 

Advertisements

ორი შავი წინდა

 

საახალწლო პოსტში მეწერა ეს:

“სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდორს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში… და რას პასუხობს ჰოგვორტსის დირექტორი და ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?

“”აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს”

ჰოდა, ამ ფრაზას ცოტა ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვისა და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მაშინ ვიტყვი, რომ მე ძალიან კარგად მესმის მისი.

ბრძენმა გველმა მართლაც ძალიან საინტერესო წიგნი დამიწერა. აი, 2014 წელს მომავალ ცხენზე კი, იმედია ჩემი ბიჭია ამხედრებული თბილი წინდებით ხელში, რადგან ღამ-ღამობით გაყინულ ფეხებს ჯერ კიდევ ვერაფერი მოვუხერხე :) “

ჰოდა, მერე გამახსენდა, რომ ჩემი ბოლო ბიჭისგან სამახსოვროდ მართლა წინდები დამრჩა. :D

ზაფხული იყო და თბილისში ძალიან ცხელოდა, მაგრამ მე მეგობრებთან მივდიოდი ქალაქგარეთ, სადაც საღამოობით ციოდა ხოლმე. ჩავალაგე ჩანთა და წასვლამდე ამას გავუარე, ჰოდა იქ გამახსენდა ფეხზე თბილი ჩასაცმელი რომ არ მქონდა. თავისი გამატანა. დამრჩა და დამრჩა მერე…

ჰოდა, ასეა – წინდებშიც არ ყოფილა საქმე.

ყოველ შემთხვევაში, თუ პეპი არ ხარ…

ოსკარზე ნომინირებული ფილმები (1 ნაწილი)

 

იყო დრო, როცა ოსკარის დაჯილდოებას მარტო იმიტომ ვუყურებდი, რომ ლამაზ კაბებში გამოწყობილი მსახიობები მენახა. აღფრთოვანებული და, ალბათ, პირდაღებულიც კი შევცქეროდი ეკრანს, საიდანაც ისინი ამერიკულად იღიმებოდნენ და ფურცელზე ჩამოწერილ მადლობებს იხდიდნენ. პირველი გოგო ნამდვილად არ ვიქნები დედამიწაზე, თუ ვიტყვი, რომ ამ სანახაობის შემდეგ სარკის წინ შამპუნის ბოთლით ხელში დიდხანს ვპოზირებდი, სამადლობელო სიტყვასაც ვამბობდი და ვფიქრობდი, რომ ოდესმე ეს შეიძლებოდა მართლაც მომხდარიყო.

ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ოსკარს ვერასოდეს მივიღებ. ამაზე აღარც ვოცნებობ, მაგრამ მაინც ინტერესით ველოდები ხოლმე თებერვლის თვეს. ამ დროისთვის აღარ მიწევს ვინმეს რჩევა ვკითხო ან Facebook-ზე “რამე ფილმი მითხარით” დავისტატუსო.

ახლა რამდენად აქტუალურია ამ პოსტის დაწერა, არ ვიცი, მაგრამ Fb გავაუქმე და გადავწყვიტე ბლოგიდან მაინც ვიღაღადო.  რამდენიმე კაცი მაინც კითხულობს და + მე )))

მოკლედ, ძალიან გრძელი პოსტი რომ არ გამომივიდეს, ჯერ მხოლოდ 4 ფილმს განვიხილავ:

