Updates

უკვე იმდენი თვე გავიდა ჩემი უკანასკნელი პოსტიდან, აღარც ვიცი რა უნდა მოვყვე. ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და, რეალურად რომ გესაუბრებოდეთ, ალბათ, რამდენიმე საათს გაუჩერებლად ვილაპარაკებდი (ეს, როგორც წესი, არ მახასიათებს, მაგრამ მაინც).

liv

ბოლოს სად გავჩერდით? დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე და დღემდე ასეა. ნახევარი წელი გავატარე ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში. უფრო სწორად, საძინებელში :) ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სახლში ძალიან გვიან მოვდივარ ხოლმე, თუმცა ეს დრო მაინც იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ აქაურობა ძალიან შემიყვარდა.

რა იცვლება? ბოლომდე მეც არ ვიცი რატომ, თუმცა გადავწყვიტე ახალ ბინაში გადასვლა და მეგობართან ერთად ცხოვრება. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია, რომლამდეც სულ რაღაც 1 თვე მაშორებს. Flatmate-ები აქამდეც მყოლია და თანაც 5! მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ EVS მხოლოდ რეპეტიცია იყო დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის. მაშინ არ მიწევდა კომუნალურებზე, დოლარის ვალუტაზე და ასეთ რამეებზე ფიქრი. დღეს კი უკვე ვიცი, თუ შემთხვევით დენის ფულის გადახდა დამავიწყდა, სახლში მოსულს თავის მოწესრიგება სანთლის შუქზე მომიწევს. (დიახ, ეს ერთხელ მოხდა და, სხვათა შორის, იმ ღამეს ადრე დავიძინე : )

სხვა რა ხდება? ამ ექვსთვიან მონაკვეთში ახალი და, შეიძლება ითქვას, საოცნებო სამსახური დავიწყე. შარშან ამ დროს გადავწყვიტე, რომ მარკეტინგულ სააგენტოში მინდოდა მუშაობა. ცდა ჯინჯერსიდან დავიწყე, თუმცა მოგვიანებით რედბერიში გადავინაცვლე და უბრალოდ შეყვარებული ვარ მასზე!

რამეს ხომ არ დაამატებდით? კი! სულ რამდენიმე დღეა დავბრუნდი მოგზაურობიდან, რომლის მთავარი მიზანიც ნიქ ქეივის კონცერტზე დასწრება იყო. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ სასწაულს, რაც ვარშავაში 24 ოქტომბერს მოხდა. ჩემი საყვარელი მომღერალი თავის ჯგუფთან ერთად კიდევ უფრო შემიყვარდა.

ასეთი ამბებია ჩემკენ, თქვენ როგორ ხართ?

Advertisements

my crazy 2013

 

არ დაიჯეროთ რომ 13 თარსი რიცხვია! ყოველშემთხვევაში 20-იანთან ერთად და არც მათ დაუჯეროთ, ვინც გველზე ცუდ რამეს გეტყვით, იმიტომ რომ მე ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი, დატვირთული წელი მქონდა – ამოსუნთქვას ვერ ვასწრებდი, ისე ენაცვლებოდა ერთი სიახლე მეორეს.

ადრეც მითქვამს, რომ ჩემთვის ახალი წლის ათვლა 20 დეკემბრიდან იწყება, ამიტომ სწორედ ახლა დადგა დრო ჩემი 2013 შევაჯამო… (წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს პოსტი ძალიან, ძალიან ვრცელი იქნება! )

დაბადების დღეზე ჩემმა გოგოებმა საუკეთესო სიურპრიზი გამიკეთეს – ტ ე ლ ე ს კ ო პ ი !!! აჩემებული მქონდა, უნდა ვიყიდო-მეთქი, თუმცა აღარ დამჭირდა. ჰო, სხვათა შორის, მეც დავასაჩუქრე საკუთარი თავი და ცხოვრებაში პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი – თუ თქვენ პირადად არ მიცნობთ, შეიძლება გაგიკვირდეთ ეს აქ რა მოსატანი იყოო, მაგრამ დამიჯერეთ 1,83სმ გოგონების ცხოვრებაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.

