5 რჩევა მათ, ვისაც ბინის ქირაობა სურს

უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში დავსახლდი, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლად სხვა პოსტში მოგიყვებით. აქ კი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რაც ბინის ძებნის, შერჩევისა და ქირაობის პროცესს უკავშირდება.

ჰომმ

  1. სანამ ძებნას დაიწყებთ, პირველ რიგში, თქვენთვის წარმოიდგინეთ იდეალური ვარიანტი, სადაც აუცილებლად გაითვალისწინებთ ადგილმდებარეობას, ფასს, ფართს, მდგომარეობას და სხვა დეტალებს. მაგალითად, მე, ვეძებდი:
  • ერთ ან ოთახნახევრიან ბინას
  • საბურთალო-ვერა-ვაკეს მიდამოებში
  • მაქსიმალური ბიუჯეტი – 500 ლარი
  • სუფთა, თუნდაც ძველი რემონტი
  • მაღალი სართული/აივანი – სასურველი იყო
  • ტრანსპორტი – ქირა საგრძნობლად დაეტყობა თქვენს ჯიბეს, ამიტომ თუ აქამდე სულ ტაქსით სარგებლობდით, დროა გაარკვიოთ რა ნომერი ავტობუსი მიდის თქვენი ახალი ბინიდან სამსახურისკენ :)

ეს მონაცემები ძალიან დამეხმარა განცხადებების გაფილტვრაში და საბოლოოდ არც ისე ბევრი ბინიდან მომიწია ამორჩევა, რადგან ამ ფასად ამ უბნებში ძალიან ცოტა თუ აქირავებდა.

2. ნუ გადადებთ ბინის ნახვას – ძებნის პროცესში აღმოჩნდა, რომ განცხადებების უმეტესობა სააგენტოების განთავსებულია და მათთან ურთიერთობა არც ისე კომფორტულია. მაგალითად, ერთი და იგივე ბინის განცხადება, 2-3 საიტზე სხვადასხვა სააგენტოს ედო და რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ სანამ მე ერთს დროზე ვუთანხმდებოდი, მეორემ უკვე გააქირავა. ასე რომ, შეეცადეთ მაშინვე წახვიდეთ ბინის სანახავად და, თუ ძალიან მოგეწონებათ, ბევრიც არ იყოყმანოთ – როგორც ჩანს, გასაქირავებელ და, თანაც, შედარებით იაფიან ბინებზე დიდი მოთხოვნაა.

3. გაიკითხეთ ნაცნობებში – პირადად მე, ბინა საბოლოოდ მაინც განცხადების და მაკლერის საშუალებით ვიპოვე, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირდაპირ მეპატრონესთან კონტაქტზე გასვლა გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს. ორკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, facebook-ზე სტატუსი გამოვაქვეყნე და რამდენიმე ვარიანტი მაშინვე გამოჩნდა, თუმცა ზოგის ფასი არ მაწყობდა და ზოგის ადგილმდებარეობა – ვინ იცის, იქნებ თქვენ უფრო გაგიმართლოთ?

4. ბინის სანახავად მარტო ნუ წახვალთ – მართალია, მარტო ცხოვრებას აპირებთ, თუმცა სასურველია, თუ სანახავად თან მეგობარს ან ოჯახის წევრს გაიყოლებთ. მით უმეტეს, თუ პირველად ქირაობთ ბინას. შეარჩიეთ ისეთი ადამიანი, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. იმავეს გირჩევთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეპატრონეს ბეს ან მთლიან თანხას ხელზე გადასცემთ.

5. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს – ბინა, რომელიც ვიქირავე 100%-ით ემთხვეოდა ჩემს თავდაპირველ, სასურველ ვარიანტს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არის დეტალები, რომლებსაც ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მაგალითად, აზრადაც კი არ მომსვლია შემემოწმებინა მუშაობდა თუ არა სარეცხი მანქანა, იკეტებოდა თუ არა აივნის კარი და ა.შ. ეს ხარვეზები მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც საცხოვრებლად გადმოვედი.