  1.  Amour (სიყვარული) – ფილმი ვნახე კინო სახლში. ალბათ, უმრავლესობას გეცოდინებათ ეს ადგილი, მაგრამ თუ არ ყოფილხართ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები ქსელიდან (ანდრეის დაჟინებული მოთხოვნით), ცივად მოკალათდეთ გამხმარ სავარძლებში (“მოკალათება” და “სავარძელი” ცოტა ხმამაღლა ჟღერს) და სულ 1 ლარად უყუროთ ფილმს დიდ ეკრანზე. მით უმეტეს, თუ ეს ფილმი არის Amour – ჩუმი, ნაცრისფერი, რაღაც მომენტში მოსაწყენი , რომ ფიქრობ რომ ახლა ადგები და გახვალ, მაგრამ… არ დგები და გადიხარ. ელოდები, ელოდები, ელოდები და ბოლოს ცრემლები გადგება, გინდება რომ შენც უყვარდე ასე ვინმეს 50 წლის შემდეგ, როცა სახე ჩამოგიჭკნება და მაინც გეტყვიან, რომ დღეს ლამაზად გამოიყურები, როცა დამბლა დაგეცემა და შენს თავს საავადმყოფოს თეთრ კედლებს არ გადააბარებენ, როცა დაინახავენ რომ იტანჯები და აგისურულებენ ერთადერთ ნატვრას – სიკვდილს! amour
  2.  Beasts of the Southern Wild (ველური სამხრეთის მხეცები) – სადაც არ უნდა მივიდე, როგორ სერიოზულ ადგილზეც კი, თუ მკითხავენ ვინ არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი, დაუფიქრებლად ვუპასუხებ – პეპი გრძელიწინდა! ხშირად დამწყდომია გული, რომ მასავით ცეცხლისფერი თმა და დაჭორფლილი სახე არ მქონდა. ასეთი გარეგნობის გოგონებს ხომ ხშირად ადარებდნენ პეპის, მე კი ეს სახელი მხოლოდ საკუთარი თავისთვის მემეტებოდა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ შეიძლება ჩემზე ბევრად უფრო მუქი კანი და შავი, ხუჭუჭა თმა გქონდეს, მაგრამ მაინც იყო გოგონა სახელად პეპი, რომლის მამაც ზანგების კუნძულის მეფეა ან გოგონა სახელად ჰაშპაპი, რომელიც მამასთან ერთად აბაზანაში ცხოვრობდა.beasts-of-the-southern-wild-
  3.  Life of Pi (პის ცხოვრება) – წინა 2 შემთხვევისაგან განსხვავებით “პის ცხოვრებას” ამირანში და 3D-ში ვუყურე. ვფიქრობ, მისი ნახვა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ღირს, რადგან ფილმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსებას – სილამაზეს უკეთ აღგაქმევინებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, 2 საათიდან დაახლოებით საათი და ცოტა მეტიც გაშლილ ზღვაში, ერთი ბიჭისა და რამდენიმე ცხოველის (ძირითადად, ვეფხვის) თანაცხოვრებას ეთმობა. ამის მიუხედავად, 1 წუთითაც არ მომიწყენია. არ ვიცი როგორ იქნებოდა საქმე ფილმი სხვა გარემოში რომ მენახა, მაგრამ გუშინ საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და თუნდაც იმ შეგრძნებების გამო ღირს, კინოში წასვლა და ყურება. და კიდევ, რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ მე მის ადგილას, ალბათ, 1 დღეც ვერ ვიცოცხლებდი-მეთქი. რა საინტერესოა, რეალურად ვაფასებ თუ არა ჩემს შესაძლებლობებს ?!  :)              life of Pi
  4.  Django unchained (გათავისუფლებული ჯანგო) – ვერ ჩამოვყალიბდი იმაზე, მიყვარს თუ არა ტარანტინო, თუმცა ფაქტია რომ მისი ბოლო 2 ფილმი (“ჯანგო” და “უსახელო ნაბიჭვრები”) მომეწონა. მოგვიანებით, როცა გოგი გვახარიას პოსტი წავიკითხე ამ თემაზე, შემრცხვა მე რატომ არ ვიფიქრე ამდენი, როცა ვუყურებდი-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სანახაობით “ტკბობის” გარდა ერთ რამეზეც დავფიქრდი – “ნეტავ როგორია ამ ფილმის ნახვა შავკანიანებისათვის?”. არ ვიცი რატომ ვიფიქრე ასე, თითქოს უცბად გავემიჯნე ამ რასას ? ფილმის პირველი სცენა (ტყეში ფეხშიშველი და ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაბმული მონები) ჩემთვისაც ისეთივე მტკივნეული უნდა ყოფილიყო, როგორც ნებისმიერი ადამიანისათვის. დანარჩენი ფილმი კი მართლა ერთი ადამიანის ისტორია უფროა, რომელსაც რაღაც მომენტში გაუმართლა და რაღაც მომენტში ფიზიკური და მორალური ძალა აღმოაჩნდა შური ეძია. ამ ფილმთან ერთად უნდა აღვნიშნო უკვე კურიოზად ქცეული ლეონარდო, რომელსაც აგერ უკვე მერამდენედ ტოვებენ ოსკარის გარეშე. არ ვიცი, თვითონ რამდენად განიცდის ამას და შემდეგი სიტყვები რამდენად დაამშვიდებს, მაგრამ მე პირადად გადავცემ ოსკარს, ფეხზე ვუდგები და ვუკრავ ტაშს – ყველა პერსონაჟისთვის !!! “რა აწუხებს გილბერტ გრეიფსიდან” დაწყებული  “ჯანგოში” შესრულებული როლით დასრულებული. აქამდე ჩემთვის ლეო ყველაზე მეტად მაინც ჯეკი იყო “ტიტანიკიდან”, მაგრამ ახლა უკვე ცოტათი ქენდიცაა.DJANGO-UNCHAINED-CALVIN-CANDY