მოკლედ, 20 დეკემბერს ვიყავი კიდევ უფრო მაღალი და უზომოდ გახარებული.

present and high heels

ისე მოხდა რომ ძველ წელს გავაყოლე ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობაც, რომელიც 2007 წელს დაიწყო და მართალია შემდეგ სტაბილურად არ გაგრძელებულა, თუმცა რაღაცნაირად მაინც მოიტანა 2012-მდე თავი. ზუსტად 31 დეკემბერს მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი დამთავრდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა დამთავრდა…

სხვათა შორის, მაშინ ცხოვრებაში პირველად შევხვდი ახალ წელს ოჯახის გარეშე, მეგობრებმა სახლი ვიქირავეთ კოჯორში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე გოგუამ მოკლე ჩართვა მოახდინა და გავიყინეთ მთელი ღამე :D ახლა მაინც რა კარგად მახსენდება ვერ წარმოიდგენთ – ჩვენი გიჟური ცეკვები, არაადეკვატური ♥ ლევან ჩიგოგიძე, რომელიც ასაფეთქებლებს გარედან სახლში ისროდა, მსოფლიოში ყველაზე კონცეპტუალურეე ნაძვისხე (როგორც ჩვენ შეგვეფერება), საკუბოვე ტახტზე 3 ადამიანთან ერთად ძილი (და, რა თქმა უნდა, ყოვლად “ისეთი” დიალოგები აქ რომ არ დაიწერება), ახალგაღვიძებულზე გაჩენილი კითხვა “ეს ხალხი ვინ არის” და ჰო, ჩემი იასამნისფერი იუბკა, რომელიც, ქუსლიანი ფეხსაცმლის არ იყოს, როგორც იქნა ჩავიცი (მეორე კურსიდან სახლში მედო და შესაფერის მომენტს ველოდი)

კონცეპტუალური ნაძვის ხე და იასამნისფერი იუბკა

მოკლედ, ასე მხიარულად და გამორჩეულად დაიწყო ჩემი 2013 წელი… 1-სა და 2-ში რას ვაკეთებდი მართლა არ მახსოვს (ალბათ, არც თქვენ), მაგრამ დადგა 3 იანვარი და მე ჩემს პირველ, ნამდვილ სამსახურში გავეშურე. თუ ჩემს ბლოგს კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ 15 წლიდან ხან რას მივედე, ხან რას, მაგრამ ყოველთვის რაღაც ვერ იყო რიგზე – “ელფში” კი ნამდვილი სამუშაო გარემო დამხვდა… იქ სულ 7 თვე გავატარე, მაგრამ, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე – გამიჩნდა ჩემი საოცნებო პარასკევები, საკუთარი ფული და, რაც მთავარია, საინტერესო საქმე… რატომაც არა, ოდესმე სიამოვნებით დავუბრუნდები საგამომცემლო სფეროს, წიგნების სამყაროს და ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, საიდანაც დავიწყე.

თამთა ჯაფარიძე - ელფის გამომცემლობა

ამავე პერიოდში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში დათო. ჰო გეუბნებით, სიახლეები ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებოდნენ მეთქი. თავიდან სერიოზულად საერთოდ არ ვუყურებდი უცნობ ბიჭს, რომელიც დილა-საღამოს სიმღერებს მახვედრებდა ინბოქსში. ის ძველი ურთიერთობაც სულ ახალი დასრულებული მქონდა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მჩვევია ხოლმე წარსულზე გადაყოლა და საინტერესო თავგადასავლებზე უარის თქმა (როგორც გოგუა იტყოდა, ტიპიური მშვილდოსანი ვარ)… მაგრამ არც ვნანობ, იმიტომ რომ ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში გადადგმული ყველა სერიოზული ნაბიჯი დათოს უკავშირდება. რადგან ამ პოსტს შესაბამისი ფოტოებით ვაფორმებ, ამას ვერ გამოვტოვებ:

მე და დათო

“ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”