თუმცა ძალიან კარგი მფლობელი შემხვდა – მაგალითად, როცა ბინის ქირაობიდან 2 კვირის შემდეგ ვუთხარი, რომ სარეცხ მანქანას ვერ ვრთავდი, ეჭვიც კი არ შეპარვია ჩემს სიტყვებში, ისე გამომიგზავნა ხელოსანი. ასევე, თავიდანვე თვითონ გამაფრთხილა უცნაური “შტეფსელების” შესახებ, რომელთაც გადამყვანი სჭირდება, თორემ მე ტელეფონის დაჯდომამდე არც კი გამახსენდებოდა ამის შემოწმება :)

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი რჩევები.

თუ უკვე გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით, აუცილებლად გამიზიარეთ. დარწმუნებული ვარ, რაღაც გამომრჩა :)

Advertisements

როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი

 

რადგან უკვე 240 კრედიტის სრულუფლებიანი მფლობელი ვარ და, შესაბამისად, ბაკალავრის ხარისხიც მოვიპოვე, გადავწყვიტე ერთგვარი ტუტორიალი დავწერო მათთვის, ვინც მომავალ წელს დაგუგლავს შემდეგ სიტყვებს “საბაკალავრო ნაშრომი ჟურნალისტებისთვის”.

ადრეც აღვნიშნე, რომ ეს უკანასკნელი ჩვენთვის სავალდებულო სულაც არ არის, მაგრამ მე ყველას ვურჩევ მასზე მუშაობას. მართალია, წერის პროცესში სულ ვწუწუნებდი, რა მინდოდა, რატომ ვიღებდი-მეთქი, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს მინიმუმ ერთი თემა მაინც, რომელიც კარგად შევისწავლე და რომელშიც მეტ-ნაკლებად კომპეტენტური ვარ.

საბაკალავრო თემის არჩევა თავად შეგიძლიათ. ჩემი რჩევა არ იქნება, რომ აიღოთ ის მიმართულება, რომელშიც უკვე კარგად ერკვევით. რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო. მაგალითად, შემეძლო ნაშრომი დამეწერა სოციალური მედიის, თუნდაც, კონკრეტულად, ბლოგინგის შესახებ, რაც გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუმცა ეს თემა უკვე ათასჯერაა დამუშავებულ-შესწავლილი და, ვფიქრობ, უფრო ნაკლები შანსია მასში რაიმე სიახლე აღმოაჩინო.

თემასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ხელმძღვანელის შერჩევაც. მისი კომპეტენცია აუცილებლად უნდა ფარავდეს თქვენი ინტერესის სფეროს. სწორედ ამიტომ, 9 აპრილის გაშუქებაზე მუშაობისას, ხელმძღვანელად ავირჩიე საარქივო ჟურნალისტიკის ლექტორი, რომლისთვისაც წელს პირველი საბაკალავრო ჯგუფი აღმოვჩნდით. ამას, გარკვეულწილად, გართულება მოჰყვა ერთ-ერთი გოგონას შემთხვევაში. ასე რომ, თუ მაინცდამაინც რისკზე წასვლა არ გიყვართ, შეარჩიეთ ამ მხრივ გამოცდილი ლექტორი, რომელიც საგანთან ერთად კარგად ერკვევა ნაშრომის წერის სტანდარტებშიც.

