რა კარგად გამოიყურები :)

რატომღაც მომინდა, რომ დამეწერა იმ დღეებზე, როდესაც კარგად გამოიყურები. ამას ყველა აღნიშნავს და პირველ რიგში შენ ამჩნევ, როდესაც დილით იღვიძებ, სარკეში იხედები და, ვუალა: შენი კანი და თმა თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია.

skin

პირველი არ ვარ ვინც ამას ამბობს, მაგრამ ჩემი თავიც და ბევრი სხვაც მაკიაჟის გარეშე ბევრად უფრო მომწონს, თუმცა ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ვახერხებ ტონალურის გარეშე გარეთ გასვლას.

ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, უძილობაა. ახლა რომ ღამის 4 საათია ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დილით იდეალური კანით ვერც ერთ ვარიანტში ვერ გავიღვიძებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვალების უპეები მექნება ჩაშავებული და მომიწევს კონსილერით გავიღიავო.

ყოველდღე ვპირდები ჩემს თავს, რომ ადრე დავიძინებ, მაგრამ სანამ უკიდურესად არ დავიღლები, ამას ვერ ვახერხებ. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვცადო და ამ ყველაფერს ერთგვარი ჩელენჯის ფორმა მივცე. წლების განმავლობაში წაკითხული და გაგონილი რჩევებიდან 3 მაინც რომ გავითვალისწინო, იქნებ შედეგიც დავინახო და წლების შემდეგ ჩემს შვილიშვილებს “სილამაზის საიდუმლო” გავანდო.

ცოტა ხნით დავივიწყოთ  თავის მოვლის ძვირადღირებული საშუალებები, ხილ-ბოსტნეულისგან სახლში დამზადებული ნიღბები და ვიზიტები კოსმეტოლოგთან. ალბათ, ეს ყველაფერი ვერაფერს გიშველის თუ ძირითად რუტინას არ ასრულებ:

  1. გძინავს 7-8 საათი მაინც და ისიც თავის დროულად – ახლა რომ დავიძინო და შუადღისას გავიღვიძო, ალბათ, არ ჩაითვლება. იდეალური დრო 12-დან დილის 8-მდეა.
  2. სვამ საკმარისი რაოდენობის წყალს – ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავ საკუთარ თავს. დღის განმავლობაში 2,5 ლიტრს მაინც ვიღებ, თუმცა მაინტერესებს, იქნებ ონკანის წყალი სულაც არ ითვლება?
  3. არ ეწევი – No comment.
  4. ერიდები ულტრაიისფერ სხივებს – სოლარიუმში არასოდეს ვყოფილვარ. მზეს რაც შეეხება, მგონი, პირიქით, მისი ნაკლებობა მაქვს. ზამთარში განსაკუთრებით, თითქმის მთელ დღეს indoor ვატარებ. თუმცა, უცოდველი ნამდვილად არ ვარ – ზაფხულობით გასარუჯად არანაირ დამცავს არ ვიყენებ და SPF-ის შესახებ საერთოდ 2 თვის წინ გავიგე.
  5. მაკიაჟს ყოველთვის იშორებ სახიდან – ნამდვილად ასეა! როგორც კბილების გამოხეხვის გარეშე ვერ დავიძინებ, ასევე მაკიაჟით ვერ ჩავწვები საწოლში.

ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ჩემი გამოწვევა მომდევნო 10 დღის განმავლობაში. შედეგს აუცილებლად გაგიზიარებთ და დამატებით რჩევებსაც სიამოვნებით მოვისმენ. იქნებ მე რაიმე გამომრჩა?

 

 

Advertisements

დილის ბოდვა

7 საათი ხდება, დილის.

ცოტათი მეძინება, მაგრამ ვიცი, არ არსებობს იმაზე დიდი სატანჯველი, ვიდრე 2 საათში გაღვიძება და თბილი საწოლიდან გამოძრომაა – ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ დავიძინო. სახლში ისედაც გვიან მოვედი, თანამშრომლებთან ერთად ვიყავი. მერე მეგობარს ველაპარაკებოდი დიდხანს. რაღაც საერთო დარდები გვაქვს და ვუზიარებთ და ვუზიარებთ ერთმანეთს. ხან მე ვამშვიდებ, ხან ის და ხან ორივე ვთანხმდებით, რომ აზრი არ აქვს.

მოწყენილი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს ვიცინი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ვიტირე კიდეც. ადრე მაინც უფრო ხშირად ვტიროდი. თავს მატკიებს, მაგრამ საჭიროა დასაცლელად. ისევე როგორც ყვირილი – აი, რომ დადგე და კედლებს უყვირო ან გავარდე ქუჩაში და იღრიალო ბოლო ხმაზე. გამვლელები შემოგხედავენ და იფიქრებენ რომ გიჟი ხარ.

scream

ისე ჩვენ ყველანი გამვლელები ვართ – ქუჩებშიც და ერთმანეთის ცხოვრებებშიც. ამ ფრაზას ვუტრიალებ უკვე 5 წუთია, მაგრამ ვერ ვაგრძელებ. ჩემი ფიქრები სხვაგან ხტებიან. მეძინება და ვბრაზდები ჩემს თავზე, ადრე რომ არ დავწექი. ყოველდღე ვდებ პირობას, რომ რეჟიმში ჩავჯდები, ზოგჯერ ვახერხებ კიდეც, მაგრამ მერე ისევ ღამეების თენებას ვიწყებ.