უკვე რამდენი დავწერე, არა? არადა ჯერ მხოლოდ თებერვალს მივადექი – ირმას საფრანგეთში წასვლას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლი! უნივერსტეტში მისვლის პირველივე დღეებიდან ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა… გარეგნულად ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი სახელებიც კი ეშლებოდათ, იმდენად განუყრელები ვიყავით. ის, რომ მას ოცნება აუხდა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ სწავლას მის გარეშე დავასრულებდი და, საერთოდ, კიდევ 10 თვის განმავლობაში ვეღარ ვნახავდი (ახლა ეს 10 თვე უკვე წელიწადნახევრად იქცა)… გაცილებისას scrapbook ვაჩუქე, სადაც ყველა ის მოგონება ჩავწერე თუ ჩავაკარი, რომელიც ერთმანეთთან და ჩვენს საერთო მეგობრებთან გვაკავშირებდა. სურათი ჩვენი ბოლო შეხვედრიდან 2013-ში:

ირმას გაცილება

გაზაფხულდა!!

11 ახალ მეგობართან ერთად მოვიკიდე ზურგჩანთა, გამოვნახე ცოტა ფული, ცოტაც დრო და გავუდექი გზას სტამბულისაკენ, სადაც ჩვენს საყვარელ ჯგუფს კონცერტი უნდა გაემართა. ამ ქალაქთ ქალაქმა გადამრია და გამაგიჟა. სულ 3 დღე გავატარე იქ, მაგრამ ხანდახან ძალიან მენატრება ხოლმე… აუცილებლად რომ დავბრუნდები, ისედაც ვიცი – ბევრი რამე დამრჩა სანახავი… მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ

  • ცოცხლად მოვუსმინე Archive-ს (ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის)
  • ვესტუმრე ქესქინების ოჯახს (ე.ი. “უმანკოების მუზეუმს”)
  • ვიბოდიალე სტამბულის ვიწრო თუ ფართე ქუჩებში არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად

stambuli

აპრილში პირველად ვითამაშე “რა? სად? როდის?” – ჯერ უნივერსტეტში საკუთარ გუნდთან ერთად, შემდეგ კი კომაროვში დათოსიანებთან. აუ, იცით რა მაგარია??? მართალია სულ ჯამში 5 ან 6 თამაში ჩავატარე, მაგრამ უკვე მოწამლული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად განვაახლებ

რა? სად? როდის?

მაისში პირველად ვიჯომარდე და წავედი პახოდში. სულ მეგონა, რომ მსგავსი რამეები ჩემი საქმე არ იყო, რადგან კომფორტის მოყვარული ვარ, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი… ბევრჯერ მომისმენია, რომ ლაშქრობაში წასული გოგონები საკუთარ ჩანთას ბიჭებს ათრევინებენ, წუწუნებენ, მალე იღლებიან და ა.შ.

მართალია, ბირთვისი არც ისე შორსაა და სულ რაღაც 3-4 კილომეტრია ფეხით სასიარულო, თუმცა დასაწყისისთვის ვფიქრობ თავი ყოჩაღად გავართვი. ყველაზე კარგად მახსენდება კლდეზე აცოცების მომენტი… მგონი, სერიოზულად უნდა მოვკიდო ხელი ამ საქმეს. ან, მინიმუმ, ჰობის დონეზე მაინც. მოკლედ რომ ვთქვა, ერთი სული მაქვს კიდევ როდის მოვიკიდებ 60 ლიტრიან ზურგჩანთას და დასალაშქრად გავემგზავრები :)

პახოდი

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაისი არა მარტო ჩემთვის, სრულიად საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თვე იყო, თუმცა სხვადასხვაგვარი პრიორიტეტებით. მიხვდებით, ალბათ, 17 მაისზე ვსაუბრობ, თუმცა ამ დღის გახსენება ახლა მხოლოდ ერთი მიზეზით გადავწყვიტე – ჩემი სამსახურის ფანჯრები ზუსტად მოვლენების ეპიცენტრს გადაჰყურებდა. ვერანაირად მოვახერხე, გულგრილად ვმჯდარიყავი ან უბრალო ცნობისმოყვარეობა გამომეჩინა. პასიური მოქალაქე მანამდეც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემში ჟურნალისტის სული კი ნამდვილად მიძინებული იყო. დაახლოებით ვიცი, ეს რამაც გამოიწვია – იმედგაცრუებამ უნივერსიტეტში, ცუდმა გამოცდილებამ “ჯეონიუსში”, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 2013 წლის მაისში მე მივხვდი – პროფესია სწორად შევარჩიე!