ამ უკანასკნელში მხოლოდ ხელმძღვანელის იმედზე ნუ იქნებით, თავადაც გაერკვიეთ მათში. საბაკალავრო ნაშრომის წერისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ მის შინაარსობრივ მხარეს, არამედ ვიზუალსაც, თუმცა ეს უფრო ბოლო ეტაპია. პირველ რიგში, გირჩევთ დაიწყოთ თემის შესახებ არსებული კვლევებისა და ლიტერატურის გაცნობით და აარჩიოთ მათ შორის რომელს გამოიყენებთ საკუთარ ნაშრომში. შეეცადეთ, თავი აარიდოთ პლაგიატს. ზემოთ ნახსენები გართულება რეცენზენტის მხრიდან სწორედ ამ ბრალდებით წარმოიშვა – ნუ გადააკოპირებთ არსებულ ტექსტს მთლიანად და თუ ამას საჭიროება მაინც მოითხოვს, აუცილებლად მიუთითეთ “გამოყენებულ ლიტერატურაში”, შემდეგ კი თან დაურთეთ საკუთარი მსჯელობა და ანალიზი.

გირჩევთ, თავიდანვე განსაზღვროთ საკვლევი პერიოდის მოცულობა და არ შეეჭიდოთ ძალიან ვრცელ მასალას ან დროის მონაკვეთს. ყოველთვის აკონტროლეთ თავი, რათა არ გადაუხვიოთ თემიდან. ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან თავად 9 აპრილის მოვლენა არის ძალიან საინტერესო და ბევრი საიდუმლოთი მოცული, რაც ისე მიტაცებდა, რომ ხშირად ვიწყებდი იმის გარკვევას თუ რა მოხდა რეალურად, რაც სინამდვილეში არ წარმოადგენდა ჩემი კვლევის მიზანს.

თუმცა სურათის შეძლებისდაგვარად აღდგენა მაინც გამომადგა ნაშრომის შესავალ ნაწილში, სადაც უნდა დაასაბუთო თუ რატომ აირჩიე ესა თუ ის თემა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობასა და აქტუალობას. არ ვიცი არის თუ არა განსაზღვრული შესავალი ნაწილის მოცულობა, თუმცა, ჩემი რეკომენდაციით, როდესაც ნაშრომი საშუალოდ 30 გვერდიანია, შესავალს 3-4 გვერდი უნდა დაუთმოთ.

ნაშრომზე მუშაობისას თავადაც ჩავატარე მცირე გამოკითხვა და თქვენც გირჩევთ, თუ თემა ამის საშუალებას იძლევა. ეს დაგეხმარებათ უფრო მეტად გაამდიდროთ საკუთარი კვლევა და ის არა მხოლოდ კონტენტ ანალიზს, არამედ სულიერ წყაროებსაც დაეყრდნოს. აქვე აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. ექსპერტის მოსაზრების ჩართვაც. ეს ნაშრომსაც გაამრავალფეროვნებს და თქვენც დაგეხმარებათ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემაში. შესაძლოა, ჩაწეროთ იმდენი ადამიანი, რამდენზედაც ხელი მიგიწვდებათ. ასევე გამოიყენეთ საინტერესო ციტატები და ცნობილი ადამიანთა კონტექსტური მოსაზრებები.

მას შემდეგ, რაც მთლიან შავ მასალას თავს მოუყრით, დაიწყეთ ნაშრომის გაფორმება:

  • თავფურცელი
  • ანოტაცია
  • სარჩევი
  • შესავალი
  • ძირითადი ნაწილი (დაყავით ქვეთავებად)
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა

ასევე, მოამზადეთ power point პრეზენტაცია, რომლითაც უნდა წარსდგეთ კომისიის წინაშე. სანამ ნაშრომს ჩააბარებთ, კიდევ ერთხელ, გულდასმით გადახედეთ მას – რეცენზენტებს თვალში ხვდებათ გრამატიკული შეცდომები, არეული შრიფტები და ა.შ.

დაცვაზე ნუ ინერვიულებთ, იყავით თავდაჯერებული და მაქსიმალურად გამოავლინეთ ის ცოდნა, რომელიც წერის პროცესში დააგროვეთ.

წარმატებებს გისურვებთ :)

fitness girl

უკვე დიდი ხანია, ფიტნეს ცენტრში სიარული მინდა.