დღეს ჩემს მოჩვენებაზეც გავბრაზდი და ეგრევე გამახსენდა მისი ნაკვთებიც, ხმაც და ყველაფერი. ასე ვერთობი. დიდი ხანია მივხვდი, რომ სხვანაირად არ შემიძლია. მჭირდება “პერსონაჟები” და არა უბრალოდ “გამვლელები”.

მეძინება და ამ მომენტში საერთოდ არ მგონია, რომ ადამიანები ცხოვრების 1/3-ს ძილში ტყუილად ვატარებთ.

 

 

პირდაპირი ჩართვა ჯოჯოხეთიდან

 

ახლა წესით უნდა მეძინოს. იმიტომ არა, რომ ღამეა. უბრალოდ ძალიან მეძინება, მაგრამ სტუმრად ვარ და ჩემი მასპინძელი საოცრად ხმამაღლა ხვრინავს – აი,  ვინ არის ნამდვილი ადამიანი ორკესტრი :| (მისი ვიბრაცია ბოლომდე აწეულ ყურსასმენებშიც კი აღწევს)

ხვრინვა ჩემთვის საძულველი რამეების ტოპათეულშია. ამ დროს თავს ყოველთვის უსუსურად ვგრძნობ და მგონია, რომ აღარასოდეს გათენდება. შეიძლება ჩემი პირადი ჯოჯოხეთი ასეთიც კი იყოს – მე ვერასოდეს ვიძინებდე, ეშმაკები კი გამუდმებით ხვრინავდნენ და ხვრინავდნენ…

დღეს კიდევ იცით, რისი შემეშინდა? ჩაიში შაქარს ვიყრიდი და უცბად დავეჭვდი, მარილი არ იყოს-მეთქი, ჰოდა გავსინჯე და თითქოს გემო ვერ გავარჩიე თავიდან: თან ტკბილიც იყო და თან მლაშეც… ბებიაჩემი სულ იმას იძახის, მირჩევნია კიდურები მომაჭრან ან დავყრუვდე, ვიდრე თვალის ჩინი დავკარგოო… ისე, გემოს შეგრძნება მხედველობასთან მართლა რა მოსატანია? ან რომელი გურმანი მე ვარ, რომ გამოვიდე თავი. და საერთოდ რა სიგიჟეა ეს არსაიდან მოსული შიშები ?

შიშებზე ჩემი ფობიოგრაფია გამახსენდა.  სულ მინდა ხოლმე ბლოგზე დავდო, მაგრამ ხან მავიწყდება, ხან კიდევ გამომცემლობისგან ნებართვის აღება მეზარება.  იმ დღეს გაგრძელების იდეა მომივიდა თავში. მთლად გაგრძელებასაც ვერ დავარქმევ, სულ სხვა ისტორია უნდა იყოს, მაგრამ იმავე ხაზით, ანუ თმებზე.

პრეზენტაციაზე თქვა კოშკამ, ვერასოდეს წარმოვიდგენდო ქუჩაში თუ დადის გოგო, რომელსაც თმების ეშინიაო და ხალხი ჩემკენ გამოახედა. ალბათ, სანამ მოტრიალდებოდნენ იფიქრეს ვინმე თავგადაპარსული დახვდებოდათ. მე კი ვიდექი მხრებს ჩამოცდენილი კულულებით და ვუღიმოდი:

მოგატყუეთ, მოგატყუეთ – დაცვენილი და მოჭრილი თმების მართლა კი არ მეშინია, უფრო მეზიზღება: პირსაბანში, საპონზე, სველ იატაკზე, ავტობუსში შენ წინ მჯდომი ქალის ქურთუკზე, სკოლასთან 50 თეთრად ნაყიდ ფენოვან ხაჭაპურში…

ემანუელი აღარ ხვრინავს. ჯობს, მოვასწრო და დავიძინო. დილის 5 საათი და 30 წუთია და არაფერიც არ არის კარგად. პუტკუნა და ლამაზი იუსტინას გვერდზე, კედელსა და მის მკერდს შორის საწყლად ვარ ჩაკვეხებული და გული მისკდება იმის წარმოდგენაზე, რომ რამდენიმე საათში ხანგრძლივ და ცივ გზას უნდა დავადგე. 3 დღე – 3 ჰიჩჰაიკი.

ჰოდა, იმას ვამბობდი, მაინც ჯობს დავიძინო-მეთქი. ჩემს შიშებზე, მოგზაურობაზე და კიდევ როგორ გავატარე ეს გრძელი ღამე, შემდეგ პოსტში გიამბობთ.

გამოუფხიზლებელი პოსტი

ბოლოს როდის გავიღვიძე ასე ადრე და თან ასე გამოძინებულმა არ მახსოვს.