მე - ჟურნალისტი

ზაფხული

ივნისში კი უკვე ვიცოდი, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლებოდა – EVS-ს ვგულისხმობ… მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი და დათოს ურთიერთობაც უნდა დასრულებულიყო, რადგან მალე მაინც მივდიოდი. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მეტ-ნაკლებად მარტივად იღებ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობას ძალიან რაციონალურად უდგები და სადღაც, რაღაც ემოცია გაკლია… სიმართლე გითხრათ, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი,  ჟრუანტელები თინეიჯერობის ასაკს გავაყოლე, მაგრამ ზაფხული რის ზაფხულია თუ შენი წარმოდგენები თავდაყირა არ დააყენა?

ჩემს მუცლებში პეპლები დაბრუნდნენ… ამ თემასთან მიმართებაში ვერ ვიქნები ისეთი უხვსიტყვიანი, როგორც პოსტის პირველ ნაწილში, თუმცა იყოს ეს ფოტო აქ:

მე და ანრი

ჩემს ბიოგრაფიაში 2013 წელს კიდევ იმიტომ ექნება მნიშვნელოვანი ადგილი, რომ უნივერსტეტი დავამთავრე. იქ გატარებულ ბოლო დღეზე საკმაოდ ვრცელი პოსტი მიწერია, ამიტომ აქ ბევრს აღარ მივედ-მოვედები და პირდაპირ მანტიებიან ფოტოს შემოგთავაზებთ (ისე კი, ამ მანტიების მოპოვება ნამდვილად იყო საგნების არჩევის ვირტუალური, ე.წ. “ვირთხების რბოლის” ხორცშესხმული მაგალითი, მაგრამ დაგპირდით ბევრს არ მივედ-მოვედები მეთქი და… : )

Graduation

ასევე უკომენტაროდ – ჩემი ახალი ტატუ ჰარი პოტერიდან:

ტატუ

ზაფხულის ყველაზე საინტერესო მოგზაურობა კი უკავშირდება სვანეთს, სადაც პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა… მაშინ ისიც ვთქვი, აუცილებლად დავწერ-მეთქი ამაზე, მაგრამ დღემდე ვერ მოვაბი თავი. რა გითხრათ? ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, როგორ ცხოვრობდა და კიდეც ცხოვრობს მთის ხალხი!

სვანეთი

შემოდგომა

2013 წლის ყველაზე მოულოდნელი მოვლენა ჩემთვის მაინც ინსომნიაში მონაწილეობის მიღება იყო… სულ შემთხვევით დავწერე და გავაგზავნე, უძილობისგან შეწუხებულმა : ) მერე კი რა მოხდა? – ძალიან, ძალიან საინტერესო პროექტის ნაწილი გავხდი: “Book city”-ში გათენებული ღამე, ინტერვიუები, შეხვედრები, წიგნის პრეზენტაცია, ავტოგრაფები…

დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემი სახელი წიგნში წერია – მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არსებობს კრებული სახელად “ინსომნია” და მასში თამთა ჯაფარიძის ორი მოთხრობა “თმები” და “სხეულის თავისუფალი ვარდნაა” შეტანილი :)

insomnia

ბოლოს კი, EVS – ჯერ ერთი თამთა წავიდა საფრანგეთში, რამდენიმე დღეში კი მე – რუმინეთში… ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანებისგან და სამშობლოსგან ათასობით კილომეტრი მაშორებს, მაგრამ ბევრჯერ დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ კარგად ვარ და მიხარია, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი…

მე, რუმინეთი

ამ ყოველივეს შემდეგ, როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო და ვიწუწუნო? თან აქ ჩამოთვლილი ფაქტები ხომ სინამდვილეში სრული სურათიც არ არის? – ნებისმიერი ისტორიის უკან იმდენი ვინმე და რამე დგას:

ჩემი ახალი მეგობრები, ნაცნობები, ცოდნა, გამოცდილება, წარმატება თუ შეცდომები!