იმიტომ არა, რომ გავხდე, უბრალოდ სხეული ცოტათი მოდუნებული მაქვს და გამკვრივება ჭირდება.

დღეს, როგორც იქნა, თავი მოვაბი და პირველად ვეწვიე “prime fitness”-ს. ნუ, ამაში იმანაც შემიწყო ხელი, რომ 10 მარტამდე სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისთვის ძალიან მაგარი ფასდაკლების აქცია აქვთ: ერთთვიანი, ყოველდღიური აბონიმენტი 1დან 6 საათამდე – სულ რაღაც 50 ლარად !!!

მართალია, ეს ყველაფერი გლდანის ფილიალში ხდება, თუმცა მეტროთი 20 წუთში მიდიხარ, ანუ გზაში საშუალოდ ნახევარი საათი მჭირდება. დარწმუნებული ვარ, ვაკის ფილიალში მისასვლელადაც მეტი თუ არა, არანაკლები დრო დამჭირდებოდა (იქიდან გამომდინარე, რომ ავტობუსით ვიმგზავრებდი).

მოკლედ, დღეს მე და ქეთი გავუდექით გზას სათანადოდ აღჭურვილები. სულ რაღაც 10 წუთიანი რეგისტრაციისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თავი ამოვყავით კეთილმოწყობილ დარბაზში, სადაც 2 სართულზე უამრავი ტრენაჟორი იდგა. ინსტრუქტორმა შორენამ თითქმის ყველა მათგანი მოგვატარა, თავს ნამდვილ ფიტნესგოგონებად ვგრძნობდით : ))))

დაახლოებით 2 საათს ვვარჯიშობდით. ამის შემდეგ შეგვეძლო საუნაშიც შევსულიყავით, თუმცა საჭირო ატრიბუტიკა არ გვქონდა.

ხო, მართლა, სანამ წავიდოდი fb-ზე ვიკითხე, ბოტასები პარკით წავიღო თუ ჩაცმული წავიდე-მეთქი. ნუ, გულის სიღრმეში კი ვხვდებოდი, რომ არც ისე ეთიკური იქნებოდა ქუჩებმოვლილი ფეხსაცმლით ტრენაჟორებზე და დარბაზში ვარჯიში, მაგრამ მაინც…

ჰოდა ახლა მათთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ შეუერთდეს ამ აქციას, დავწერ თუ რა დაჭირდებათ იქ მისვლის შემთხვევაში (რომ შემდეგ ჩემსავით დილეტანტური კითხვები არ დასვან : ))

1. სპორტულები ( რა თქმა უნდა, ყველამ იცით, მაგრამ ფორმალობისთვის :  ))

2. ბოტასები ან კეტები (მაგრამ, მგონი, ბოტასები ჯობს)

3. პატარა პირსახოცი ან მანჟეტი ოფლის მოსაწმენდად. (სურვილისამებრ – იქაც გაძლევენ)

4. შლოპანცები და საცურაო კოსტუმი (საშხაპეში, საუნაში, ჯაკუზში)

5. დიდი პირსახოცი ტანის შესამშრალებლად 4 პუნქტში აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგი მოხმარებისათვის : ))) (იგივე, რაც მესამეში)

6. წყალი პატარა ბოთლით ( მე და ქეთის გვეგონა, რომ არ შეიძლებოდა წყლის დალევა ვარჯიშისას, თუმცა ინსტრუქტორმა გვითხრა, პირიქით, აუცილებელია მცირე დოზების მიღებაო)

უშუალოდ რეგისტრაციის დროს კი დაგჭირდებათ სტუდბილეთი/მოსწავლის ბარათი, რომელზეც მითითებული იქნება თარიღი (ანუ, არ უნდა იყოს ვადაგასული), ასევე პირადობის მოწმობა, 50 ლარი და + საშვის 5 ლარი.

მგონი, არაფერი გამომრჩა. შემოგვიერთდით : ))