 

მედალიონის მეორე მხარე

დღე მართლა ძალიან კარგად დაიწყო: ადრე გავიღვიძე, არ დამზარებია და ავდექი. მიხაროდა, ჯანმრთელ ცხოვრებას ვიწყებ-მეთქი. თან გუშინ ”პეპი გრძელიწინდა” გადმოვწერე, მულტფილმი, და საათნახევარი ნეტარებაში ვიყავი… ველოდებოდი ნოდოს, როდის გამოვიდოდა რეპეტიციიდან.
მოკლედ, კარგი განწყობა მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი დღე ასეთი იქნებოდა, მაგრამ ეხლა ვზივარ აცრემლებული თვალებით და ვხვდები, რომ ბოლო 2 თვე ყველაფერი დავიკიდე: სწავლა, მეგობრები, ოჯახი… თითქოს მარტო ნოდო ვაქციე ჩემს სამყაროდ.
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ მაწყენინა და გაბრაზებული ვარ. პატარ-პატარა ჩხუბები რომ ყველა ურთიერთობაშია ეს მეც ვიცი, უბრალოდ ერთი რაღაც შემეშალა: მაშინ როცა საკუთარი თავი უნდა მეძებნა, მე ის დავკარგე,

ასტრიდ ლინდგრენი

 

ერთ დღეში 2 პოსტი არასდროს დამიწერია, მაგრამ ახლა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ თავს ვერ ვიკავებ…

ეს არის ქალი, რომელმაც მე და არაერთ პატარას ბავშვობა, და არა მარტო ბავშვობა, ცხოვრებაც კი გაგვილამაზა.
ჩემი, როგორც მკითხველის არსებობა სწორედ მისი წიგნებიდან იწყება. მას შემდეგ, ვერც კი დავითვლი რამდენჯერ წავიკითხე “პეპი გრძელიწინდა”, “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”, “ემილის თავგადასავალი” და ა.შ.



ჩემთვის ეს გმირები (სამწუხაროდ, ყველა მათგანის სურათი ვერ მოვიძიე) ძალიან, ძალიან საყვარლები არიან და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე…
P.S: შთაბეჭდილება კი, რომელიც პოსტის დასაწყისში ავხსენე, P.S-ში გასულმა რეპორტაჟმა მოახდინა.
დღეიდან ახალი მიზანიც გამიჩნდა: აუცილებლად უნდა წავიდე სტოკჰოლმში, ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმში და იქ ისე გავერთო, როგორც პეპი, ანიკა, ტომი, ემილი, კალე, ბოსე და ჩემი სხვა მეგობრები ერთობოდნენ…