წელს მე მართლა მივხვდი, რომ გავიზარდე, ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ლინდგრენის წაკითხვა აღარ მომინდება ან ჰოგვორტსში მოხვედრაზე არ ვიოცნებებ?! არა, გავიზარდე როგორც ადამიანი და ამისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გზად შემხვდა ცხოვრებაში, ვინც ჩემგან რაღაც წაიღო და რაღაც დამიტოვა.

პოსტს კი ასე დავასრულებ- სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდორს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში… და რას პასუხობს ჰოგვორტსის დირექტორი და ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?

“”აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს”

ჰოდა, ამ ფრაზას ცოტა ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვისა და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მაშინ ვიტყვი, რომ მე ძალიან კარგად მესმის მისი.

ბრძენმა გველმა მართლაც ძალიან საინტერესო წიგნი დამიწერა. აი, 2014 წელს მომავალ ცხენზე კი, იმედია ჩემი ბიჭია ამხედრებული თბილი წინდებით ხელში, რადგან ღამ-ღამობით გაყინულ ფეხებს ჯერ კიდევ ვერაფერი მოვუხერხე :)

Monday Morning

 

როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი. აი, შემოვდივარ ხოლმე აქ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუ ახალი კომენტარი, ლაიქი ან ფოლოუერი მხვდება ხომ საერთოდ – სიხარულით ვივსები, მაგრამ ხანდახან უხერხულობის შეგრძნებასაც მიჩენს, უფრო მაშინ, როცა ჩემი ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები კითხულობენ. ნუ, განსაკუთრებით, დედაჩემი, რომელიც მერე სულ იწყებს ამა თუ იმ თემის განხილვას ჩემთან… ერთხელ ისიც მახსოვს დაბადების დღეზე ვიყავი და შევხვდი ერთ გოგოს, რომელსაც ისე რა ვიცნობ, ჰოდა თითქმის ყველაფერი იცოდა ჩემზე. ანუ, ისე გამოდის, თითქოს უცხო ადამიანებისთვის წერა უფრო მსიამოვნებს, მაგრამ რომ დავუფიქრდე, მთლად ეგრეც არაა და ზოგჯერ მწყინს კიდეც, თუ ჩემი მეგობრები არ მკითხულობენ.

ახლა რაც შეეხება აქაურ ამბებს. გუშინ საღამოს ჩამოვიდა რუთა – მეშვიდე და ჯერჯერობით საბოლოო მოხალისე ჩვენს სახლში. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე კარგი განწყობა გვაკლდა მეთქი, მაგრამ ასე მგონია, მან კიდევ უფრო მეტი დადებითი ენერგია და მხიარულება შემოიტანა – ხმამაღალი, გულიანი სიცილი, ბრჭყვიალა თვალები, პოზიტიური შეხედულებები ცხოვრებაზე. ყველა ჩვენგანზე უფროსი და გამოცდილია, მოხალისეობაც მისთვის ახალი ხილი არ არის. მოკლედ, მჯერა, მასთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს…

დღეს ორშაბათია – რაც ნიშნავს იმას, რომ მე და ჰენი დილით ძალიან, ძალიან ადრე ვდგებით. როდესაც არ ვმუშაობდი და არდადეგები მქონდა, ხანდახან ამ დროს ვიძინებდი ხოლმე თბილისში. მე თვითონაც მიკვირს საკუთარი თავისგან, რომ საერთოდ არ გამჭირვებია ამ რეჟიმზე გადაწყობა. თუმცა ის კი ნამდვილად მიხარია, რომ ეს კვირაში მხოლოდ სამჯერ ხდება და დანარჩენი დღეების განმავლობაში თავისუფალი გრაფიკი მაქვს.

morning

ჩემს ინსტაგრამზე დავდე ეს ფოტო. მატარებლის ფანჯრიდან გადავიღე, როცა სამსახურში მოვდიოდი. ძალიან ლამაზია ხოლმე გათენება. სახლიდან რომ გამოვდივართ, ძირითადად, ბნელა, მაგრამ ნელნელა, ასე ცის კიდეებს ცეცხლი ეკიდება და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ჩვენი ვაგონი სწორედ მისკენ მიექანება (თუმცა, მთლად გაქანებასაც ვერ დავარქმევთ მატარებლის სიჩქარეს).