მგონია, რომ ძილი დავამარცხე და მიხარია!

ჯერ მთელი დღე წინ მაქვს, რამდენი რამე შემიძლია გავაკეთო. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.

თუმცა, ძილს ორგანიზმი რომ არ მოითხოვდეს, სიზმრების გამო მაინც მეყვარებოდა.

მე არ ვიცი, როგორი სიზმრები გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩემი სიზმრები ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, ჩახლართული და გაუგებარია.

იქ თითქოს ყოველღამე თავიდან იბადები და ცხოვრობ.

ამ ყველაფერს აშკარად ეტყობა ცოტა ხნის წინ გაღვიძებული ადამიანი რომ წერს. ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზდლი ბოლომდე, მაგრამ მთავარია, რომ აღარ მეძინება.

თქვენ?

 

Too Lazy Lady

ვეკოს პოსტი: too busy lady :)

მეც მოგიყვებით ჩემს ორშაბათზე, რომელიც, ერთი შეხედვით ძალიან გადატვირთულია, მაგრამ მე მაინც სიცარიელის შეგრძნებას მიტოვებს.

რატომ? გეტყვით, ოღონდ ჯერ განრიგს გავეცნოთ:

11 საათზე პირველი ლექცია მეწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაგვიანება არ მინდა, 10საათზე მაინც უნდა ავდგე.

11,12,1,2 აუდიტორიიდან აუდიტორიაში და შემდეგ 2 საათიანი ”ფანჯარა”, რომელსაც, ვფიქრობდი, რომ პრაიმ ფიტნესში გავატარებდი, მაგრამ შეუძლებელია. გზა აქეთ-იქით 1 საათი, გახდა-ჩაცმა 10 წუთი მაინც და ვარჯიშის მერე გადავლებაც ხომ მინდა… მოკლედ, ვერ ვასწრებ და შესვენებას მეექვსე კორპუსის წინ, ბირჟაზე ან ”2 ლულაში” ვატარებ :)

5ზე ისევ ლექცია მაქვს, რომელიც 7მდე გრძელდება, მაგრამ მე 6-ზე მიწევს გამოსვლა და გაუ-სკენ მივსეირნობ. 7-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე იქ ვარ და მერე მოვდივარ სახლში.

საქმე კი იმაშია, რომ ეს ორშაბათის იდეალური ვარიანტია. სინამდვილეში, მე დილით გაღვიძება მეზარება, ამიტომ ვაცდენ მეტყველების კულტურას და პიარს. პირველზე, როგორც იქნა, წამოვიზლაზნები და კომპიუტერთან გადმოვეტყეპები. შიმშილი რომ შემაწუხებს, ვინმეს დავურეკავ (ძირითადად, ნუცას) და ჩავდივარ ”2 ლულაში” იმ იმედით, რომ 5-ზე მაინც შევალ საზღვარგარეთის მედიაზე, მაგრამ მერე მივდივარ მეექვსესთან და ვფიქრობ:

”ერთ საათში მაინც უნდა გამოვიდე და რა აზრი აქვს? ” – ამიტომ იმ ერთ საათს გარეთ უსაქმურობაში ვატარებ. აი, გაუ-ს ნამდვილად არ ვაცდენ. აქ, ალბათ, რამდენიმე მიზეზია :

  1. იქ ყოფნა მიყვარს
  2. სულ მახსოვს, რომ ფული მაქვს გადახდილი
  3. 5-ზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სერტიფიკატს მიიღებ და არა დიპლომს

მოკლედ, ასეა რა… არადა, ამ სემესტრში ისეთი საინტერესო საგნები მაქვს :( გული მწყდება, რომ ჩემი არეული რეჟიმის გამო დილით ვერ ვდგები…

არა, დღეს ნამდვილად ადრე დავიძინებ!!!

P.S: ისე  ჩემი CV დავაგზავნე რამდენიმე კომპანიაში და ბლოგის მისამართიც მითითებული მაქვს. ამ პოსტის მერე რამე შანსები მრჩება ნეტა?   :) :) :)

სანამ შენ (ტკბილად) გეძინა…

რა თქმა უნდა, ვერ ვიძინებ…

ჯერ ერთი იმიტომ, რომ დღეს გვიან გავიღვიძე

და უფრო მეტად იმიტომ, რომ ძალიან მაწყენინეს.

მაწყენინეს, რა… მაწყენინა.

მერე ტკბილი ძილი მისურვა და

ტკბილად დაიძინა…

ახლა sex and the city-ს ჩავრთავ. ერთადერთი სერია მაქვს კომპიუტერში, არც ვიცი, რომელი… მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქ ვიპოვი პასუხს ჩემს კითხვებზე და თავს ცოტათი უკეთ ვიგრძნობ, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან ძლიერი ვარ და რამდენჯერაც არ უნდა მატკინონ გული, მე მაინც წამოვდგები ფეხზე და ჯიუტად გავაგრძელებ ჩემი წილი ბედნიერების ძებნას :)

”I’m looking for love. Real love. Ridiculous, inconvenient, consuming, can’t-live-without-each-other love.”

Carrie <3