უკვე მესამე კვირა დაიწყო ამ გზას გავდივარ, მაგრამ სულ არ მომბეზრებია. რა თქმა უნდა, ჩემი ერთერთი საყვარელი საქმიანობით, ადამიანებზე დაკვირვებით ვარ დაკავებული. ზოგიერთ მათგანს უკვე ვცნობ კიდეც. ვიცი, რომელ გაჩერებაზე ამოვლენ, რომელზე ჩავლენ.

რადიოში, ჯერჯერობით, საინტერესოს არაფერს ვაკეთებთ. წესით, პირველი დეკემბრიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი პროექტი, ამიტომ უფრო ვრცლად შემდგომში დავწერ.

Sziastok :)

something new

 

ყველაზე მეტად, ალბათ, რუტინას ვერ ვიტან. არადა რა რთულია მისგან თავის დაღწევა.

ამაზე ადრეც ბევრჯერ მიფიქრია და დამიწერია. ის რაც თავიდან სიახლეა, შემდეგ თუ სისტემატიურ ხასიათს იღებს, თავისთავად რუტინაში გადაიზრდება.

ასე იყო, მაგალითად, უნივერსიტეტი. 4 წლის წინ როგორ მიხაროდა იქ ჩაბარება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ახლა კი, თითქოს, ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ და მოვიშორებ. თან ის ხიბლიც დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა – ბავშვები რომ ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე, მზიურში, იპოდრომზე, დასასვენებლად ან უბრალოდ პირველი/მეექვსე კორპუსის წინ ვიკრიბებოდით, ვთამაშობდით, ვერთობოდით და გვიხაროდა.

მოხუცივით ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა წარსულში დარჩა.

ახლა ჩემი დღეები ასეთია: სამსახური, უნივერსტეტი, საღამოს მეგობრებთან ერთად “სადმე” გასვლა ან სახლში ჯდომა, facebook, facebook დიდი დოზით… რამდენიმე საღამოა ჩვეულებად ვაქციე, ძილის წინ 1 კარგ ფილმს მაინც ვუყურო ხოლმე. წიგნები კი, აწყვია თავისთვის, ფურცელ-ფურცელ მივუყვები უკვე რამდენი ხანია, მაგრამ ისე არა და ვერა, მე რომ მინდა და მე რომ ვიცი…

ახლა ისე გამოდის თითქოს მუდმივად უკმაყოფილო ვარ. არადა, არ არის ეგრე: სამსახურში კარგი გარემოა, უნივერსტეტში ხანდახან მაინც ვხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც მენატრებიან, მეგობრებთან ერთადაც სადაც არ უნდა ვიყო, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები რომ ცხოვრებაში დადგა ის მომენტი, როცა ისევ სიახლე მჭირდება.

ახალი გარემო? ახალი ადამიანები? ახალი ინტერესები?

კი, კი, კი !

ბოლო ეტაპი

პირველი პოსტი

მეორე პოსტი

მესამე პოსტი

“ელფის” პროექტი მესამე-მეოთხე დღეს დავწერე და მივიტანე გამომცემლობაში. ვნერვიულობდი, ჰო არ დამაგვიანდა-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირველი ვიყავი. დირექტორმა გადახედა, რამდენიმე იდეამ დააინტერესა, წერის კულტურაც შემიქო ( ^_^ ) და მითხრა, 1 კვირა სხვებსაც დაველოდები და მერე გადავწყვეტ ვინ ავიყვანოო…

სახლში დავბრუნდი და გადავწყვიტე “ლიტვური საცხობისთვის” მე თვითონ დამენებებინა თავი, რადგან მისკენ გული მაინცდამაინც არ მიმიწევდა. ერთადერთი ვარიანტი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის გამომცემლობაში მუშაობა ბევრად საინტერესო იყო. რაღაც მომენტში ვრისკავდი, რადგან არ მქონდა იმის გარანტია, რომ “ელფიდან” დამირეკავდნენ, მაგრამ მაინც ვუშვებდი ამის შესაძლებლობას და არ მინდოდა მერე უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი.

წარმოიდგინეთ, გასაუბრებიდან 1 კვირაში საცხობს რომ ავეყვანე და რამდენიმე დღეში ელფსაც დადებითი პასუხით დაერეკა. მერე ან მე უნდა დამწყვეტოდა გული, ან ლიტვურისთვის უნდა გამეფუჭებინა საქმე. როცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეგობრებსა და დედას ვუთხარი, თითქმის ყველამ მირჩია, რომ უარი არ მეთქვა და მარტო მას შემდეგ წამოვსულიყავი, რაც ელფიდანაც დადებით პასუხს მივიღებდი, მაგრამ მე ჩემს ინტუიციას მოვუსმინე და, როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცი.

ელფი

“ელფიდან” დამირეკეს და საბოლოო დეტალებზე შესთანხმებლად დამიბარეს. 22 დეკემბერს წიგნის პრეზენტაცია ჰქონდათ “ლიბრაში”. იქ რომ მივედი დირექტორმა ჩემი თავი ყველას PR მენეჯერად გააცნო, სამსახურში კი ახალი წლის შემდეგ, 3 იანვარს გავედი.

ჰოდა, ერთი კვირაა, რაც აქ ვარ. ძალიან მომწონს, უკვე ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე და საქმიანი ჩვევებიც შევიძინე. თანამშრომლებსაც კარგად ვეწყობი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე კარგად და პოზიტიურად გაგრძელდება. მინდა, რომ კომპანიასაც გავუმართლო ის იმედები და მოლოდინები, რომლის მიხედვითაც სხვა კანდიდატებს შორის შემარჩია.

ამ ყველაფერს, ალბათ, ისედაც მოგიყვებოდით, მაგრამ თუ ჩემი ისტორია ერთ ადამიანს მაინც აუმაღლებს მოტივაციას და იხსნის იმ ფიქრებისგან, რომელზეც ჩემს პირველ პოსტში ვწერდი, ძალიან გამიხარდება.

მადლობა ყურადღებისთვის : )

გასაუბრებები

პირველი პოსტი

მეორე პოსტი

გადავწყვიტე სათაური შემეცვალა. “მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს” ჩემი მხრიდან ძალიან ამბიციურად ჟღერს. მე, უბრალოდ, გამოცდილებას გიზიარებთ. აგიმაღლებთ თუ არა მოტივაციას, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

დაახლოებით 3 კვირა ისე გავიდა, არავინ გამომხმაურებია. თუმცა ერთ დღეს ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა – “ელფის გამომცემლობაში” გასაუბრებაზე დამიბარეს. გასაუბრებებზე, როგორც წესი, არ ვნერვიულობ ხოლმე. ზოგადად, არ ვარ ნერვიული ტიპაჟი. გამოცდებზეც კი, ვიცი-არვიცი, ჰარიჰარალოთი შევდივარ : ))

აღმოჩნდა რომ “ელფის” ოფისი ჩემი სახლიდან სულ რაღაც 100 მეტრში, ჩემსავე ქუჩაზე იყო. ოდნავ უფრო კლასიკურად ჩავიცვი, ვიდრე ჩვეულებრივ მაცვია ხოლმე. გადაპრანჭვით თავი არ მომიკლავს, როგორც ვიცი, არცაა რეკომენდირებული (ნუ, გარკვეული შემთხვევების გარდა :D ). ოფისში ორი ქალი დამხვდა – დირექტორი და ბუღალტერი. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, მე ჩემი თავი გავაცანი, მათ – კომპანია. ბოლოს იმაზე შევთანხმდით, რომ კონკრეტული თემის შესახებ მინიპროექტი დამეწერა და როდესაც მზად მექნებოდა, მიმეტანა.

მეორე დღეს “ლიტვური საცხობიდანაც” დამირეკეს. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, იქ მიღწევა ცოტათი რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მივაგენი. შევედი თუ არა შენობაში, საცხობის სითბომ სათვალეები დამიორთქლა. (ეს მნიშვნელოვანი დეტალი არ არის, მაგრამ როცა ზეპირად ვყვები, სასაცილო გამოდის ხოლმე :  )). მოკლედ, გასაუბრება იქაც რამდენიმე ეტაპიანი აღმოჩნდა. პირველ დღეს მარკეტინგის მენეჯერს შევხვდი, მეორე დღეს კი კომპანიის ლიტველ დირექტორს.

და აი, დადგა ის მომენტი, როცა მეც ვინერვიულე – ინგლისურთან არც ისე მწყრალად ვარ, თუმცა ამ ენაზე გასაუბრება ჩემთვის მაინც ნაკლებად კომფორტული აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, დირექტორმა ინგლისურიც შემიქო და შემომთავაზა, რომ 1 კვირის განმავლობაში დავკვირვებოდი, შემესწავლა მათი პროდუქტი და შემდეგ პრეზენტაცია ჩამეტარებინა, რომლის მიხედვითაც ახალ თანამშრომელს შეარჩევდა. იმავე დღეს წამიყვანეს “ნიკორაში”, დეგუსტაციის აქციაზე.

მოკლედ ასე, ორი პოტენციური სამსახური გამომიჩნდა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერი იყო, რადგან ერთ შემთხვევაში პროექტი, მეორეში კი პრეზენტაცია უნდა მომემზადებინა.

To be Continued

მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს (გაგრძელება)

წინა პოსტი

მოკლედ, ასეთ ფიქრებში ვიყავი და პარალელურად ყოველდღე ვამოწმებდი დასაქმების საიტებს.

მათი საშუალებით არაერთი სამსახური მიპოვნია. სულ პირველად, მეორე კურსზე რომ ვიყავი – საინფორმაციო სააგენტო “ჯეონიუსში” დავიწყე მუშაობა. მაშინ მივხვდი, რომ ჟურნალისტობა არ მინდოდა და 2 თვეში წამოვედი.

მერე სადაზღვეო კომპანია “ალდაგში” მოვხვდი, გაყიდვების მენეჯერად. ტრენინგებიდანვე წამოვედი, მივხვდი რომ არც ეს იყო ჩემი საქმე. მოგვიანებით, ამაში დავრწმუნდი კიდეც – შარშან გაზაფხულზე ვოვოვო-ს გაყიდვებში ვიმუშავე ერთი თვე და იქიდანაც წამოვედი.

ერთდღიანი სამსახურიც მქონდა – პატარა სასტუმროში ამიყვანეს, ადმინისტრატორად, მაგრამ სახლში მოსულმა ავწონ-დავწონე და უარი ვუთხარი.

კიდევ იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა – “იდენტობის” ჟურნალისტი, “თელიანი ველის” პრომოგოგონა. ერთხელ თავი “ორიფლეიმშიც” კი ამოვყავი :D

ჰოდა, ბოლოს მივხვდი, რომ აღარ უნდა მეძებნა ისეთი ვაკანსიები, რომელთა მიმართაც თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ამდენხნიანი წოწიალის მერე იმაზეც ჩამოვყალიბდი, თუ რა მინდოდა კონკრეტულად – ეს იყო საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) და მომავალში მარკეტინგი. მაგრამ არ მქონდა გამოცდილება, რომელსაც ითხოვდა ყველა დამსაქმებელი.

ერთ დღესაც, ეს იყო სადღაც ნოემბრის მიწურულს, ერთდროულად სამი საჩემო ვაკანსია ვიპოვე: “ელფის გამომცემლობა” და “ლიტვური პურის საცხობი” PR მენეჯერს ეძებდნენ, Tradeline კი მარკეტინგის დირექტორის ასისტენტს. ამ ვაკანსიების საჩემოობა იმაში მდგომარეობდა, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს არ “ბრაკავდნენ”.

ჰოდა, ბევრი არ მიფიქრია, ჩემი CV სამი მიმართულებით გავუშვი…

To be Continued